×

03 მაისი, 2014

შოთა მურღულიას სიტყვა

ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, ჩემო თანაქალაქელებო,

ეს  ქალაქი ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის - ეს არის ჩვენმადე მოსული ისტორია, ეს არის ძველი კოლხური ცივილიზაცია, დავით აღმაშენებელი, ბაგრატი და გელათი, ეს არის აკაკის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, დიდი ვერიკოს, აკაკი ვასაძის, დავით კაკაბაძისა და სხვათა და სხვათა  ქალაქი  - ჭეშმარიტად პატრიოტი მოქალაქეებით!

ეს ქალაქი ჩვენია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე, მოვეფეროთ,  შევინარჩუნოთ ძველი და შევქმნათ ახალი.

დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს!

და ეს შესაძლებლობა  „ქართულმა ოცნებამ“  მოგვცა - ძალამ, რომელსაც პირველად საქართველოს ისტორიაში, არ შეეშინდა ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის!!!

საკუთარ ქალაქზე  პასუხისმგებლობის აღება იმ ახალ  პოლიტიკურ  რეალობაში  გვიწევს,  რაც საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დადგა.

„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემა შეცვალა - მან  გადააფასა ღირებულებები.  თუ მანამდე  ხალხი რეჟიმად ქცეული სახელმწიფოს მსხვერპლი  იყო, დღეს სახელმწიფო მოქალაქეს ემსახურება.

მე ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ გუნდს,  რომელმაც არა მხოლოდ ამხილა ქვეყანაში გაბატონებული ძალადობა და უსამართლობა, გაგვათავისუფლა კიდეც  ამ უსამართლობისგან და  მთავარ  ღირებულებად  თავისუფალი ადამიანი გამოაცხადა!

შედეგზე ორიენტირებულობა „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტია.  ამის დამტკიცება ჩვენმა ხელისუფლებამ მოკლე დროში  შეძლო.  თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავზე იგრძნო იმ გრძელვადიანი სოციალური, სამართლებრივი, სასოფლო-სამეურნეო და ბიზნესპროექტების სიკეთე, რომელთა განხორციელებაც  „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო და დღესაც წარმატებით აგრძელებს.

ეს არჩევნები გამორჩეულია ამ ტიპის ყველა წინა არჩევნებისგან  - ჩვენ გვეძლევა არა მხოლოდ არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა - ვისაც დღეს ავირჩევთ, ხვალიდან მას აქტიურად გავაკონტროლებთ და ყველა დანაპირების სრულად შესრულებას მოვთხოვთ!

თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობით, დღეს თავად ჩვენ გვეძლევა საკუთარი ქალაქის ბედის გადაწყვეტის საშუალება!!!

აქამდე ჩვენი ქალაქის ბედს სხვები წყვეტდნენ, ისინი, ვისთვისაც ქუთაისი  მხოლოდ საქართველოს ლამაზი დეკორაციის ნაწილი, ეგზოტიკური ბუნება და რომანტიკული თეთრი ხიდია!

ჩვენს ქალაქს კი ბევრი რამ სტკივა - უმუშევრობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, დაბინძურებული ჰაერი, მოუვლელი ნაგავსაყრელები,  მოუწესრიგებელი გზები ....  

როგორც ქუთაისის მომავალი მერი, ყველა ამ პრობლემის მოგვარებას, თქვენთან ერთად, თქვენი აქტიური ჩართულობით  ვაპირებ.

მე რამდენიმე თვის წინ წარმადგინეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად.  საკუთარი ქალაქის ბედზე ზრუნვის შესაძლებლობა  ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია.  იმავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მდიდარი ისტორიითა და დიდი ტურისტული შესაძლებლობებით - ასე წარვუდგენთ-ხოლმე სტუმრებს ჩვენს ქალაქს, თუმცა, ქუთაისის მთავარი სიმდიდრე და პოტენციალი თავად ქუთაისელები არიან. ეს ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პედაგოგიური საზოგადოებით, აკადემიური წრეებით, ინჟინრებით, კულტურისა და სპორტის სფეროს მოღვაწეებით, ადამიანებით, რომლებიც ცხოვრობდნენ  და ცხოვრობენ ქუთაისში და ქუთაისისთვის. სწორედ ისინი ქმნიდნენ ამ ქალაქის ისტორიას და მის განუმეორებელ კოლორიტს, რომელიც არაერთი გვყავს.

აქ ყველაზე მტკივნეულ საკითხებზეც იუმორით საუბრობენ, თუმცა ქალაქს და მის მცხოვრებლებს დღემდე ბევრი რამ აწუხებს. 5 თვე ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია ამ ყველაფრის დასანახად.

სასურველ შედეგთან მხოლოდ სწორი ხედვა მიგვიყვანს - ჩვენ შევიმუშავეთ ქალაქის დაგეგმარების სრულიად ახალი მოდელი, რეალური და განხორციელებადი გეგმა - სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით იქმნება.

დღეს ქალაქი ორ, რადიკალურად განსხვავებულ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი მეტ-ნაკლებად რეაბილიტირებულია, მეორეს კი ეს პროცესი არ შეხებია. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც ამ ნაწილის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

ჩვენი მიზანი ქუთაისის უსაფრთხო და კომფორტულ ქალაქად ქცევაა, რომელშიც ძველის ახლით ჩანაცვლება ფრთხილად, ქალაქის ტრადიციულ არქიტექტურაზე მორგებით უნდა განვახორციელოთ.

ჩვენ შევინარჩუნებთ ძველი ქუთაისის მემკვიდრეობას და თვითმყოფად კულტურას, აღ­ვად­გენთ მწყობრიდან გამოსულ კომუნიკაციებს, არ დავუშვებთ, რომ ახალმა მშენებლობებმა დაარღვიოს ქალაქის ურბანულ-არქიტექტურული სივრცე, მოშალოს  ქალაქური კულტურის რელიეფი.

სრულვყოფთ ქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ისე, რომ ქუთაისი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, საყოველთაო და უსაფრთხო გახდეს.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნაა. უმუშევრობა - ჩვენი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ ჩვენ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით დავძლევთ ამ პრობლემას.

ჩვენი დასაქმების პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორის შესაძლებლობების ზრდას და გაფართოებას, მუნიციპალური პროექტების დასაქმების ზრდაზე ორიენტაციას, ბაზარზე ორიენ­ტი­რებული კვალიფიკაციის ზრდის და პროფესიული გადამზადების სისტემას.

ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის შესაძლებლობების ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ვიზრუნებთ იმაზე, რომ კერძო სექტორმა  თავად მოახერხოს სამუშაო ადგილების შექმნა.

დავაფინანსებთ მსხვილ სამშენებლო და საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც დიდი პროფესიონალური და ადამიანური რესურსი სჭირდება. პრო­ფე­სიული გადამზადების ცენტრების დახმარებით, რაც შეიძლება მეტ უმუშევარ ადამიანს ჩავრთავთ მათ განხორციელებაში.

სოციალური უსაფრთხოება და სამართლიანობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრი­ო­რი­ტე­ტია. ჩვენ ვიზრუნებთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების გა­ფარ­თოებაზე, დავაწესებთ შეღავათებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ გადასახადებზე .

შემუშავებულია ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინასების პროგრამა, სოციალურად დაუცველი მოსახ­ლეო­ბისათვის დაწესებული შეღავათები მიმდინარე თვიდან შედის ძალაში, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო წლის დასაწყისში

მოქმედებს  მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა.

დაიგეგმა თანადაფინანსების პროგრამების განვითარება სოციალურად დაუცველთა პრობ­ლემების მოგვარების მიზნით. გადაწყდა, რომ ქუთაისის გარეუბანში არსებული გამოუყენებელი შენობები გამოყენებული იქნება საბინაო ფონდისთვის და მოემსახურება ამ სტატუსის მქონე ადამიანებს.

ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს დევნილ მოქალქეებზე - უზრუნველვყოფთ მათი კომპაქტური დასა­ხ­ლე­ბების ინფრასტრულ კეთილმოწყობას.

წყალმომარაგება - ეს ის საკითხია, რომლის მოგვარებასაც ათეული წლებია ითხოვენ ქალაქის მცხოვებლები. უახლოეს მომავალში ეს საკითხი გადაწყდება - პროექტი მომზადებულია და სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩვენ გვაქვს ქალაქში სანიაღვრე სისტემის, შიდა გზების მოწესრიგებისა და დასუფთავების პრობლემების გადაჭრის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად  შე­უმ­სუ­ბუ­ქებს მდგომარეობას ჩვენს თანაქალაქელებს.

საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს ახალგაზრდებისთვის საინტერესო კულტურული თუ სპორტული ცხოვრების შეთავაზება უნდა შეეძლოს. ჩვენ შევქნით ჯანსაღ გარემოს ჩვენი მოქალაქეებისთვის - ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს, გავაფართოვებთ სარეკრიაციო და დასასვენებელ ზონებს, ვამზადებთ სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის კონკრეტულ პროგრამას.

 

მერია წაახალისებს და მხარს დაუჭერს პროექტებს, რომელთა განხორციელება ქალაქში კულტურულ ცხოვრებას გააუმჯობესებს.

კიდევ ბევრის  ჩამოთვლა შეიძლება - ბევრი რამ მოგვარდა, ბევრი დაიგეგმა, ძალიან ბევრი ჩვენი გასაკეთებელია.

დღეს ჩვენ გვეძლევა შანსი, თავად მივხედოთ ყველა ამ პრობლემას. ამ შანსს ეს არჩევნები გვაძლევს. მასში  მონაწილეობის მიღება და სწორი არჩევანის გაკეთება იმ რეალური გზის დასაწყისია, რომელმაც  ქუთაისს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს და ღირსეული მომავალი შეუქმნას.

ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი რეალური შესაძლებლობაა,  ჩვენი ქალაქის ბედი ჩვენივე თანაქალაქელებს ვანდოთ, ადამიანებს, რომლებიც იცნობენ  ჩვენს ქალაქს, სტკივათ  იგი და თავის მომავალს მის  ხვალინდელ დღეში ხედავენ.

ჩვენ შევძლებთ ძლიერი თვითმმართველობის არჩევას  და ეს ჩვენი ქალაქის, თითოეული ჩვენგანის დიდი გამარჯვება იქნება!

ამ გამარჯვებას ჩვენ ერთად მივაღწევთ,  ქუთაისს ამის დიდი პროფესიული, ინტელექტუალური და კულტურული შესაძლებლობა აქვს!

ერთგულება, სიმტკიცე, მიზანსწრაფულობა - ეს ჩვენი ბრძოლის იარაღია!

ერთად მივიდეთ  გამარჯვებამდე!!!

 ერთად შევქმნათ  ჩვენი ქალაქის მომავალი!!!

 

 ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე! !!