10 ივლისი, 2014

განცხადება

მადლობას ვუხდით გუშინდელ დებატებში მონაწილე ყველა ტელევიზიას დებატების პირდაპირ ეთერში გადაცემისთვის, მადლობა მონაწილე ჟურნალისტებს საინტერესო შეკითხვებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდა გუშინდელ დებატებში მონაწილეობის საშუალება და შეკითხვების დასმისთვის საეთერო დრო პარიტეტულ საწყისებზე თანაბრად იყო განაწილებული, რამაც უზრუნველყო დებატების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. გუშინდელმა დებატებმა საზოგადოებას მისცა საშუალება,  შეეფასებინა თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამა თუ დაპირებები და გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნები. ვფიქრობთ, ეს დიდად დაეხმარება ჩვენს ამომრჩეველს 12 ივლისს საბოლოო, სწორი არჩევანის გაკეთებაში. კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა სხვა თვითმმართველ ქალქებშიც  მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ ტელევიზიებში გამართულ დებატებში, თუმცა, დასანანია, რომ რიგ შემთხვევებში,  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამოუცხადებლობის გამო დებატები არ შედგა. რაც შეეხება სხვა დაანონსებულ დებატებს, რომელშიც თითქოსდა თბილისის მერობის კანდიდატები მიიღებენ მონაწიელობას, არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საზოგადოებისთვის თავიდანვე  ცნობილი იყო  „ქართული ოცნების“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.  ჩვენ არ გვსურდა რომელიმე  ტელევიზიისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა და სწორედ ამიტომ ვითხოვდით შესაბამის ფორმატს, რომლის ფარგლებშც ყველა ტელევიზიას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნებოდა.  გარდა ამისა,  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბატონმა დავით ნარმანიამ,  გუშინდელი დებატების წინ, ტელევიზიებისთვის გაკეთებულ კომენტარში,   ოფიციალურად უარყო მისი  რაიმე დამატებით დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა.   ასე რომ, ნებისმიერი ანონსი დამატებითი დებატების გამართვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, მოვუწოდებთ ტელემაყურებლებს არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას და   არ შევიდნენ შეცდომაში.

10 ივლისი, 2014

კახა კალაძემ აჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი მხარდამჭერთა დარბაზში ინეტლიგენციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ჯავახიშვილის ქუჩაზე, დევნილთა, თამარის, ბაგრატიონისა და ე.წ. ჭაობის დასახლებებში. კახა კალაძე მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება თავისუფლად დააფიქსიროს თავისი აზრი. ჩვენ ერთად დავასრულეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ მაშინვე არ დავიწყეთ ნაციონალური მოძრაობის ჩამოშორება მმართველობიდან, როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, მაგრამ ამის კანონიერი უფლება არ გვქონდა. ჩვენ ვერ მოვიქცეოდით ისე, როგორც 2003 წელს მოიქცა ნაციონალური მოძრაობა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა. ყველაფერს აქვს თავისი დრო და დღეს მთავარი ბერკეტი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოვაშოროთ მმართველობას, თქვენს ხელში, ხალხის ხელშია. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებული, არჩევნების გზით, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

10 ივლისი, 2014

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ექსპერტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს და მედიას წინასაარჩევნო პროგრამის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებები გააცნო.  „თბილისი უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი. აქედან ჩვენ ორ მთავარ რამეს ველით: მეტი შემოსავალი ქალაქში და მეტი დასაქმებული ადამიანი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ შეხვედრაზე. დედაქალაქის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თბილისი იქნება უსაფრთხო ქალაქი, განხორციელდება საზოგადოების კეთილდღეობისთვის საჭირო ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პროგრამა, განვითარდება რეკრეაციული ზონები, აშენდება საბავშვო ბაღები და სპორტული მოედნები. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

