×

04 ივლისი, 2014

დავით ნარმანიას შეხვედრა კოჯრის მოსახლეობასთან

50 000-ზე მეტი ოჯახისთვის დაურეგისტრირებელი მიწების და საცხოვრებელი სახლების დაკანონების ინიციატივა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ კოჯრის მოსახლეობას გააცნო. 
როგორც მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის საკრებულოში შეიქმნება ქმედითი კომისია, რომელიც დაურეგისტირებელი ქონების ლეგალიზაციას მოახდენს. 
„სოციალურად დაუცველთათვის ბევრი პროექტი და პროგრამაა განსახორციელებელი, ეს ყველაფერი ბიუჯეტშიც გვაქვს გათვალისწინებული, რომ ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
მისივე თქმით, დასაქმების ხელშეწყობა პრიორიტეტულია როგორც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ისე პერიფერიულ დასახლებებში, რომლებიც ცხოვრების დონით ცენტრალურ უბნებთან მაქსიმალურად დაახლოვდება. 
დავით ნარმანია კოჯრის მოსახლეობას პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ზაზა პაპუაშვილთან, ჯაბა ჯიშკარიანთან, ზაზა კოლელიშვილთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად შეხვდა.