×
×

21 მაისი, 2014

ხელმოწერის ცერემონია

საქართველო ევროკავშირისგან დამატებით კიდევ 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს - ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ ხელი დღეს მოაწერეს.

ევროკავშირის ინიციატივის – "აღმოსავლეთის პარტნიორობის" (EaP) პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული იყო დახმარების ინსტრუმენტი - ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა (CIB), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან” - DCFTA) დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას. ინსტრუმენტი ასევე ითვალისწინებს იმ ინსტიტუტების საქმიანობათა გაუმჯობესებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გამარტივებული სავიზო რეჟიმის და რეადმისიის შეთანხმებასთან და მიგრაციის საკითხებთან.
CIB -ს ფარგლებში 2011-2013 წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 30.86 მილიონ ევროს შეადგენდა.
დახმარების შემდეგი ეტაპი (2014-2020წწ), კონკრეტულად DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) განხორციელებასთან არის დაკავშირებული.