09 ივლისი, 2014

შეხვედრა სტუდენტებთან

თქვენ სამშობლო გიშვებთ უმნიშვნელოვანესი მისიით და გელოდებათ სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილებს,- ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს. მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს საკმარისზე მეტი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, თუმცა ბევრ ახალგაზრდას საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალება არ აქვს. „სწორედ ამიტომ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, მისცეს მათ ცოდნის გაღრავების საშუალება იმ პირობით, რომ სინი სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანას მოახმარენ. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ემსახუროთ სამშობლოს და მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს. პრემიერმა სორბონას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საქმიანობის გასაგრძელებლად სამშობლოში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტები სამშობლოში დაბრუნების და საჯარო სექტორში საქმიანობის ვალდებულებას იღებენ, თავის მხრივ კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მათ შესაბამისი სამუშაო ადგილები დაახვედროს. „ჩვენ მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ. მე მჯერა ჩვენი ხალხის ნიჭიერების და მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა იქნება წელგამართული. ჩვენ ამ პროექტს გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი გვასახელებს“, - მიმართა პრემიერმა დაფინანსებულ სტუდენტებს. განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სტუდენტების შერჩევის კრიტეიუმების ობიექტურობასა და სამართლიანობაზე გაამახვილა ყურადღება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ. ნინო კობახიძემ მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ინიციატივითაც განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა. განათლების საერთაშორისო ცენტრმა, კონკურსის შედეგად 78 სტუდენტი შეარჩია, რომლებიც ცენტრის დაფინანსებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან. 

09 ივლისი, 2014

სოფელი დვაბზუ - გაზიფიცირება

09 ივლისი, 2014

შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

ჩვენ კომუნიკეს პროექტს უელსის სამიტის წინ აგვისტოში მოვამზადებთ და დარწმუნებული ვარ, მასში აისახება არა მხოლოდ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არამედ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი,–განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა ალიანსის მხრიდან საქართველოსთვის ინიცირებულ თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და განიხილეს უელსის ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. „პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ ორი ძირითადი მესიჯი. პირველი არის ის, რომ გვქონდეს რეალური პაკეტი უელსის სამიტზე და მეორე ის, რომ საქართველო მზად არის, განაგრძოს სვლა ნატო-ში ინტეგრაციასთან მაქსიმალური დაახლოებისკენ,“–აღნიშნა გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

09 ივლისი, 2014

აქცია „შეადარე“

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ, ახალგაზრდებთან ერთად, თბილისელებს წინასაარჩევნო ბუკლეტები დაურიგა. ბუკლეტი მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ 2013- 2014 წლებში შესრულებულ იმ პროექტებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არ განხორციელებულა , ან ფინანსდებოდა ნაკლები თანხით. მათ შორისაა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია 2 353 072 მოქალაქე, 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, რომელიც 2014 წლის ბოლომდე დასრულდება, C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც დაავადებული პირები მედიკამენტებზე 60%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ, სოფლის ექიმის პროგრამა, რომლითაც გაიზარდა ექიმის და ექთნის დაფინანსება. ასევე 600-დან 1000 ლარამდეა გაზრდილი დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით ფინანსდება და სხვა. საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის გარდა, ბუკლეტში დეტალურად არის მოცემული სხვა სფეროებში განხორციელებული პროექტების შედარებითი სტატისტიკა. დავით ნარმანიას თქმით, აქცია მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

09 ივლისი, 2014

კახა კალაძე ფოთის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ფოთის მოსახლეობას ქალაქის მერობის კანდიდატ ირაკლი კაკულიასთან ერთად შეხვდა. კახა კალაძემ ფოთელებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები, მათ შორის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ფოთელები ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საავადმყოფოს რეაბილიტაციას და და ვახტანგ გუნიას სახელობის თეატრის განახლებას ითხოვენ. ფოთის მერობის კანდიდატი თანაქალაქელებს პრობლემების ეტაპობრივად მოვარებას პირდება და მათ ღირსეული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

