დღევანდელი არჩევნებით ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქვეყანამ ევროპისკენ და ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ მზად ვართ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად ვიქცეთ,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, თბილისში პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა კოალიციის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ".
"ეს არის ის წინასწარი მონაცემები, რომელიც ჩვენ ყველამ მოვისმინეთ 8 საათისთვის, ახლა საჭიროა, რომ დაველოდოთ ცესკოს შედეგებს. დღევანდელი გამარჯვებით ჩვენმა კოალიციამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ მართლაც უალტერნატივო ძალა. მიუხედავად უპრეცენტოდ მაღალი საარჩევნო ბარიერისა და მაღალი კონკურენციისა, ჩვენ სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს ჩვენ მიერ დაწყებული დემოკრატიული ცვლილებები ქვეყნის განვითარების ერთადერთი სწორი გზაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს ნდობისთვის და გარწმუნებთ, რომ დღევანდელი არჩევანი ჩვენი ქვეყნის წინსვლის უპირობო გარანტია. ჩვენ ერთად მივიყვანთ ჩვენს ქვეყანას რეალურ კეთილდღეობამდე. ჩვენთვის, როგორც მმართველი კოალიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე. დაფიქსიბულ მცირე ინციდენტებზე და დარღვევებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ და სამართალდამცველებმა მყისიერი რეაქცია მოახდინეს და დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" მოიგო საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს წინდახედულობისთვის, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის ღირსეულად შესრულებისა და გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.