24 მაისი, 2014

შეხვედრა ვაშლიჯვარში, ტურბაზის შენობაში მცხოვრებ დევნილებთან.

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შორენა ბუხრაშვილთან ერთად ვაშლიჯვარში, ტურბაზის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან ერთად, შენობაში წლების განმავლობაში მცხოვრები დევნილები ფართის დაკანონებას ითხოვენ. დავით ნარმანიას თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ზრუნავს ჩასახლების შიგნით არსებული პირობების გაუმჯობესებაზე, მერიის ვალდებულება კი დევნილებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და თბილისის მერია მას ამაში უნდა დაეხმაროს.

24 მაისი, 2014

შეხვედრა თბილისის "დინამოს" ბავშვთა აკადემიაში

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე  კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანიასთან ერთად თბილისი "დინამოს" ბავშვთა აკადემიას ეწვია. სტუმრებმა აკადემიის ბაზა დაათვალიერეს და მის კონცეფციას გაეცნენ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მის წინასაარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, აქედან გამომდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მისი მთავარი მიზანი იქნება. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახი კალაძის განცხადებით, ცხოვრების ჯანსაღი წესი პრინციპულად მნიშვნელოვანია,ამიტომ ხელისუფლება მომავალშიც გეგმავს სპორტის პოპულარიზაციას.

23 მაისი, 2014

ძველი ციხის გალავნის არქეოლოგიური სამუშაოების დათვალიერება

„თბილისს თავისი არქეოლოგი ეყოლება“ - ახალი ინიციატივა არქეოლოგებს დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჯაბა სამუშიასთან ერთად მეტეხის ხიდთან არსებული ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ციხის გალავანი დაათვალიერა. არქეოლოგიური აღმოჩენა ვახტანგ გორგასლის პერიოდს განეკუთვნება. იქვე მიაკვლიეს სასახლის უფრო ძველ ფენებსაც, რაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ ხანას მოიცავს. ასევე ნაპოვნია I-II საუკუნის რომაული აბანო, IV საუკუნის მარანი და სხვადასხვა დროის სამარხები. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა,ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და მომავალში აქტიურად იზრუნებს იმაზე რომ გათხრები გაგრძელდეს და შენარჩუნდეს საუკუნეების წინანდელი მემკვიდრეობა. მისივე თქმით, წლების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობებმა ქალაქის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა შეიწირა. როგორც დავით ნარმანია აცხადებს, მისი გამარჯვების შემთხვევაში ბიუჯეტში აუცილებლად გამოიყოფა თანხები სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

22 მაისი, 2014

წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაცია

წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაცია „გახდი წყალბურთის მხარდამჭერი“ – „ივენთ ჰოლში“ გამართულ წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაციას კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის წევრები. პრეზენტაციაზე გაიმართა რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის კლიპის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მხარდასაჭერად გადაიღეს. კონტინენტის პირველობა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 14-27 ივლისს ჩატარდება და საქართველოს ნაკრები ევროპის 12 საუკეთესო გუნდთან ერთად პირველად ითამაშებს. პრეზენტაციაზე წყალბურთის განვითარების გრძელვადიანი პროექტის გეგმაზე ისაუბრეს. საქართველოში წყალბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის დღეს ვეტერანი წყალბურთელები დააჯილდოვეს.

21 მაისი, 2014

შეხვედრები ნაძალადევის რაიონში

21 მაისი, 2014

შეხვედრა კალაუბანში

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ თბილისის ძველ უბანში ავარიული შენობები დაათვალიერა. დავით ნარმანია კალაუბანს „ტფილისი ჰამქრის“ წარმომადგენელთან ერთად ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, აუცილებელია ამორტიზებული შენობების განახლება, ისე, რომ შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და უძველეს შენობებს არ დაეკარგოს ისტორიული იერსახე. როგორც დავით ნარმანია მოსახლეობას დაპირდა, მერად არჩევის შემთხვევაში მოხდება ისტორიული შენობების პასპორტიზაცია და მათი შესწავლისა და ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ, თბილისის ძველი უბანის რესტავრაცია ეტაპობრივად მოხდება.

21 მაისი, 2014

შეხვედრები ისანი სამგორის მოსახლეობასთან

21 მაისი, 2014

ერთობლივი პრესკონფერენცია

''საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა საქართველო-ევროკავშირის მყარ ურთიერთობებზე მიუთითებს'', - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს შეხვედრა ნათელი გზავნილის მატარებელია, რომ ევროკომისია მხარს უჭერს დემოკრატიულ, აყვავებულ, სტაბილურ საქართველოს. ევროკავშირი საქართველოს ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია. ხელმოწერა იქნება ისტორიული ეტაპი და ინვესტიცია მომავალში, რომელიც საზოგადოებას მოუტანს სარგებელს, გახსნის ბაზრებს, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ აყვავებული მომავალი. საქართველო იყო ლიდერი რეფორმებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ძირითად პოლიტიკურ და სასამართლოს სისტემის რეფორმებს. საქართველო ამ გზაზე ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება ევროკავშირის მიერ“, - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ფინანსურ მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსადმი 19 მილიონი ევროს გამოყოფა ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი მხარდაჭერის გამოვლინებაა. თავის მხრივ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერას მთელი რიგი მიმართულებებით და ელის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. „27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობებსა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს. დღეს ჩვენ მოვიწონეთ და მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, როგორც 2014-2016 წლების პერიოდის ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების მთელი კომპლექტი. იგი დაეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) წარმატებული განხორციელების მომზადებაში. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა რომპეიმ განაცხადა გასულ კვირას თბილისში, ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაროზოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღინიშნა, რომ საქართველო რეფორმებს მომავალი თვეების განმავლობაშიც განაგრძობს.

21 მაისი, 2014

ხელმოწერის ცერემონია

საქართველო ევროკავშირისგან დამატებით კიდევ 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს - ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ ხელი დღეს მოაწერეს. ევროკავშირის ინიციატივის – "აღმოსავლეთის პარტნიორობის" (EaP) პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული იყო დახმარების ინსტრუმენტი - ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა (CIB), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან” - DCFTA) დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას. ინსტრუმენტი ასევე ითვალისწინებს იმ ინსტიტუტების საქმიანობათა გაუმჯობესებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გამარტივებული სავიზო რეჟიმის და რეადმისიის შეთანხმებასთან და მიგრაციის საკითხებთან. CIB -ს ფარგლებში 2011-2013 წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 30.86 მილიონ ევროს შეადგენდა. დახმარების შემდეგი ეტაპი (2014-2020წწ), კონკრეტულად DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) განხორციელებასთან არის დაკავშირებული.