×

03 მაისი, 2014

შეხვედრა ავლაბრის მოსახლეობასთან

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უკვე შეხვდა ქურხულის, ფოსტის, შირაქის და გარე კახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. მოსახლეობა ძირითად პრობლემებად საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების გაუმართაობას, ბინის საკუთრების საკითხის მოწესრიგებას და ავარიულ სახლებს ასახელებს. დავით ნარმანიას თქმით, ავარიული სახლები, რომლებიც გამაგრებას ექვემდებარება, მერიის სახსრებით შეკეთდება, სახლები კი, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია, მათი ტერიტორიები პოტენციურ სამშენებლო ზონებად განიხილება. მისივე თქმით, გააქტიურდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. დედაქალაქის მერობის კანდიდატი ახალ მშენებლობებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქალაქში არ იქნება დაუგეგმავი, უპასუხისმგებლო და გაუთვლელი მშენებლობები. გათვალისწინებული იქნება სარეკრეაციო, პარკირების ზონები და რაც მთავარია, ინვესტორებს და მშენებლებს მოეთხოვებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვს ადაპტირებული გარემოს შექმნა. „ჩვენ მაქსიმალურად მოვთხოვთ ინვესტორებს და მშენებლებს, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სასამართლოს წესით მოეთხოვებათ პასუხი“ - აცხადებს ნარმანია.