01 ივნისი, 2014

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ლაგოდეხში კოალიცია "ქართული ოცნეების" კანდიდატები წარადგინა

კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის რაიონში გამგებლობის კანდიდატად კახა ჯამბურია დასახელდა. ლაგოდეხის მოსახლეობას რაიონის გამგებლობის კანდიდატი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წარუდგინა. თავის მხრივ, კახა ჯამბურიამ ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კახა ჯამბურიამ მოსახლეობას რაიონის განვითარების სამოქმედო გეგმა გააცნო და მთავარ პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ლაგოდეხის ტურისტულ ზონად გადაქცევა და სოფლის მეურნეუბის ხელშეწყობა დაასახელა. კახა კალაძე კახეთის გუბერნატორთან, გამგებლობის კანდიდატთან და სოფელ კაბალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

31 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრი ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში

''ეტაპობრივად ვაგვარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს'', - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობასთან შეხვედრაზე. შეხვედრა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ცნობილი ქართველი მწერლის მუზეუმი დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. მოსახლეობის განცხადებით, სოფელს სასმელი წყლისა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს; გამაგრებას საჭიროებს სოფლის ცენტრში არსებული ხიდი. პრემიერი მათ დახმარებას დაპირდა. როგორც გაირკვა, წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციის პროექტი წყალმომარაგების კომპანიას უკვე მზად აქვს და დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. მოსახლეობამ პრემიერს სოციალური დახმარებების გაცემის წესის გადახედვაც სთხოვა. "სოციალური დახმარებების გაცემის წესი უსამართლოა და არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, გადავხედოთ ამ სისტემას, რადგან წლების განმავლობაში გროვდებოდა ეს უსამართლობა", - განაცხადა პრემიერმა. მომავალი წლიდან დაიწყება ანა კალანდაძის მუზეუმის მშენებლობა. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფს თანხას. "სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს სოფლები, სადაც გაზი და ელექტროენერგია არ არის . ჩვენ შევისწავლეთ, რომელ რეგიონში რისი წარმოება არის შესალებელი და ხვალიდან ვიწყებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას უსახავს მიზნად. ჩვენ ეტაპობრივად ვაგვარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს. ვაგრძელებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. მთავრობა ქმნის ყველა პირობას, რომ ბიზნესი განვითარდეს ქვეყანაში", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერმა დემოგრაფიულ ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პრობლემების მქონე რეგიონში ყოველ მეოთხე ოჯახზე მთაში გაიცემა 200 ლარი, ხოლო ბარში 150 ლარი. რაც შეეხება ხიდის საყრდენების გამაგრება-რეაბილიტაციას, პროექტი მომავალი წლის პროექტში ჩასმულია. შეხვედრას მხარის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე დაესწრო.

31 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრი წიფნარის სკოლის მშენებლობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ოთხი ოჯახი დაბრუნდა, - ამის შესახებ სოფელში პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფელ წიფნარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუმარტა, სოფლის სკოლის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღის შენობაში ტარდებოდა, რაც არ აკმაყოფილებდა სკოლისთვის შესაბამის ელემენტარულ მოთხოვნებს. სოფელი სკოლის აშენებას 20 წლის განმავლობაში ელოდებიდა, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებდა. 2013 წელს მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ფართობი 1000 მ. კვ. მოიცავს. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება. მიმდინარე წელს გურიის რეგიონში სოფელ ზოტის და სოფელ შუა ამაღლების სკოლების მშენებლობა დაიწყება. ასევე, სრულად რეაბილიტირდება რეგიონის 18 სკოლა. პრემიერი სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობამ პრემიერს შიდა გზის ასფალტირება და სოფლის გაზიფიცირება სთხოვა. "ელემემტარულ პირობებზეა საუბარი. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ ეტაპობრივად ვაგვარებთ მათ. დიდი მადლობა თქვენ ამ მოთმინებისთვის", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას. სოფლის სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნუნუ ანდღულაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მის სოფელში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. "ღმერთმა გიმრავლოთ ჩემნაირი კმაყოფილი ადამიანები და ღმერთმა შეგაძლებინოთ სასიკეთო საქმის კეთება ჩვენი ქვეყნისთვის", - მიმართა მან პრემიერს.

