06 ივლისი, 2014

დავით ნარმანია ვაკის ამომრჩეველს შეხვდა

„თბილისის წარმატება როგორც საქართველოს, ასევე მთელი რეგიონის წარმატების განმსაზღვრელია. თბილისი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა რეგიონის კულტურულ და სავაჭრო ცენტრს. ჩვენ დავუბრუნებთ ქალაქს თავის ისტორიულ ფუნქციას და ევროპაში ამ ტრადიციული როლით შევალთ. ამის შანსს თბილისის გეოპოლიტიკური მდებარეობა, ევროპული მენტალიტეტი, ღიაობა, მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი კულტურა, ბიზნესის წამოწყებისა და საქმიანობის ხელსაყრელი გარემო გვაძლევს“ - განაცხადა ვაკის მოსახლეობასთან შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ.

06 ივლისი, 2014

შეხვედრა ნაძალადევში

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამის სოციალური მიმართულება გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალურ პროგრამებზე თბილისის ბიუჯეტიდან 840 მილიონი ლარი დაიხარჯება, გაორმაგდება კომუნალური ვაუჩერები, სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური გადასახადების დასაფარად წლის განმავლობაში 250 ლარის ნაცვლად, 500 ლარს მიიღებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კი მათთვის უფასო გახდება. მერია მრავალშვილიან ოჯახებსაც დაეხმარება. დავით ნარმანიას თქმით, მესამე შვილის შეძენის შემდეგ, ოჯახი 800 ლარიან შემწეობას მიიღებს, მე-4 შვილის შემთხვევაში 1000-ს, ხოლო მე-5 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში შემწეობა 1500 ლარი იქნება. მუნიციპალიტეტიდან შესაბამის კომპენსაციებს მიიღებენ მზრუნველობამოკლებული და მარჩენალდაკარგული ოჯახები. დავით ნარმანია ნაძალადევის მოსახლეობას პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, დავით ჭელიძესთან და თამარ კორძაიასთან ერთად შეხვდა.

05 ივლისი, 2014

დავით ნარმანიას და დავით სერგეენკოს შეხვედრა ექიმებთან

„სამედიცინო სფერო იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც თბილისს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ცენტრად აქცევს“ - განაცხადა დღეს ექიმებთან შეხვედრისას კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, თბილისში უკვე ფუნქციონირებს არაერთი კლინიკა, სადაც მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალები და უცხოელებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ. დავით ნარმანიას პროგრამის სოციალური მიმართულება ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში, თბილისელების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებს სამკურნალოდ უცხოეთში წასვლა აღარ დასჭირდეთ და ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება თბილისში მიიღონ. “პირიქით, მალე უცხოეთიდან ჩამოვა ხალხი თბილისში სამკურნალოდ. ჩვენ ვიზრუნებთ სამედიცინო დაწესებულებების უახლესი აპარატურით აღჭურვასა და ექიმების უცხოეთში გადამზადებაზე. ჩვენი ქალაქი გახდება ლიდერი რეგიონში, სადაც სამედიცინო მომსახურება ყველაზე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იქნება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. „ჩვენ დავაფინანსებთ იმ ტიპის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. ჯანმრთელობის პრევენციის, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, ინფექციური და სხვა დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირების მიზნით, დავაფინასებთ ჯანდაცვის შესაბამის პროგრამებს, ხელს შევუწყობთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდების დანერგვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი სრულად ან ნაწილობრივ დავაფინანსებთ მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობას“ - აცხადებს დავით ნარმანია.

05 ივლისი, 2014

დავით ნარმანიამ ბავშვთა საფეხბურთო გუნდ „აფხაზეთს“ აფხაზი ფეხბურთელის ნიაზ ძიაბშბას სახელობის თასის მოგება მიულოცა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ბავშვთა საფეხბურთო გუნდ „აფხაზეთს“ აფხაზი ფეხბურთელის ნიაზ ძიაბშბას სახელობის თასის მოგება მიულოცა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ, არგენტინა - ბელგიის შეხვედრას მათთან ერთად უყურა. დავით ნარმანია „ივენთ ჰოლში“ კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძესა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძესთან ერთად იმყოფებოდა. „აფხაზეთის“ ფეხბურთელებმა საჩუქრად ფორმები და ავტოგრაფიანი ბურთები მიიღეს. „აფხაზეთი „ სოხუმიდან დევნილი ბავშვებით დაკომპექტებული საფეხბურთო გუნდია.

05 ივლისი, 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი

"ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია და ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის შეფასებით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასჯადი ქმედებაა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და სამართალდამცავებს უკანონო ქმედებების დროულად აღკვეთისკენ მოუწოდა. "არც ერთი მოქალაქე არ დგას კანონზე მაღლა და არ იდგება. ქართული დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია და სტანდარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, -აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებაც და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. "ჩვენ ვიხილეთ მართლმსაჯულების ზეიმი. ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ სასამართლო გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი. ჩვენ გვახსოვს, სააკაშვილის ხელისუფლება როგორ ექცეოდა მოსამართლეებს და როგორ იქცეოდნენ პროკურორები", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

04 ივლისი, 2014

დავით ნარმანიას შეხვედრა კოჯრის მოსახლეობასთან

50 000-ზე მეტი ოჯახისთვის დაურეგისტრირებელი მიწების და საცხოვრებელი სახლების დაკანონების ინიციატივა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ კოჯრის მოსახლეობას გააცნო.  როგორც მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის საკრებულოში შეიქმნება ქმედითი კომისია, რომელიც დაურეგისტირებელი ქონების ლეგალიზაციას მოახდენს.  „სოციალურად დაუცველთათვის ბევრი პროექტი და პროგრამაა განსახორციელებელი, ეს ყველაფერი ბიუჯეტშიც გვაქვს გათვალისწინებული, რომ ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  მისივე თქმით, დასაქმების ხელშეწყობა პრიორიტეტულია როგორც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ისე პერიფერიულ დასახლებებში, რომლებიც ცხოვრების დონით ცენტრალურ უბნებთან მაქსიმალურად დაახლოვდება.  დავით ნარმანია კოჯრის მოსახლეობას პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა პაპუაშვილთან, ჯაბა ჯიშკარიანთან, ზაზა კოლელიშვილთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად შეხვდა.

04 ივლისი, 2014

შეხვედრა ფონიჭალის მოსახლეობასთან

„თბილისი გახდება რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი, აქედან გამომდინარე ფონიჭალაში და მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება ბევრი საინტერესო პროექტი, აშენდება ახალი საწარმოები, დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები, რომლებიც დაასაქმებენ თბილისელებს. პარალელურ რეჟიმში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები მკვეთრად შეამცირებს უმუშევრობის მაჩვენებელს.“ - განაცხადა ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით ნარმანიამ. მან აღნიშნა, რომ მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქვემო ფონიჭალაში კომპაქტურად დასახლებული უსინათლოების გადამზადებას, შემდგომ კი მათ მუნიციპალიტეტებსა და მერიაში არსებულ ცხელ ხაზზე დასაქმებას. ასევე ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები უსინათლოებისთვის დაყენდება სპეციალური ხმოვანი შუქნიშნები. ზემო და ქვემო ფონიჭალა კი ერთმანეთს ესტაკადით დაუკავშირდება. აშენდება საბავშვო ბაღები და სკვერები. მისივე თქმით, სოციალური დაცვის პროგრამები, რომლებსაც მერია მომავალში განახორციელებს, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას პარლამენტისა და საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატებთან, შოთა ხაბარელთან და ბექა ნაცვლიშვილთან ერთად შეხვდა.

