×

06 ივლისი, 2014

შეხვედრა ნაძალადევში

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამის სოციალური მიმართულება გააცნო.
დავით ნარმანიას თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალურ პროგრამებზე თბილისის ბიუჯეტიდან 840 მილიონი ლარი დაიხარჯება, გაორმაგდება კომუნალური ვაუჩერები, სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალური გადასახადების დასაფარად წლის განმავლობაში 250 ლარის ნაცვლად, 500 ლარს მიიღებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კი მათთვის უფასო გახდება.
მერია მრავალშვილიან ოჯახებსაც დაეხმარება. დავით ნარმანიას თქმით, მესამე შვილის შეძენის შემდეგ, ოჯახი 800 ლარიან შემწეობას მიიღებს, მე-4 შვილის შემთხვევაში 1000-ს, ხოლო მე-5 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში შემწეობა 1500 ლარი იქნება.
მუნიციპალიტეტიდან შესაბამის კომპენსაციებს მიიღებენ მზრუნველობამოკლებული და მარჩენალდაკარგული ოჯახები.
დავით ნარმანია ნაძალადევის მოსახლეობას პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, დავით ჭელიძესთან და თამარ კორძაიასთან ერთად შეხვდა.