02 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას მხარდამჭერთა დარბაზში დღეს მორიგი შეხვედრა სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრაზე ამ სფეროებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გამოითქვა გულისტკივილი იმის გამო, რომ დედაქალაქის სკვერებსა და ბაღებში არ არსებობს კულტურული და მუსიკალური სივრცე, მოსაწესრიგებელია სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. აღინიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეებს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ირჩევდნენ. დავით ნარმანიას თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის ელექტრონულ რუკაზე დატანილ უბნებზე მოინიშნება ყველა ცარიელი ადგილი და დაიწყება სხვადასხვა სახის სპორტული ობიექტების მშენებლობა. მისივე თქმით, თვეში მინიმუმ, ერთი ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართება. ტრადიციულ კულტურულ ღონისძიებებთან ერთად, მსოფლიოს კულტურული სიახლეების წარმოსაჩენად განხორციელდება პროექტი, რომელიც ყოვეწლიურად იმართება ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში.