05 მაისი, 2014
„თბილისის მერიის მოვალეობა არსებულ რეალობაზე დედაქალაქის ინფრასტრუქტურის ოპტიმალური მორგებაა. ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქალაქი გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს უფრო ძლიერი, კომფორტული და მშვიდი თბილისი დავუტოვოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს, პუშკინის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 10 ახალი პროექტი გააცნო. პროგრამის - „ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის“ ფარგლებში შემუშავებული პროექტები გულისხმობს პუშკინის ქუჩაზე დამატებითი ორი ზოლის გაკეთებას და გზის გადაკეტილ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, ვაშლიჯვარში, ყოფილი ინტენსიფიკაციის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სერპანტინის გაკეთებას, თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაფართოებას, სანაპიროზე წარმოქმნილი საცობების განტვირთვას და სხვა. დავით ნარმანიას თქმით, პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისის უბნებში გადაადგილება დროის დაკარგვისა და დაძაბულობის გარეშე იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ყველა წარმოდგენილი პროექტი სიცოცხლისუნარიანია და განხორციელება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერიაში მისი მისვლისთანავე დაიწყება.