31 მაისი, 2014
''ძალიან მერიდება, რომ დღეს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორიც გზის მშენებლობაა. მე მირჩევნია,თქვენთვის მეხარებინა, რომ დღეს 5 საწარმო გავხსენით, თუმცა ამის დროც მალე მოვა'', - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის სოფელ შრომის მოსახლეობას.
დღეს მთავრობის მეთაურმა ნატანები-შრომა-ურეკის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზა უახლოეს მომავალში დასრულდება.
როგორც პრემიერ-მინისტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განუმარტა, ნატანები-შრომა-ურეკის 18-კილომეტრიანი გზა 10 სოფლის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას მოუსხნის,შეუმცირებს სატრანსპორტო ხარჯებს, ასევე რაიონულ ცენტრსა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზასთან დაკავშირებას გაუმარტივებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გზის რეაბილიტაცია ერთის მხრივ -ინფრასტრუქტურის განვითარებას, მეორეს მხრივ კი,მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ირაკლი ღარიბაშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა, რომლებმაც პრემიერს გზის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით, ამ პრობლემის მოგვარებას 40 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლების მიზანია, უგზოობის პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, აღნიშნული გზა კი ამის მკაფიო მაგალითია.
ნატანები-შრომა-ურეკის 18კმ-იანი გზის რეაბილიტაცია 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო. პროექტზე, რომლის ბიუჯეტი 9 659 000 ლარია, 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
"მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. თითქმის ყველა რაიონში პრობლემებია. ჩვენ დავიწყეთ ჯანდაცვის პროგრამა, 17 ფაკულტეტი უფასო გავხადეთ, მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს სოფლის მეურნეობაში", - განაცხადა პრემიერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.