04 ივლისი, 2014

დავით ნარმანია - „ხალხის ხმა ქალაქის მთავრობას უნდა ესმოდეს“

თბილისის მერიის კარი ყოველი მოქალაქისთვის იქნება ღია, რადგან ხალხის ხმა ქალაქის მთავრობას უნდა ესმოდეს - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე.  დავით ნარმანიას განცხადებით, წელიწადნახევარში თბილისს ექნება გენერალური გეგმა. დედაქალაქისთვის მნიშვენლოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად კი შეიქმნება თემატური საკონსულტაციო საბჭოები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თბილისში უძრავი ქონების მართვასთან, ქალაქის დაგეგმარებთან და არქიტექტურულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  შეხვედრაზე დავით ნარმანიას პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის დიპლომი გადასცეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოს“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას გლდანისა და დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და ლადო ძნელაძე ესწრებოდნენ.

04 ივლისი, 2014

დავით ნარმანიას მიმართვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ბატონ ნიკანორ მელიას ცესკო-ს მიერ არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნამ პროცესები დააჩქარა და გარკვეული კორექტივები შეიტანა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩვენო გეგმებში.  საარჩევნო პოლიტიკურ ბრძოლაში დებატების ცივილიზებული ფორმების გამოყენება იმ ახალი პოლიტიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომლისკენაც მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა ისწრაფოდეს.  საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე შეფასების შემდეგ, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან ჩაერთონ ჩვენი ინიციატივის განხორციელებაში არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით. სწორედ საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაცია გაუწევს ორგანიზებას პოლიტიკურ დებატებს, რომელშიც, ჩვენი გამოწვევითა და კონკურენტი მხარის დასტურით, თბილისის მერობის კანდიდატები დავით ნარმანია და ნიკანორ მელია დაუპირისპირდებიან. დებატებში მონაწილეობას მიიღებს ყველა ნაციონალური მაუწყებელი, თითოულ მათგანს მიეცემა საშუალება, გამოყოფილ დროში დაუსვას კითხვები ორივე კანდიდატს, მიიღოს მათგან ამომწურავი პასუხები და დებატები გადასცეს პირდაპირ ეთერში. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, მოგმართავთ, დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნული ფორმატით გამართულ დებატებში მონაწილეობის სურვილი და თანხმობა დროულად გვაცნობოთ წერილობით, რათა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყოს დებატების მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები. კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი - დავით ნარმანია

04 ივლისი, 2014

შეხვედრა ამერიკული აკადემიის სტუდენტებთან

„თბილისს ექნება თავისი ახალგაზრდული სივრცე, ჩვენი მხრიდან გაკეთდება შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითონ მართონ ახალგაზრდული ცენტრი, თვითონვე შეიმუშაონ პროექტები. აქ იქნება სივრცე ბიბლიოთეკებისთვის,სხვადასხვა ოლიმპიადებისთვის, ახალგაზრდული ღონისძებებისთვის და გაცილებით უფრო დატვირთული იქნება თბილისი ამ თვალსაზრისით მომდევნო პერიოდის განმავლობაში "- განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში სტუდენტებთან შეხვედრისას. მერობის კანდიდატის თქმით, თბილისი გახდება სოლიდარული ქალაქი, სადაც მერია იზრუნებს თანამოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე და თითოეული ოჯახი სოციალურად დაცული იქნება. მისივე თქმით, თბილისის რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გარდაქმნა თითოეულ ოჯახზე აისახება რათა დღეს უმნუშევარი ადამიანები დასაქმდნენ.დავით ნარმანიას თქმით,თბილისი იქნება ჯანსაღი, ეკოლოგიურად უფრო მოწესრიგებული ქალაქი,სადაც თითოეული ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.

03 ივლისი, 2014

დავით ნარმანია: "ჩვენ დავამარცხებთ მთავარ კონკურენტს - უმუშევრობას"

