მოგესალმებით, რაჭველებო!
მივესალმები რაჭას, ამ ულამაზეს მხარეს!
ვიცი, რომ სეტყვა მოვიდა, მაგრამ, არ შეშინდეთ! მე უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს, დაითვალონ, თუ რომელიმე სოფელში, რომელიმე რაიონში ახალი ზარალი იყო, თითოეულ თეთრს ავანაზღაურებთ ჩვენ და სრულად მოვახდენთ კომპენსირებას.
მივესალმები ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, ამ ულამაზეს კუთხეს!
სანამ აქ მოვიდოდი, მე ვნახე რაჭველების და ყველა ჩვენგანის სიამაყე - ნიკორწმინდის ტაძარი. მე ვარ ბედნიერი, რომ მომეცა საშუალება, მომენახულებინა ჩვენი სამშობლოს გამორჩეული ფასეულობა - ნიკორწმინდა. ეს არის ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეროვნული კულტურის სიმბოლო, რომლის აგებიდან წელს ათასი წელი სრულდება! აი, ასეთი დიდი კულტურის და ისტორიის ერი ვართ ჩვენ, ქართველები, სრულიად უნიკალური და გამორჩეული მთელ მსოფლიოში. ჩვენ მარტო წარსულით არ ვიქნებით ამაყები, ქართველ ერს შეგვწევს იმის ძალა და უნარი, რომ შევქმნათ თანამედროვე, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა, თანამედროვე კულტურით, რომელიც თავის გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ცივილიზაციაში.
ეს ულამაზესი მხარე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ფეხზე უნდა დავაყენოთ. რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო-სვანეთში ახალი სიცოცხლე უნდა დაიწყოს! აქ აღარ უნდა იყოს მიტოვებული სახლები, აღარ უნდა ცხოვრობდნენ მხოლოდ ხანდაზმულები. აქ სულ სხვა ცხოვრება უნდა დაიწყოს, ისეთი, რომ ახალგაზრდებს მამა-პაპისეული სახლის დატოვებაზე ფიქრი აღარ მოუწიოთ!
ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ზრუნვა. ჩვენმა მთავრობამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობის აღორძინება. რაჭას მევენახეობა-მეღვინეობის დიდი პოტენციალი აქვს. ძალიან სასიხარულოა, რომ აქ აღმავლობის გზაზე დგება უნიკალური ვაზის ჯიშებისგან ღვინის წარმოება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მე გარწმუნებთ, იმისათვის, რომ ავითვისოთ ახალი საწარმოო სიმძლავრეები, გაიზარდოს ვენახების ფართობი.
მე დღეს შევიტყვე და ძალიან გამიხარდა, რომ წელს, დამატებით 40 ჰექტარი ვენახი შეემატა რაჭას. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩნდა იმედი. ხალხს სტიმული მიეცა და მოტივაცია, რომ გააშენონ უფრო მეტი ვენახი. მე გავესაუბრე ერთ საინტერესო ადამიანს, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა, დაუბრუნდა თავის მშობლიურ მიწა-წყალს, აიღო იაფი აგროკრედიტი სახელმწიფოსგან და გააშენა ვენახი. სწორედ ასეთი ქართველების მხრებზე იდგა ყოველთვის ჩვენი საქართველო. მე მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე. სწორედ ასეთი პატრიოტების სიძლიერით იყო ჩვენი ქვეყანა ძლიერი. როგორც იცით, ჩვენ გავცემთ შეღავათიან აგროკრედიტებს.
თქვენ ხართ გამრჯე ხალხი და ძალიან მიხარია, რომ ამ კუთხეში მიწას სულ სხვა ფასი ედება.
ჩვენ ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს იმაში, რომ მიიღოთ მაღალი ხარისხის მოსავალი და ჩვენი მიზანია, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოთ, რათა უფრო მეტი შემოსავალი მიიღოთ.
გასულ წელს რთველზე რაჭაში 1000 ტონამდე ალექსანდროული-მუჯურეთული გადამუშავდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, მაგრამ წელს კიდევ უფრო მეტი გვინდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს კიდევ უფრო მეტი, უკეთესი მოსავალი გვექნება. ჩვენ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს კიდევ ოთხჯერ. ამისთვის საჭიროა ხელშეწყობა რამდენიმე მიმართულებით: პირველ რიგში, საჭიროა არსებული ვენახების უკეთესი მოვლა, ყურძენზე მაღალი ჩასაბარებელი ფასის შენარჩუნება, რასაც ჩვენ გვპირდებით, რომ ამას მოვახერხებთ, და რენტაბელობა, რათა გლეხმა მიიღოს სარგებელი თავისი შრომით და გლეხის შრომა დაფასდეს, ქარხანამაც შეძლოს რეალურ ფასად მისი შესყიდვა და საბოლოოდ, მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ფასი უნდა იყოს კონკურენტული.