31 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრი სოფელ ლესაში

''სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა'', - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში, სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. პროექტის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ მიაწოდა. მისი განმარტებით, სამუშაოები ივნისში დასრულდება, რის შემდეგადაც რეაბილიტირებული არხები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიცილაპიტეტების სოფლების 400-მდე ჰექტარი მიწის ფართობს მოემსახურება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მელიორაცია სოფლის მეურნეობის განვითარების საკვანძო ელემენტს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე მოსავლიანობის ზრდა წარმოუდგენელია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო სამელიორაციო კომპანიის მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო სამუშაოები ტარდება, რომლის შედეგადაც მხოლოდ 2014 წელს დამატებით გასარწყავებული იქნება 100 ათასამდე ჰექტარი მიწის ფართობი. მთავრობის მეთაური სოფლის მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაცნო. "ყველა რეგიონში ერთსა და იმავე პრობლემებს ვაწყდებით. რაც მთავარია ჩვენ გვაქვს ხედვა როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები. წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით განათლების სისტემაში, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ყველა რეგიონში უნდა აღორძინდეს ტრადიციული მეწარმეობა. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მეწარმეებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკა"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ადგილობრივებმა პრემიერს სოფლის გაზიფიცირება და ფერმებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სთხოვეს, რაშიც მან დახმარება აღუთქვა. ამასთან გაირკვა, რომ სოფელს ახალი საბავშვო ბაღი აუშენდება და მოხდება კულტურის სახლის რეკონსტრუქცია.

31 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრი საავტომობილო გზის მშენებლობაზე

''ძალიან მერიდება, რომ დღეს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორიც გზის მშენებლობაა. მე მირჩევნია,თქვენთვის მეხარებინა, რომ დღეს 5 საწარმო გავხსენით, თუმცა ამის დროც მალე მოვა'', - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის სოფელ შრომის მოსახლეობას. დღეს მთავრობის მეთაურმა ნატანები-შრომა-ურეკის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზა უახლოეს მომავალში დასრულდება. როგორც პრემიერ-მინისტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განუმარტა, ნატანები-შრომა-ურეკის 18-კილომეტრიანი გზა 10 სოფლის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას მოუსხნის,შეუმცირებს სატრანსპორტო ხარჯებს, ასევე რაიონულ ცენტრსა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზასთან დაკავშირებას გაუმარტივებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გზის რეაბილიტაცია ერთის მხრივ -ინფრასტრუქტურის განვითარებას, მეორეს მხრივ კი,მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ირაკლი ღარიბაშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა, რომლებმაც პრემიერს გზის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარებას 40 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების მიზანია, უგზოობის პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, აღნიშნული გზა კი ამის მკაფიო მაგალითია. ნატანები-შრომა-ურეკის 18კმ-იანი გზის რეაბილიტაცია 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. პროექტზე, რომლის ბიუჯეტი 9 659 000 ლარია, 150-მდე ადამიანია დასაქმებული. "მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. თითქმის ყველა რაიონში პრობლემებია. ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის პროგრამა, 17 ფაკულტეტი უფასო გავხადეთ, მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს სოფლის მეურნეობაში", - განაცხადა პრემიერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისივე თქმით, მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

31 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრმა ოზურგეთის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები დღეს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში გამართულ მხარდამჭერ აქციაზე წარუდგინა ოზურგეთის მერობისთვის ბეგლარ სიორიძე იბრძოლებს, მუნიციპალიტების გამგებლობის კანდიდატებად წარდგენილი არიან: 1. ოზურგეთი - მერაბ ჭანუყვაძე 2. ლანჩხუთი - ზაზა ურუშაძე 3. ჩოხატაური - ირაკლი კუჭავა როგორც პრემიერ-მინისტრმა აქციაზე განაცხადა, ისევე, როგორც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებშიც ღირსეულად და დამსახურებულად გაიმარჯვებს და არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გურია გამორჩეული იქნება, გამორჩეული შედეგებით. მისივე თქმით, წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტებს არავინ უმენდა და ყველაფერი დამოკიდებული იყო ერთი კაცის ნება-სურვილზე, ეხლა კი ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სჭირდება თოთოეულ რეგიონს და რაიონს. პრემიერ-მინისტრი გურიის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს .

31 მაისი, 2014

დავით ნარმანია მუნიციპალური ტრანსპორტის წარმომადგენლებს შეხვდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტი, დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა, ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მეტროსადგურის მშენებლობა - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს მხარდამჭერთა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ, სატრანსპორტო კომპანია „ავტობუსები“-ს წარმომადგენლებმა და მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებმა. დავით ნარმანიამ მათ ტრანსპორტის სექტორის განვითარების გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქში უკეთესი მუნიციპალური სისტემა იმოქმედებს, რომელიც ხელს შეუწყობს მგზავრთა კომფორტის ამაღლებას და ტრანსპორტის სექტორში დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

30 მაისი, 2014

მოსახლეობასთან შეხვედრები დიდუბესა და ჩუღურეთში

  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მოსახლეობას დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლადო ძნელაძესთან ერთად შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა. დავით ნარმანია დღესვე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რიმა ბერაძესთან ერთად ნინოშვილისა და ხუდადოვის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ჩუღურეთში 4000 ათასმდე მიწისძვრისგან დაზიანებული ოჯახი დახმარებას ითხოვს. მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც აყრილია გზის საფარი, არ არსებობს ტროტუარი. მოსახლეობა ბაღებისა და სკვერების მოწესრიგებასაც ითხოვს.

30 მაისი, 2014

ვიზიტის შეჯამება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა. მან მნიშვნელოვანი უწოდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრას და აღნიშნა, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის აღდგენასა და განმტკიცებაზე ისაუბრეს, რაც, მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, შეწყვეტილი იყო. პრემიერის განმარტებით, ის უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ბიზნესფორუმის გამართვა და გერმანულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა დეტალურად გაეცნოს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიცო პოტენციალის შესახებ.

30 მაისი, 2014

დაჯილდოების ცერემონია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონიალი გერმანიის ქალაქ აახენში გაიმართა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჯილდოს მიღება მიულოცა. “ძვირფასო ბატონო რომპეი, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ 2014 წლის კარლოს დიდის სახელობის პრემიით დაჯილდოებას და მადლობას მოგახსენებთ არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპულ გზაზე წინსვლაში, არამედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილისთვისაც ევროკავშირის კონსოლიდაციისა და შემდგომი განვითარების საქმეში, “- მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელიც ამ ისტორიული მნიშვნელობის გაფართოებას მოაქვს როგორც ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის, მათი ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც. “საქართველო იზიარებს თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული სივრცის ოცნებას, რომელშიც სუფევს მშვიდობა და კეთილდღეობა და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციას, ენასა და რელიგიას. როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელს, მე მჯერა, რომ საქართველოსაც შეუძლია წვლილის შეტანა ევროპული პროექტის წარმატების განმტკიცებაში!”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

30 მაისი, 2014

შეხვედრა ბიზნესმენებთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ბიზნესის კუთხით იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. როგორც დავით ნარმანიამ „თბილისი-მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მერიის მხრიდან ნაწილობრივი დაფინანსება იქნება . მისივე თქმით, აუცილებელია, მშენებლობასთან და ცალკეული მუნიციპალური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პროცედურები გამარტივდეს და ბიზნეს სექტორსა და თვითმმართველობას შორის კომუნიკაციას უფრო ცივილური სახე მიეცეს.

29 მაისი, 2014

საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ განცხადება გარდაბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს პოზიტიური საარჩევნო გარემო გაამწვავოს,  სხვადასხვა მიზეზებით დაძაბოს სიტუაცია და გააღვივოს შუღლი მოსახლეობაში. ამის დასტური იყო გარდაბანში „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია და შედეგად აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომლის სხვა ჭრილში გადატანასა და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათთვის პირადი თუ პარტიული საქმეები ქვეყანაზე მაღლა დგას და ამისთვის საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაწირვასაც არ ერიდებიან. დარწმუნებულები ვართ, სამართალდამცავი უწყებები დეტალურად შეისწავლიან მომხდარ ინციდენტს და  დამნაშავეები  კანონის წინაშე აგებენ პასუხს.   „ქართული ოცნება“ ერთგულია არჩევნების  ჩატარების დემოკრატიული პრინციპისა და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მიერ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებას.  

29 მაისი, 2014

დავით ნარმანია „ექსპო-ჯორჯიაში“ წიგნის ფესტივალზე იმყოფებოდა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია „ექსპო-ჯორჯიაში“ წიგნის ფესტივალზე იმყოფებოდა. დავით ნარმანიამ ბიბლიოთეკების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და გამომცემლებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, აუცილებელია, წიგნის ფასი ხელმისაწვდომი იყოს, რათა ქვეყანას მეტი განათლებული და წიგნიერი ახალგაზრდა ჰყავდეს. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა წიგნის ფესტივალზე საბავშვო და ბასა ჯანიკაშვილის პიესების კრებული შეიძინა და ავტორთან ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებელია ფესტივალი რეგიონული მნიშვნელობის გახდეს და თბილისი ევროპული ტიპის კულტურულ დედაქალაქად იქცეს. გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული წიგნის ფესტივალი მეთექვსმეტედ ტარდება და მასში ქართველი და უცხოელი გამომცემლები მონაწილეობენ.