08 ივლისი, 2014

კახა კალაძე ხონის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელი კახა კალაძე ხონის რაიონის სოფლების დიდი კუხის, საწულუკიძეოს, დედალაურისა და ივანდიდის მოსახლეობას რაიონის გამგებლობის კანდიდატთან ჯემალ მებუკესთან ერთად შეხვდა. კახა კალაძემ ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მათ შორის, საყოველთაო დაზღვევის, სახელმწიფოს მიერ უმაღლეს სასწავლებლებში 14 ფაკულტეტის დაფინანსებისა და უფასო წიგნების პროგრამებზე. მანვე მოსახლეობას გააცნო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და განაცხადა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროში პროექტი წარადგინოს. „სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნესმა, სახელმწიფომ კი მას ამაში ხელი უნდა შეუწყოს“ - აცხადებს კახა კალაძე. კახა კალაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და ისეთი გამგებლის არჩევისკენ მოუწოდებს, რომელიც მათთან ერთად იქნება ჩართული რაიონის განვითარების პროცესში. მისივე თქმით, ხელისუფლება დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და ყველა დანაპირებს შეასრულებს.

08 ივლისი, 2014

განცხადება

მისასალმებელია, რომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისოდ აპრობირებული ფორმატით გამართულ დებატებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხმობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩვეული უცნაური ფორმით იყო გაცხადებული და  ამჯერადაც, „ნაციონალური მოძრაობას“ ინიციატივის საკუთარ თავზე მიწერის მცდელობა ჰქონდა, ჩვენთვის მთავარია, რომ დებატები შედგება  და რაც შეიძლება მეტ თბილისელს მიეცემა  საშუალება,  უკეთ გაეცნოს თბილისის მერობის კანდიდატების სამომავლო გეგმებს. ჩვენი მიზანია, ამომრჩეველმა მეორე ტურში კანდიდატების პროგრამის მაქსიმალურ ცოდნაზე დაფუძნებული  არჩევანი გააკეთოს. შეგახსენებთ, რომ დებატებს ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას. დებატები გაიმართება ყველა ძირითადი ტელეკომპანიის მონაწილეობით. თითოეულ ტელევიზიას მიეცემა შეკითხვების დასმისა და დებატების პირდაპირ  ეთერში  გადაცემის  საშუალება. ჩვენთვის ცნობილია  პრაქტიკულად ყველა სატელევიზიო არხის პოზიცია დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით - მათ გააკეთეს განცხადებები და გამოთქვეს მზადყოფნა,  ჩაერთონ  პროცესში და დებატებს ღია ეთერი დაუთმონ. იმედი გვაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, რაიმე მიზეზით, უკან არ წაიღებს თავის თანხმობას და ორივე კანდიდატი მალე წარდგება თბილისელი ამომრჩევლის წინაშე.

07 ივლისი, 2014

თბილისის ცენტრალური პარკის პრეზენტაცია

დავით ნარმანიამ გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ახალგაზრდებს ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ და ზოოპარკის ერთიან სივრცედ გარდაქმნის პროექტი გააცნო. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტის მიხედვით, „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია ერთმანეთს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება, ხოლო „მზიურისა“ და ზოოპარკის მოსაზღვრე საავტომობილო გზის მონაკვეთის გასწვრივ, ორივე მხრიდან აშენდება 5 მეტრის სიმაღლის გეოპლასტიკური დამცავი კედელი, რომელიც გზაზე ავტომობილების მოძრაობით გამოწვეულ ხმაურს დაახშობს. მდინარე „ვერე“ კი კალაპოტში მოექცევა და ახალი პარკის ტერიტორიაზე გაივლის. მისივე თქმით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა.

07 ივლისი, 2014

კახა კალაძის შეხვედრები ბაღდათის რაიონში

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახი კალაძე ბაღდათის რაიონის სოფლების ვარციხის, როხისა და წითელიხევის მოსახლეობას შეხვდა და გაზიფიკაციასთან და წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მათი პრობლემები მოისმინა. კახა კალაძემ მოსახლეობას განსახორციელებელი პროექტები გააცნო. მისი თქმით, ბაღდათის რაიონის გაზიფიკაცია 2015 წლისთვის დასრულდება. კახი კალაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. იგი დარწმუნებულია, რომ ბაღდათის გამგებლობის კანდიდატი გამარჯვებას მიაღწევს. შეხვედრას ესწრებოდა ბაღდათის რაიონის გამგებლობის კანდიდატი ირაკლი გეგეშიძე რომელიც მოსახლეობას პრობლემების შესწავლას და მოგვარებას დაპირდა.

07 ივლისი, 2014

ახალი საკრებულოს განსახილველი სამი საკითხი

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს ის სამი საკითხი გააცნო, რომლებსაც 14 ივლისს, ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით პირველი სხდომა განიხილავს. როგორც დოლიძის ქუჩის მოსახლეობას დავით ნარმანიამ განუცხადა, სხდომაზე განხილვის შემდეგ, მერიაში დაწესდება მოქალაქეების მიღების დღე, მუშაობას განაახლებს საკრებულოს მიწისა და ქონების ლეგალიზაციის კომისია, 2014 წლამდე დენისა და ნაგვის გადასახადის მიბმის მიზეზით დაგროვილი დავალიანება გაუქმდება. „მერია, ისევე როგორც თბილისის ყველა რაიონის გამგეობა ნებისმიერი მოქალაქისთვის ღია და გამჭვირვალე იქნება, ყველას ექნება ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა“- აცხადებს დავით ნარმანია. დავით ნარმანია დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ზურაბიშვილთან ერთად შეხვდა.

06 ივლისი, 2014

კახა კალაძე შიდა ქართლში მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სოფლების - ვარიანის და ტირძნისის მოსახლეობას მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა „აწარმოე საქართველოში“ გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონის სოფლებში გაზიფიკაციის სამუშაოებს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ბუნებრივი აირი ბევრ სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. კახა კალაძის თქმით, ე.წ. გამყოფ ზოლში არსებულ 77 სოფელში გაზიფიკაციისა და გამრიცხველიანების პროცესი უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება. თუმცა, გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს. მისივე თქმით, რიგ სოფლებში, სადაც გაზიფიცირება ადრე განხორციელდა, 20-30 ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. კახა კალაძე ადგილობრივებს ამ პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

06 ივლისი, 2014

დავით ნარმანიამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე სახლი მოინახულა

კოალიცია „ქართული ოცნების“თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ აღმაშენებლის #36-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის მქონე სახლი მონახულა. სამწუხაროდ, ას წელზე მეტი ხნის ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე უცვლელად მოიტანა მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურის ტენდენციები, დღეს უყურადღებოდაა მიტოვებული, დაზიანებულია სახურავი და წვიმიან ამინდებში წყლით ირეცხება სადარბაზოს ულამაზესი მხატვრობა, საძირკველში დგება წყალი, რაც საფრთხეს უქმნის მთელ შენობას. ამ სახლში დღემდე ცხოვრობს ერასტი ჭავჭანიძის შვილიშვილი ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე, რომელმაც მასთან სტუმრად მისულ დავით ნარმანიას დეტალურად აღუწერა ისტორიული სახლის პრობლემები და გულისტკივილით აღნიშნა, რომ დღემდე ხელისუფლების მხრიდან სახლის პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. დავით ნარმანია, რომლის პროგრამის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაში „თბილისი - ჯანსაღი ქალაქი“ მნიშვნელოვანი ადგილი თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა-განახლებას უჭირავს, ქალბატონ თამარს დაპირდა, რომ თბილისის მმართველობაში მისი მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი განსახორციელებელი პროექტი, სწორედ ამ სახლის გადარჩენა იქნება. მისივე თქმით, პროგრამის პირველ ეტაპზე აღიწერება თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა, მოხდება ისტორიული და კულტურული ძეგლების პასპორტიზაცია, შემდეგ კი შედგება ამ ძეგლების რესტავრაციის გეგმა და დაიწყება აქტიური სამუშაოები. როგორც ნარმანია აცხადებს, ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად და თბილისისთვის რეგიონის ცენტრის ფუნქციის დასაბრუნებლად, არამედ დასაქმების მხრივაც, რადგან სარესტავრაციო და სამშენებლო სამუშაოებში, მერიასთან ერთად, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმით კერძო ბიზნესიც ჩაერთვება და ამ პროექტებში ბევრი ადამიანი დასაქმდება.