გასულ რთველზე ჩვენ მოვახერხეთ, რომ რაჭაში მოყვანილი ყურძენი ყოფილიყო დაცული და არ მომხდარიყო ფალსიფიკაცია ან მისი შერევა სხვა რაიონებიდან შემოტანილი ყურძენით. ამით ჩვენ შევძელით რეგიონში მაღალი ჩასაბარებელი ფასის შენარჩუნება. რეგიონში მევენახეებმა რეკორდულ ფასად - 8 ლარადაც კი გაყიდეს ყურძენი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იყო, მეგობრებო, მათთვის, და ჩვენ ეს შევძელით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ დაფასდეს გლეხის შრომა, და მე გპირდებით, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თითოეული მოქალაქის, თითოეული გლეხის შრომა იყოს სათანადოდ დაფასებული საქართველოში.
ჩვენი ამოცანაა, რომ ვებრძოლოთ ფალსიფიკაციას და ამ მართლაც უნიკალურმა რაჭულმა ღვინოებმა, პირველ რიგში, ხვანჭკარამ შეძლოს თავისი სახის შენარჩუნება. ხვანჭკარა არის გამორჩეული ქართული ბრენდი, რომლის ხარისხიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და ხელშეწყობილი. გასულ რთველზე ჩვენ შევძელით ამის გაკეთება ძალიან ყურადღებიანი მონიტორინგის საშუალებით.
ჩვენ საკადრისი ადგილი უნდა დავუმკვიდროთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით. მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება ჩვენს რეგიონებს გააძლიერებს და ფეხზე დააყენებს.
მე დღეს ვიმყოფებოდი შარდომეთის ფერმერულ მეურნეობაში, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ კომპანიას საქართველოში. ეს არის ქართულ-შვეიცარიული კომპანია, და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის თავისუფალი, ჯანსაღი გარემოს შექმნას. ამ კომპანიის საქმიანობის მაგალითზე ძალიან კარგად ჩანს, თუ რამხელა შედეგის მიღება შეიძლება თავდაუზოგავი შრომისა და ბიზნესისთვის შესაბამისი პირობების შექმნის შედეგად. მაღალმთიან რაიონებში უმაღლესი დონის მეურნეობების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია არა მარტო ბიზნესის მწარმოებლებისთვის, არამედ დასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის.
მე ვიცი, რომ ეს კომპანია წარმოების კიდევ უფრო გაფართოების თვალსაზრისით გეგმავს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განახორციელებას.
მთავრობა ხელს უწყობს იმ დარგების აღორძინებას, რომლებსაც ამა თუ იმ რეგიონში აქვს საკმარისი ტრადიცია. ეს არის მესაქონლეობა, მევენახეობა - ეს არის ამ რეგიონისათვის ორგანული დარგები და ჩვენ ყოველმხრივ დაგეხმარებით, რათა ეს მიმართულებები განვითარდეს და ფეხზე დადგეს. აქვე გეტყვით, რომ გაგრძელდება და დაიხვეწება არსებული აგროპროგრამები, იქნება ახალი ინიციატივები სახელმწიფოს მხრიდან.
სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩემი ინიციატივით დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის სახელმწიფო პროგრამა - ,,აწარმოე საქართველოში“. ეს არის ჩემი ოცნება და მე ვიცი, რომ ეს არის თითოეული ქართველის ოცნება, რომ ყველა რეგიონში, ყველა რაიონსა და ყველა სოფელში აღდგეს ტრადიციული წარმოება და გაჩერებული საწარმოები კვლავაც გაიხსნას და განვითარდეს, ხალხი დასაქმდეს.
ეს პროგრამა ამოქმედდა 1-ელ ივნისს. გუშინ, მთავრობის სხდომაზე, უკვე სამი პროექტი დავამტკიცეთ. ეს გულისხმობს, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა რაიონში და სოფელში ტრადიციული წარმოების აღდგენას. ამ პროგრამის ამოქმედებით, ჩემო მეგობრებო, ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც თავისუფლად გაუწევს კონკურენციას უცხოეთიდან შემოტანილ, დაბალხარისხიან პროდუქციას. ეს არის პირადად ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან დიდი სირცხვილი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების 85 პროცენტი არის შემოტანილი უცხოეთიდან. ჩვენ გპირდებით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს დისბალანსი ძალიან მალე აღდგეს და იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქცია ჩანაცვლდეს ადგილზე წარმოებული, თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციით. ამას ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ.
