06 მაისი, 2014

შეხვედრა „უსინათლოთა კავშირის“ წევრებთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს „უსინათლოთა კავშირის“ წევრებს შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. დავით ნარმანიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების ძირითად გზებზე ისაუბრა. შშმპ-თვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათი საცხოვრებელი და ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორება და სამუშაო ადგილების შექმნა-ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლის მოგვარებასაც თბილისის მერობის კანდიდატი „უსინათლოთა კავშირის წევრებს“ პირდება. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მოსაწესრიგებელია სავალი ბილიკები და საქალაქო ტრანსპორტი, გადასასვლელებზე დასაყენებელია ხმოვანი შეტყობინებები. დავით ნარმანიას თქმით, საარჩევნო პროგრამაში ჩადებულია სპეციალური პუნქტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კომუნალურ შეღავათებს გულისხმობს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერის უფლებამოსილებას ჩაიბარებს, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში უსინათლოთა უფრო მეტად ინტეგრირებას. ნარმანია პირობას დებს, რომ ისინი დედაქალაქის მმართველობაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ.

06 მაისი, 2014

„ქართულმა ოცნებამ“ მარტვილში გამგებლობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგლა ჟვანიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ალექსანდრე გრიგალავა წარადგინა. „კოალიციაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი განიხილებოდა მარტვილის გამგებლის კანდიდატად, თუმცა არჩევანი შეჩერდა მათ შორის ყველაზე ღირსეულზე მე კი მხვდა პატივი, რომ ისამომრჩევლებისთვის წარმედგინა. ვფიქრობ ყველა ის გეგმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო დასახული განხორცილდება მარტვილის მუნიციპალიტეტშიც“, - განაცხადა დეპუტატმა.  გამგებლობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო: „მარტვილის რაიონი არის აგრარული რაიონი, ამიტომ ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინვესტორები შემოვიყვანოთ რაიონში და სოფლის მეურბნეობა ფეხზე დავაყენოთ“.      

05 მაისი, 2014

ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან

დავით ნარმანია - „ფასადებს მიღმა ბევრი პრობლემა იმალება“. კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დიდუბის რაიონის მოსახლეობას წერეთლის, აღმაშენებლის გამზირსა და აღმაშენებლის ბაღში შეხვდა. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ დახმარება აღუთქვა. როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ფასადებს მიღმა ბევრი პრობლემა იმალება და აღმაშენებლის გამზირი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ აკეთებდნენ. მისივე თქმით, ჩვენ თავად უნდა დავიცვათ ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები „ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ქალაქის საკრებულოში შევალ ინიციატივით, ნებისმიერი წარწერა გაკეთდეს ეროვნულ ენაზე“ - აცხადებს დავით ნარმანია. მისივე თქმით, შემუშავდება ეროვნული დაცვის სტანდარტი. დღესვე დავით ნარმანია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს ესტუმრა.

05 მაისი, 2014

საცობებისგან განტვირთვის 10 პროექტი

„თბილისის მერიის მოვალეობა არსებულ რეალობაზე დედაქალაქის ინფრასტრუქტურის ოპტიმალური მორგებაა. ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქალაქი გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს უფრო ძლიერი, კომფორტული და მშვიდი თბილისი დავუტოვოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს, პუშკინის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 10 ახალი პროექტი გააცნო. პროგრამის - „ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის“ ფარგლებში შემუშავებული პროექტები გულისხმობს პუშკინის ქუჩაზე დამატებითი ორი ზოლის გაკეთებას და გზის გადაკეტილ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, ვაშლიჯვარში, ყოფილი ინტენსიფიკაციის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სერპანტინის გაკეთებას, თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაფართოებას, სანაპიროზე წარმოქმნილი საცობების განტვირთვას და სხვა. დავით ნარმანიას თქმით, პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისის უბნებში გადაადგილება დროის დაკარგვისა და დაძაბულობის გარეშე იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ყველა წარმოდგენილი პროექტი სიცოცხლისუნარიანია და განხორციელება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერიაში მისი მისვლისთანავე დაიწყება.

05 მაისი, 2014

ზუგდიდის მერობის კანდიდატის ირაკლი გოგოხიას ინტერვიუ "ლაივპრესთან"

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია დაიბადა 1969 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისეტის კომერციის ფაკულტეტი, 1995 წელს კი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995 წელს სწავლობდა ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში. ამავე წელს იყო „დოიჩე ბანკის“ სტაჟიორი. 1991-1993 წლებში სააქციო საზოგადოება „კავკასიის სასაქონლო სანედლეულო სავალუტო ბირჟის ზუგდიდის ფილიალის“ დირექტორის მოადგილე. 1993-1995 წლებში ბანკ „გეას“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1996-2002 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალს. 2002-2003 წლებში იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლამდე კი საკრებულოს წევრი. 2007 წელს დაარსა შპს „ზუგპეტროლი“ და დღემდე მისი მესაკუთრეა. 2009 წლიდან შპს „ოილპროს“ დამფუძნებელია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე

03 მაისი, 2014

შეხვედრა ავლაბრის მოსახლეობასთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უკვე შეხვდა ქურხულის, ფოსტის, შირაქის და გარე კახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. მოსახლეობა ძირითად პრობლემებად საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების გაუმართაობას, ბინის საკუთრების საკითხის მოწესრიგებას და ავარიულ სახლებს ასახელებს. დავით ნარმანიას თქმით, ავარიული სახლები, რომლებიც გამაგრებას ექვემდებარება, მერიის სახსრებით შეკეთდება, სახლები კი, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია, მათი ტერიტორიები პოტენციურ სამშენებლო ზონებად განიხილება. მისივე თქმით, გააქტიურდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. დედაქალაქის მერობის კანდიდატი ახალ მშენებლობებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქალაქში არ იქნება დაუგეგმავი, უპასუხისმგებლო და გაუთვლელი მშენებლობები. გათვალისწინებული იქნება სარეკრეაციო, პარკირების ზონები და რაც მთავარია, ინვესტორებს და მშენებლებს მოეთხოვებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვს ადაპტირებული გარემოს შექმნა. „ჩვენ მაქსიმალურად მოვთხოვთ ინვესტორებს და მშენებლებს, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სასამართლოს წესით მოეთხოვებათ პასუხი“ - აცხადებს ნარმანია.

03 მაისი, 2014

შოთა მურღულიას სიტყვა

ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, ჩემო თანაქალაქელებო, ეს  ქალაქი ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის - ეს არის ჩვენმადე მოსული ისტორია, ეს არის ძველი კოლხური ცივილიზაცია, დავით აღმაშენებელი, ბაგრატი და გელათი, ეს არის აკაკის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, დიდი ვერიკოს, აკაკი ვასაძის, დავით კაკაბაძისა და სხვათა და სხვათა  ქალაქი  - ჭეშმარიტად პატრიოტი მოქალაქეებით! ეს ქალაქი ჩვენია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე, მოვეფეროთ,  შევინარჩუნოთ ძველი და შევქმნათ ახალი. დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს! და ეს შესაძლებლობა  „ქართულმა ოცნებამ“  მოგვცა - ძალამ, რომელსაც პირველად საქართველოს ისტორიაში, არ შეეშინდა ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის!!! საკუთარ ქალაქზე  პასუხისმგებლობის აღება იმ ახალ  პოლიტიკურ  რეალობაში  გვიწევს,  რაც საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დადგა. „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემა შეცვალა - მან  გადააფასა ღირებულებები.  თუ მანამდე  ხალხი რეჟიმად ქცეული სახელმწიფოს მსხვერპლი  იყო, დღეს სახელმწიფო მოქალაქეს ემსახურება. მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ გუნდს,  რომელმაც არა მხოლოდ ამხილა ქვეყანაში გაბატონებული ძალადობა და უსამართლობა, გაგვათავისუფლა კიდეც  ამ უსამართლობისგან და  მთავარ  ღირებულებად  თავისუფალი ადამიანი გამოაცხადა! შედეგზე ორიენტირებულობა „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტია.  ამის დამტკიცება ჩვენმა ხელისუფლებამ მოკლე დროში  შეძლო.  თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავზე იგრძნო იმ გრძელვადიანი სოციალური, სამართლებრივი, სასოფლო-სამეურნეო და ბიზნესპროექტების სიკეთე, რომელთა განხორციელებაც  „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო და დღესაც წარმატებით აგრძელებს. ეს არჩევნები გამორჩეულია ამ ტიპის ყველა წინა არჩევნებისგან  - ჩვენ გვეძლევა არა მხოლოდ არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა - ვისაც დღეს ავირჩევთ, ხვალიდან მას აქტიურად გავაკონტროლებთ და ყველა დანაპირების სრულად შესრულებას მოვთხოვთ! თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობით, დღეს თავად ჩვენ გვეძლევა საკუთარი ქალაქის ბედის გადაწყვეტის საშუალება!!! აქამდე ჩვენი ქალაქის ბედს სხვები წყვეტდნენ, ისინი, ვისთვისაც ქუთაისი  მხოლოდ საქართველოს ლამაზი დეკორაციის ნაწილი, ეგზოტიკური ბუნება და რომანტიკული თეთრი ხიდია! ჩვენს ქალაქს კი ბევრი რამ სტკივა - უმუშევრობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, დაბინძურებული ჰაერი, მოუვლელი ნაგავსაყრელები,  მოუწესრიგებელი გზები ....   როგორც ქუთაისის მომავალი მერი, ყველა ამ პრობლემის მოგვარებას, თქვენთან ერთად, თქვენი აქტიური ჩართულობით  ვაპირებ. მე რამდენიმე თვის წინ წარმადგინეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად.  საკუთარი ქალაქის ბედზე ზრუნვის შესაძლებლობა  ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია.  იმავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მდიდარი ისტორიითა და დიდი ტურისტული შესაძლებლობებით - ასე წარვუდგენთ-ხოლმე სტუმრებს ჩვენს ქალაქს, თუმცა, ქუთაისის მთავარი სიმდიდრე და პოტენციალი თავად ქუთაისელები არიან. ეს ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პედაგოგიური საზოგადოებით, აკადემიური წრეებით, ინჟინრებით, კულტურისა და სპორტის სფეროს მოღვაწეებით, ადამიანებით, რომლებიც ცხოვრობდნენ  და ცხოვრობენ ქუთაისში და ქუთაისისთვის. სწორედ ისინი ქმნიდნენ ამ ქალაქის ისტორიას და მის განუმეორებელ კოლორიტს, რომელიც არაერთი გვყავს. აქ ყველაზე მტკივნეულ საკითხებზეც იუმორით საუბრობენ, თუმცა ქალაქს და მის მცხოვრებლებს დღემდე ბევრი რამ აწუხებს. 5 თვე ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია ამ ყველაფრის დასანახად. სასურველ შედეგთან მხოლოდ სწორი ხედვა მიგვიყვანს - ჩვენ შევიმუშავეთ ქალაქის დაგეგმარების სრულიად ახალი მოდელი, რეალური და განხორციელებადი გეგმა - სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით იქმნება. დღეს ქალაქი ორ, რადიკალურად განსხვავებულ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი მეტ-ნაკლებად რეაბილიტირებულია, მეორეს კი ეს პროცესი არ შეხებია. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც ამ ნაწილის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანი ქუთაისის უსაფრთხო და კომფორტულ ქალაქად ქცევაა, რომელშიც ძველის ახლით ჩანაცვლება ფრთხილად, ქალაქის ტრადიციულ არქიტექტურაზე მორგებით უნდა განვახორციელოთ. ჩვენ შევინარჩუნებთ ძველი ქუთაისის მემკვიდრეობას და თვითმყოფად კულტურას, აღ­ვად­გენთ მწყობრიდან გამოსულ კომუნიკაციებს, არ დავუშვებთ, რომ ახალმა მშენებლობებმა დაარღვიოს ქალაქის ურბანულ-არქიტექტურული სივრცე, მოშალოს  ქალაქური კულტურის რელიეფი. სრულვყოფთ ქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ისე, რომ ქუთაისი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, საყოველთაო და უსაფრთხო გახდეს. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნაა. უმუშევრობა - ჩვენი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ ჩვენ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით დავძლევთ ამ პრობლემას. ჩვენი დასაქმების პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორის შესაძლებლობების ზრდას და გაფართოებას, მუნიციპალური პროექტების დასაქმების ზრდაზე ორიენტაციას, ბაზარზე ორიენ­ტი­რებული კვალიფიკაციის ზრდის და პროფესიული გადამზადების სისტემას. ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის შესაძლებლობების ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ვიზრუნებთ იმაზე, რომ კერძო სექტორმა  თავად მოახერხოს სამუშაო ადგილების შექმნა. დავაფინანსებთ მსხვილ სამშენებლო და საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც დიდი პროფესიონალური და ადამიანური რესურსი სჭირდება. პრო­ფე­სიული გადამზადების ცენტრების დახმარებით, რაც შეიძლება მეტ უმუშევარ ადამიანს ჩავრთავთ მათ განხორციელებაში. სოციალური უსაფრთხოება და სამართლიანობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრი­ო­რი­ტე­ტია. ჩვენ ვიზრუნებთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების გა­ფარ­თოებაზე, დავაწესებთ შეღავათებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ გადასახადებზე . შემუშავებულია ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინასების პროგრამა, სოციალურად დაუცველი მოსახ­ლეო­ბისათვის დაწესებული შეღავათები მიმდინარე თვიდან შედის ძალაში, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო წლის დასაწყისში მოქმედებს  მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა. დაიგეგმა თანადაფინანსების პროგრამების განვითარება სოციალურად დაუცველთა პრობ­ლემების მოგვარების მიზნით. გადაწყდა, რომ ქუთაისის გარეუბანში არსებული გამოუყენებელი შენობები გამოყენებული იქნება საბინაო ფონდისთვის და მოემსახურება ამ სტატუსის მქონე ადამიანებს. ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს დევნილ მოქალქეებზე - უზრუნველვყოფთ მათი კომპაქტური დასა­ხ­ლე­ბების ინფრასტრულ კეთილმოწყობას. წყალმომარაგება - ეს ის საკითხია, რომლის მოგვარებასაც ათეული წლებია ითხოვენ ქალაქის მცხოვებლები. უახლოეს მომავალში ეს საკითხი გადაწყდება - პროექტი მომზადებულია და სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ქალაქში სანიაღვრე სისტემის, შიდა გზების მოწესრიგებისა და დასუფთავების პრობლემების გადაჭრის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად  შე­უმ­სუ­ბუ­ქებს მდგომარეობას ჩვენს თანაქალაქელებს. საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს ახალგაზრდებისთვის საინტერესო კულტურული თუ სპორტული ცხოვრების შეთავაზება უნდა შეეძლოს. ჩვენ შევქნით ჯანსაღ გარემოს ჩვენი მოქალაქეებისთვის - ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს, გავაფართოვებთ სარეკრიაციო და დასასვენებელ ზონებს, ვამზადებთ სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის კონკრეტულ პროგრამას.   მერია წაახალისებს და მხარს დაუჭერს პროექტებს, რომელთა განხორციელება ქალაქში კულტურულ ცხოვრებას გააუმჯობესებს. კიდევ ბევრის  ჩამოთვლა შეიძლება - ბევრი რამ მოგვარდა, ბევრი დაიგეგმა, ძალიან ბევრი ჩვენი გასაკეთებელია. დღეს ჩვენ გვეძლევა შანსი, თავად მივხედოთ ყველა ამ პრობლემას. ამ შანსს ეს არჩევნები გვაძლევს. მასში  მონაწილეობის მიღება და სწორი არჩევანის გაკეთება იმ რეალური გზის დასაწყისია, რომელმაც  ქუთაისს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს და ღირსეული მომავალი შეუქმნას. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი რეალური შესაძლებლობაა,  ჩვენი ქალაქის ბედი ჩვენივე თანაქალაქელებს ვანდოთ, ადამიანებს, რომლებიც იცნობენ  ჩვენს ქალაქს, სტკივათ  იგი და თავის მომავალს მის  ხვალინდელ დღეში ხედავენ. ჩვენ შევძლებთ ძლიერი თვითმმართველობის არჩევას  და ეს ჩვენი ქალაქის, თითოეული ჩვენგანის დიდი გამარჯვება იქნება! ამ გამარჯვებას ჩვენ ერთად მივაღწევთ,  ქუთაისს ამის დიდი პროფესიული, ინტელექტუალური და კულტურული შესაძლებლობა აქვს! ერთგულება, სიმტკიცე, მიზანსწრაფულობა - ეს ჩვენი ბრძოლის იარაღია! ერთად მივიდეთ  გამარჯვებამდე!!!  ერთად შევქმნათ  ჩვენი ქალაქის მომავალი!!!    ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე! !!

02 მაისი, 2014

დავით ნარმანია საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ბუკიას ბაღსა და მიცკევიჩის ქუჩაზე საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, თბილისს ექნება გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მისივე თქმით, დაცული იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და პარკირების ადგილისა და სარეკრეაციო ზოლის გარეშე არც ერთი შენობა, მათ შორის საცხვორებელი კორპუსი არ აშენდება. „ჩვენ გავზარდეთ პენსია ჯერ 125, შემდეგ 150- ლარამდე, ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, დედაქალაქში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განხორციელდება, რისთვისაც 800 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს ეხებოდა. დედაქალაქის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიამ დღეს პენსიონერებთან ერთად ნარდი ითამაშა, გაიმარჯვა და მათგან არჩევნებში გამარჯვების სურვილებიც მოისმინა.

02 მაისი, 2014

მორიგი შეხვედრა მხარდამჭერთა დარბაზთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას მხარდამჭერთა დარბაზში დღეს მორიგი შეხვედრა სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრაზე ამ სფეროებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გამოითქვა გულისტკივილი იმის გამო, რომ დედაქალაქის სკვერებსა და ბაღებში არ არსებობს კულტურული და მუსიკალური სივრცე, მოსაწესრიგებელია სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. აღინიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეებს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ირჩევდნენ. დავით ნარმანიას თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის ელექტრონულ რუკაზე დატანილ უბნებზე მოინიშნება ყველა ცარიელი ადგილი და დაიწყება სხვადასხვა სახის სპორტული ობიექტების მშენებლობა. მისივე თქმით, თვეში მინიმუმ, ერთი ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართება. ტრადიციულ კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, მსოფლიოს კულტურული სიახლეების წარმოსაჩენად განხორციელდება პროექტი, რომელიც ყოვეწლიურად იმართება ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში.

30 აპრილი, 2014

დავით ნარმანია ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს მესხიშვილის, წერონისის, მანჯგალაძის და დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე განაცხადა, გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 500 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება. ნაძალადევის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემებსაც უჩივის, რაზეც დავით ნარმანია აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ მიღწეულია შეთანხმება და იმ შემთხვევაში, თუ გაწერილი გრაფიკის მიხედვით არ გადაიჭრება პრობლემები, კომპანიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ამოქმედდება. გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, პრიორიტეტულია გზების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების და მოედნების მშენებლობა, ქალაქის გამწვანება და სხვა.

29 აპრილი, 2014

შეხვედრა კრწანისის რაიონის მოსახლეობასთან

დავით ნარმანიამ თბილისის რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრები კრწანისის რაიონიდან დაიწყო. კოალიცია „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ლესელიძის ქუჩის და აბანოთუბნის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მოსახლეობას ძირითადად უმუშევრობა, ინფრასტრუქტურული, გამწვანების, საერთო საკუთრებისა და ბინათმშენებლობის მართვასთნ დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. დავით ნარმანიას თქმით, მის წინასაარჩევნო პროგრამაში თითოეული ამ პრობლემის გადაჭრის გეგმა დეტალურადაა გაწერილი და მის განსახორციელებლად საჭიროა სწორი მენეჯმენტი და რესურსების ეფექტური და რაციონალური ხარჯვა.

25 აპრილი, 2014

დავით ნარმანიას მილოცვა ახალგაზრდა ეკონომისტებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას 25 წლის იუბილეს ულოცავს. ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს დავით ნარმანიას ახალგაზრდა ეკონომისტებმა სპეციალური ჯილდო გადასცეს. შეხვედრაზე ორგანიზაციაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დავით ნარმანიამ ასოციაციაში მუშაობის წლები გაიხსენა და ორგანიზაციას კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება უსურვა. მისი თქმით, თუ თვალს გადავავლებთ განვლილ წლებს, ასოციაციას არცთუ ცოტა უმუშავია. მისივე თქმით, ასოციაციის მიერ შემუშავებული ბევრი კვლევა და დოკუმენტი დღესაც არ კარგავს აქტუალობას . დავით ნარმანია ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში 1999–2001 წლებში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი გამგეობის თავმჯდომარე.