„თბილისის ეკონომიკური პოტენციალის უმოკლეს ვადებში მაქსიმალურად გასაზრდელად ჩვენ დავიწყებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დავხარჯავთ 100 მლნ ლარს, 10-10 მლნ-ს თითოეულ რაიონში, ხელს შევუწყობთ ახალი ბიზნესის წამოწყებას, მოვიზიდავთ ახალ ინვესტიციებს, განვავითარებთ ტურიზმს. თბილისში შეიქმნება ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი და დავამარცხებთ ჩვენს მთავარ კონკურენტს - უმუშევრობას“ - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დღეს „კავკასიის ავტოსერვისში“ სტუმრობისას. „ჩვენი მთავარი მიზანია, თბილისი ვაქციოთ რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად, რომლის შედეგადაც მოხდება ინვესტიციების მოზიდვა, გამოცოცხლდება ეკონომიკა, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ეს ყველაფერი კი გააჯანსაღებს ქალაქს და შექმნის ყველა პირობას, რომ თბილისი გახდეს „სოლიდარული ქალაქი“ - აცხადებს დავით ნარმანია.  “ჩვენ დავუბრუნებთ თბილისს ამ ისტორიულ ფუნქციას და ევროპაში დავბრუნდებით ჩვენი ტრადიციული როლით - „თბილისი - რეგიონის ხიდი ევროპასთან“. ამის შანსს ჩვენ რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ევროპული მენტალიტეტი და ღიაობა, მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი კულტურა, ბიზნესის წამოწყებისა და საქმიანობის ხელსაყრელი გარემო გვაძლევს. ჩვენ განვავითარებთ რეგიონულ ტურიზმს - რეგიონის ტურისტული ქალაქების ერთიან ტურისტულ პაკეტში გაერთიანებით თბილისის სტუმარს რეგიონის სტუმრად ვაქცევთ. ავაშენებთ „თბილისის ინვესტიციების ცენტრს“, რომლის ძირითადი ფუნქცია იმ უპირატესობების ოპტიმალური გამოყენება იქნება, რასაც საქართველოს ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მოუტანს (ადგილობრივი მოსახლეობის ბიზნესის წახალისება და განვითარებაში ხელშეწყობა, აწარმოე თბილისში - გაყიდე ევროპაში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ქართული პროდუქციის რეკლამირება და მისი რეალიზაციის ხელშეწყობა დაძმობილებულ ქალაქებში).“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

03 ივლისი, 2014

პოლიტიკური საბჭოს სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საორგანიზაციო თემებზე იმსჯელეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურებს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების გზებს. პოლიტიკური საბჭოს სხდომას მოწვეულ სტუმრად დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ახლო მომავალში დაგეგმილი უმაღლესი დონის სტუმრების ვიზიტების შესახებ.

02 ივლისი, 2014

შეხვედრა პედაგოგებთან

„ჩვენ მუშაობას სამი სტრატეგიული მიმართულებით განვახორციელებთ: 1. თბილისი რეგიონის ცენტრი 2. ჯანსაღი ქალაქი 3. სოლიდარული ქალაქი.  ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა „სოლიდარული ქალაქის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან უმნიშვნელოვანესი იქნება. ამ მიზნით, მოხდება სკოლების რეაბილიტაცია, მოვაწესრიგებთ სკოლების კომუნიკაციებს და უზრუნველვყოფთ მათ ხარისხიან მიწოდებას, მოვაწესრიგებთ სკოლებამდე მისასვლელ გზებს. სკოლებთან ავტობუსის გაჩერების ადგილებზე კი დავამონტაჟებთ გადახურულ ჯიხურებს, რათა ბავშვებმა შემოდგომა-ზამთარში თავი დაცულად იგრძნონ. ცხოვრების ჯანსაღი წესის ბავშვებსა და ახალგაზრდებში დანერგვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიზრუნებთ სკოლებში ღია სპორტული მოედნების გახსნასა და კეთილმოწყობაზე. ჩვენ მზად ვართ, მუდმივად მოვისმინოთ თქვენი აზრი და რეკომენდაციები და თქვენთან ერთად გადავჭრათ ყველა პრობლემა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ პედაგოგებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რათა მოსწავლეებმა და პედადოგებმა მერიისგან უფრო მეტი სერვისი მიიღონ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სკოლა, ოჯახი, საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრებოდა.

02 ივლისი, 2014

შეხვედრა დიდუბესა და დიღმის მასივში

„თბილისი - სოლიდარული ქალაქის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი თითოეული ოჯახი თბილისის მერიის მხრიდან მიიღებს გაზრდილ დახმარებებს, რაც მათ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. სოციალურად დაუცველებს გადავცემთ 500 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს, მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გახდება უფასო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კი საჯარო სივრცე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადაპტირებული იქნება, გაიზრდება საბავშვო ბაღების რაოდენობა და გაუმჯობესდება მათი ინფრასტრუქტურა და სერვისი“ განაცხადა დიდუბის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზ დავით ნარმანიამ. კოალიაცია „ქართული ოცნების კანდიდატი" დავით ნარმანია უნებართვო მიშენებებზე სამშენებლო ამნისტიის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, მათ, ვისაც უნებართვო მიშენებებზე ჯარიმა აქვს დაკისრებული, მოეხსნებათ, უკანონო მიშენება კი დაუკანონდებათ, სამომავლოდ კი, მიშენებებზე შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე ნებართვა ვერ გაიცემა. თბილისის მერობის კანდიდატი დიღმის მასივისა და სოხუმის ქუჩის მცხოვრებლებს პარლამენტის და საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ვახტანგ ხმალაძესთან, თარაშ შურღაიასთან და ლადო ძნელაძესთან ერთად შეხვდა.

30 ივნისი, 2014

განცხადება

გუშინ, 29 ივნისს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის  მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართა განმეორებითი კენჭისყრა. ეს ის ოლქებია, რომლებშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 15 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები  ბათილად იქნა ცნობილი. გვინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცოთ  არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. სერიოზული ხარვეზები,  რომლებიც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე, კენჭისყრის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა. წინასწარი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამჯერადაც დამაჯერებელად ლიდერობენ უკლებლივ ყველა ოლქში, გარდა ერთისა. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ განმეორებით კენჭისყრაში მონაწილე ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი  ჩვენს მხარდამჭერებს.   დარწმუნებულები ვართ, არჩევნების მეორე ტურში ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან  და ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

30 ივნისი, 2014

მერიაში საქმის კეთების დრო მოდის

დავით ნარმანია: „მერიაში საქმის კეთების დრო მოდის და დაფასდება ყველა ის ადამიანი, ვინც უბანს და ქალაქს გამოადგება“ „თბილისს გადავაქცევთ რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად, რაც გავლენას მოახდენს თითოეულ მოქალაქეზე „ - განაცხადა დღეს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური პროგრამით, რომელიც თბილისში ამოქმედდება, სოციალურად დაუცველებს დამატებითი მედიკამენტების შეძენის, სამედიცინო გამოკვლევების და საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციების გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ. „მერიაში საქმის კეთების დრო მოდის და დაფასდება ყველა ის ადამიანი, ვინც უბანს და ქალაქს გამოადგება“ - აცხადებს დავით ნარმანია და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

29 ივნისი, 2014

დავით ნარმანია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

28 ივნისი, 2014

საზეიმო მიღება

ჩვენ გუშინ ხელი მოვაწერეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და ეს განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელია ყველა ქართველისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, საზეიმო მიღებაზე შეკრებილ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხელშეკრულების ხელმოწერის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველ ხალხს ხელისუფლების მიმართ გამოხატული ნდობისა და სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა. „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არის საბოლოო დეკლარირება იმისა, რომ საქართველოსთვის ძვირფასია და ყველაზე ახლოს არის ევროპული ღირებულებები. ჩვენი ხალხისთვის ევროპასთან ინტეგრაცია ნიშნავს სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე. დღეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდა და მას კიდევ უფრო განამტკიცებს ასოცირების ხელშეკრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით ეკისრება. საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება და ქართველი ხალხი, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, ღირსეულად გაართმევენ თავს ამ გამოწვევას. „მჯერა, ერთად ჩვენ გავაღრმავებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, რაც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და ჩვენს რეგიონს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ხალხს ამ დიდ გამარჯვებას! მე მჯერა ჩემი სამშობლოს ევროპული მომავლის!“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.