მე მინდა კიდევ ერთხელ განგიმარტოთ: ყველას შეგიძლიათ აიღოთ სესხი და დაიწყოთ ბიზნესი. ჩვენ ვაპირებთ, რომ თითოეულ რაიონში ჩვენ თვითონ ჩამოვიდეთ, ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, და ჩვენ თვითონ აგიხსნათ და გადმოგცეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული პროექტის დაწყება და სესხების აღება.
ამ პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს ჩვენ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავცემთ გაჩერებულ საწარმოებს. ისტორიულად, ეს საწარმოები ძალიან ეფექტურად მუშაობდნენ და იქ იქმნებოდა ძალიან მაღალხარისხიანი პროდუქცია. ჩვენ ასამდე საწარმოს განვავითარებთ და ფეხზე დავაყენებთ.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პროდუქციის მიწოდება, სულ რაღაც ათი დღის წინ გახდა ეს ცნობილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გლეხს შეეძლება წარმოებული პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ. ეს არის ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული, გონივრული, სახელმწიფოებრივი და მიზანმიმართული შრომის და პოლიტიკის შედეგი. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სულ უფრო მეტი საშუალება, რათა მის მიერ მოწეული მოსავლის რეალიზაცია შეძლოს.
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი არის ძალიან პერსპექტიული რეგიონი ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი. აქ არის უნიკალური ბუნება, აქ არის საოცარი ადგილები. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება განვითარება. ეს მოიტანს ეკონომიკის აღმავლობას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათ კეთილდღეობას. ამავე დროს, მე მინდა განვაცხადო, რომ ეს მხარე მხოლოდ ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი არ უნდა იყოს, არამედ ჩვენ დაბრუნებისა და ნორმალური ცხოვრების პირობები უნდა შევუქმნათ აქაურ მკვიდრებს. ეს შესანიშნავი კუთხე არ უნდა დაცარიელდეს, და ჩვენ ამას არ დავუშვებთ! ჩვენ დაგეხმარებით მაქსიმალურად, რათა ადგილზე მოსახლეობა დასახლდეს და დამაგრდეს.
ჩვენი მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან, ძვირადღირებულ პროექტებს. სწორედ აქ, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უკვე განხორციელდა არა ერთი პროექტი გზებისა და ხიდების რეაბილიტაციის კუთხით, და ჩვენ ამ მხრივ ვაგრძელებთ მუშაობას. ძალიან მნიშვნელოვანი გზების რეაბილიტაციის პროგრამას ვიწყებთ. ასევე, ძალიან წარმატებული პროექტი იქნება რაჭისთვის ახალი გზის გამოყვანა ზემო იმერეთიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამოკლებს მანძილს, განსაკუთრებით კი, ზემო რაჭისთვის. ჩვენ ამ პროექტზე ვმუშაობთ და აუცილებლად განვახორციელებთ მას. წელს უკვე ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას.
იქ, სადაც არ არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ცხოვრება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ რეგიონებში, და მე ვიცი, რამდენი პრობლემა არის დაგროვილი წლების განმავლობაში. არ არსებობს რაიონი, არ არსებობს სოფელი, სადაც ანალოგიური პრობლემები არ იყოს დაგროვილი. მაგრამ ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები თანამიმდევრულად, ეტაპობრივად. ჩვენ ვართ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება, და ჩვენ ეს დავამტკიცეთ ჩვენი საქმით, ჩვენი გაკეთებული საქმით და არა სიტყვით. სიტყვას ფასი აქვს მაშინ, როცა სიტყვას საქმე მოსდევს.
ჩვენ ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული მთავრობა და ჩვენ ამ მიდგომას არამც და არამც არ შევცვლით, და ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს, იმ საქმეს, რომელიც ბ-ნმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.
მეგობრებო,
ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს საქართველოს რეგიონებში. ეს იქნება ჩვენი შესანიშნავი კუთხეების აღორძინების დასაწყისი! ჩვენმა ხალხმა აქ უნდა იცხოვროს ისე, როგორც 21-ე საუკუნეს ეკადრება და მე მჯერა, რომ ამ პრობლემას ჩვენ დავძლევთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ინფრასტრუქტურას: ჩვენ ვახორციელებთ ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას. აქამდე, სამწუხაროდ, და ჩვენდა სასირცხვილოდ, და წინა ხელისუფლების სასირცხვილოდ, რაც მთავარია, ონელები გაუფილტრავ და დაუქლორავ წყალს სვამდნენ. ეს არის დაუშვებელი, მეგობრებო. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც სულ რაღაც ერთ თვეში, ივლისში დასრულდება და ამის შემდეგ ონის მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება გაფილტრული, დაქლორილი, მაღალი ხარისხის სასმელი წყალი.
მე ძალიან მერიდება, რომ ასეთ ელემენტარულ პირობებზე ვსაუბრობ თქვენთან. მაგრამ ჩვენ ყველას გვრცხვენია, რომ ელემენტარული პირობები არ იყო შექმნილი რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში. მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები იქნეს მაქსიმალურად მოკლე დროში გადაჭრილი.
მე ვიცი, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხი არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. საქართველოს მოსახლეობა, თითოეული ჩვენი მოქალაქე უკვე დაზღვეულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაგჭირდებათ მკურნალობა, ან დაგჭირდებათ ოპერაცია, ამ თანხებს გადაიხდის სახელმწიფო. ყველა მოქალაქე, თითოეული მოქალაქე არის დღეს დაზღვეული სახელმწიფოში და სახელმწიფო ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე.
ასევე მინდა გითხრათ, რომ დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად, ჩემი ინიციატივით, საქართველოს იმ რეგიონებში (და, სამწუხაროდ, ეს ეხება ამ რეგიონსაც), სადაც შობადობა დაბალია, ოჯახები ყოველი მესამე და შემდეგი შვილისათვის ორი წლის ასაკამდე მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას - მთაში - 200 ლარამდე და ბარში - 150 ლარამდე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება შეგეხებათ თქვენც. და ეს იქნება გარკვეული სტიმული შობადობის მატებისათვის.
ჩვენ ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც ამ ძალიან მოკლე დროში შევძელით.
ვიცი, რომ გჭირდებათ ამბულატორიები. მინდა გითხრათ, რომ მალე თქვენს რეგიონში ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხი ამბულატორია. ასევე, მოგემსახურებათ ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები, გაიზრდება სოფლის ექიმის ხელფასი 30 პროცენტით. ასევე, პენსიონერები უკვე იღებენ გაზრდილ პენსიებს. ჩვენ გავაორმაგეთ სოციალური დახმარება, ამოქმედდა სოციალური დახმარების ახალი, უფრო გაუმჯობესებული სისტემა, თუმცა მე ვაღიარებ, რომ ამ სისტემას სჭირდება კიდევ უფრო დახვეწა და გაუმჯობესება, და მე გპირდებით, რომ უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში ამ სისტემას ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. მე ვიცი, რომ გარკვეული ხარვეზები ჯერ კიდევ არის დარჩენილი.
მეტი ყურადღება ეთმობათ მრავალშვილიან ოჯახებს, ავადმყოფებს, პენსიონერებს. სანამ ეკონომიკა ფეხზე დადგება, გპირდებით მე, როგორც მთავრობის მეთაური, რომ ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ არც ერთ ადამიანს, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება ზრუნვა და თანადგომა.
რაც შეეხება განათლებას: მე მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, თუ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ უფასო სახელმძღვანელოების დარიგება. თქვენი შვილები წელსაც მიიღებენ უფასოდ წიგნებს, ასევე, 500-მდე სკოლა გავარემონტეთ გასულ წელს და ვაშენებთ სკოლებს იქ, სადაც ეს საჭიროა, სოფლებსა თუ რაიონებში. ეს პროცესი გრძელდება. ამ რეგიონში 30 სკოლის მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი, რაც არის მნიშვნელოვანი შეღავათი ოჯახებისთვის.
ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს შესაბამისი განათლების გარეშე. რაც შეეხება სტუდენტებს, 23 ფაკულტეტი ჩვენ გავხადეთ უფასო, თბილისში ვაშენებთ სტუდენტურ საცხოვრებელს იმისათვის, რომ რეგიონებიდან ჩამოსულმა ჩამოსულმა ხელმოკლე სტუდენტებმა, წარჩინებულმა სტუდენტებმა შეძლონ უფასოდ ცხოვრება სტუდენტურ საცხოვრებელში.
ასევე გვაქვს ჩვენ პროგრამა, რომელიც უკვე დავიწყეთ. ნიჭიერ ახალგაზრდებს ობიექტურად შევარჩევთ, შეარჩევს ობიექტური კომისია და ჩვენ მათ დავუფინანსებთ სწავლას უცხოეთში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, იმისათვის, რომ ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღოთ სრულიად ახალი, თანამედროვე, განათლებული თაობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. მათ ექნებათ ვალდებულება, რომ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნას მოახმარენ საკუთარ სამშობლოს.
