×

31 მაისი, 2014

პრემიერ-მინისტრი წიფნარის სკოლის მშენებლობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ოთხი ოჯახი დაბრუნდა, - ამის შესახებ სოფელში პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სოფელ წიფნარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუმარტა, სოფლის სკოლის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღის შენობაში ტარდებოდა, რაც არ აკმაყოფილებდა სკოლისთვის შესაბამის ელემენტარულ მოთხოვნებს. სოფელი სკოლის აშენებას 20 წლის განმავლობაში ელოდებიდა, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებდა. 2013 წელს მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ფართობი 1000 მ. კვ. მოიცავს. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
მიმდინარე წელს გურიის რეგიონში სოფელ ზოტის და სოფელ შუა ამაღლების სკოლების მშენებლობა დაიწყება. ასევე, სრულად რეაბილიტირდება რეგიონის 18 სკოლა.
პრემიერი სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობამ პრემიერს შიდა გზის ასფალტირება და სოფლის გაზიფიცირება სთხოვა.
"ელემემტარულ პირობებზეა საუბარი. ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, მაგრამ ეტაპობრივად ვაგვარებთ მათ. დიდი მადლობა თქვენ ამ მოთმინებისთვის", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.
სოფლის სკოლის ყოფილმა დირექტორმა ნუნუ ანდღულაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მის სოფელში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ღმერთმა გიმრავლოთ ჩემნაირი კმაყოფილი ადამიანები და ღმერთმა შეგაძლებინოთ სასიკეთო საქმის კეთება ჩვენი ქვეყნისთვის", - მიმართა მან პრემიერს.