02 მაისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ბუკიას ბაღსა და მიცკევიჩის ქუჩაზე საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. დავით ნარმანიას თქმით, თბილისს ექნება გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მისივე თქმით, დაცული იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და პარკირების ადგილისა და სარეკრეაციო ზოლის გარეშე არც ერთი შენობა, მათ შორის საცხვორებელი კორპუსი არ აშენდება. „ჩვენ გავზარდეთ პენსია ჯერ 125, შემდეგ 150- ლარამდე, ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, დედაქალაქში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განხორციელდება, რისთვისაც 800 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის სფეროს ეხებოდა. დედაქალაქის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიამ დღეს პენსიონერებთან ერთად ნარდი ითამაშა, გაიმარჯვა და მათგან არჩევნებში გამარჯვების სურვილებიც მოისმინა.