მეგობრებო,
ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ჩვენს მოქალაქეებზე და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი პირობები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ჩვენ ვდგავართ თქვენს სამსახურში. ეს ჩვენი ვალდებულებაა! ჩვენ ამას არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენგან მადლობა მოვისმინოთ. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ ოჯახს, თითოეულ თქვენგანს შეეხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად გამოვალთ გაჭირვებიდან, იმ გაჭირვებიდან, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაგროვდა ქვეყანაში და არ ხდებოდა ამ პრობლემების თანამიმდევრული გადაჭრა, არ ხდებოდა ამ პრობლემებზე ზრუნვა. ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ!
სულ მალე ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ეს ეხება მოახლოებულ არჩევნებს. ეს იქნება აბსოლუტურად თავისუფალი არჩევნები. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს რეალური დემოკრატიული. ჩვენი მოქალაქეები არიან აბსოლუტურად თავისუფალნი საკუთარ არჩევანში და ყველა მოქალაქე, თითოეული ადამიანი ხედავს სხვაობას წარსულსა და აწმყოს შორის. მათ იციან, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ეს არჩევნები ჩატარდეს მართლაც ძალიან მშვიდ პირობებში. ამისათვის ვქმნით ყველა შესაბამის პირობას.
ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ხდება ხელისუფლების გადანაწილება, დეცენტრალიზაცია. ვერც ერთმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო აღნიშნული რეფორმის განხორციელება, იმიტომ, რომ მათ ეშინოდათ ძალაუფლების გადაცემის, მაგრამ შიში - ეს არის სუსტი ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება. ჩვენ ამის არ გვეშინია, მეგობრებო, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ თვითონ, ადგილზე, უკეთესად იცით, რა სჭირდება თქვენს სოფელს, თქვენს რაიონს, თქვენს ქალაქს!
ამ რეფორმის შედეგად საქართველოს 12 ქალაქში და 60 რაიონში ხალხი თვითონ აირჩევს ქალაქის მერებს და ქალაქის გამგებელს, საკრებულოს დეპუტატებს. თქვენ თვითონ უნდა გააკონტროლოთ თქვენ მიერ არჩეული მმართველები, და ეს არის რეალური დემოკრატია!
წელს ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. თქვენ პირდაპირი წესით, 50-პროცენტიანი ბარიერით აირჩევთ ამბროლაურის მერსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ურავლესობისთვის მისაღები მმართველები იქნებიან. ეს გაზრდის, რაც მთავარია, მათ ლეგიტიმაციას და მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ თქვენ წინაშე. ისინი თქვენ წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი.
მეგობრებო,
მე ვთქვი და ამან გარკვეული კრიტიკა გამოიწვია, - რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში! და მე მინდა გავიმეორო: რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ ყველგან - ყველა რაიონში, ყველა ქალაქში და ყველა სოფელში!
ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენ მიერ შერჩეული, ძალიან წესიერი და პროფესიონალი კანდიდატები:
ამბროლაურის გამგებელი - ბ-ნი მალხაზ ლომთაძე
ონის გამგებელი - ბ-ნი გია ლობჯანიძე
ცაგერის გამგებელი - ბ-ნი რევაზ ბენიძე
ლენტეხის გამგებელი - ბ-ნი ამირან ჯამბურიძე
მეგობრებო,
მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველას, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ ამ არჩევნებზე. ამ არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები! მე გპირდებით, რომ ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს - სამართლიანობის დამკვიდრების და სამართლიანობის აღდგენის პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე! და ყველა, ვისაც მიუძღვის ბრალეულობა იმ საშინელი სისტემის შექმნისათვის, რომლითაც ათასობით და ათი ათასობით ადამიანმა იზარალა ჩვენს ქვეყანაში, ყველა ამ ადამიანს, მე გპირდებით, რომ აუცილებლად მივცემთ პასუხისგებაში, და ამ პროცესს აუცილებლად დავასრულებთ!
მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მეგობრებო! ჩვენ ჩვენი ქვეყანა დღეს, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავაყენოთ ფეხზე! ჩვენ ჩვენი ეკონომიკა უნდა ავაღორძინოთ! ჩვენი წარმოება უნდა განვავითაროთ ყველა რეგიონში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში!
მე მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ იაქტიუროთ! მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 41!
ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს საქართველოზე!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი