05 ივნისი, 2014

დავით ნარმანია „საქართველოს ხარისხის ასოციაციის“ წევრებს შეხვდა

04 ივნისი, 2014

დავით ნარმანია საქართველოს ავღანელთა კავშირის წევრებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას მხარდამჭერთა დარბაზში დღეს მორიგი შეხვედრა საქართველოს ავღანელთა კავშირის წევრებთან ჰქონდა. დავით ნარმანიამ ვეტერანებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და მათთან ერთად განიხილა თბილისის მერიის პოლიტიკა ვეტერანებთან მიმართებაში. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოში ვეტერანთა წარმომადგენელი აუცილებლად იქნება ჩართული, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. ავღანელთა კავშირის წევრებმა დავით ნარმანიასთან ვეტერანთა სახლის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და იმ სოციალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც დღეს აწუხებთ.

03 ივნისი, 2014

დავით ნარმანია შეხვედრა ორთაჭალაში

03 ივნისი, 2014

დავით ნარმანია ,,პენსიონერთა კავშირის“ წევრებს შეხვდა

მხარდამჭერთა დარბაზში მორიგი შეხვედრა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ,,პენსიონერთა კავშირის“ წევრებთან გამართა. დედაქალაქის მერობის კანდიდატი პენსიონრებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე ესაუბრა, მუნიციპალური პროგრამების გაფართოების ძირითადი გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 800 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომუნალურ გადასახადებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების გაზრდაზე. საუბარი შეეხო ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.

03 ივნისი, 2014

საქართველო-შვეიცარიას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველო-შვეიცარიას შორის „ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება" გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერმა მოაწერეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, ორმხრივი შეთანხმება შვეიცარიასთან ეკონომიკური და ბიზნესაქტივობის განვითარებისთვის მყარ იურიდიულ ბაზას შექმნის, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო-შვეიცარიას შორის "ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს, დიდიე ბურკჰალტერს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მედიატორის როლის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. დიდიე ბურკჰალტერი თბილისს დღეს დატოვებს.

03 ივნისი, 2014

პრემიერ-მინისტრი ბოდე-მუზეუმში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანელი ხალხისთვის დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების გამო. ამის შესახებ ბერლინის ბოდე-მუზეუმში გამართულ საზეიმო მიღებაზე აღინიშნა.  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბერლინის ბოდე-მუზეუმში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. მუზეუმის შესასვლელში ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი დახვდა. ბოდე-მუზეუმში გამართული კულტურული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მე-18 საუკუნის ორი გერმანული წიგნი გადასცა. გერმანიის ფედერალურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ გერმანული წარმოშობის წიგნების დაბრუნება პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა. “ორივე წიგნი, რომლებიც გადმომეცით, არა მხოლოდ მთელს ბიბლიოთეკას წარმოადგენენ, არამედ ამაღელვებელ ისტორიას ატარებენ თან. შეიძლებოდა ეს ისტორია დაგვეკარგა, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდა, თქვენი დამსახურებაა, თქვენ გიმადლით და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. საბოლოოდ თქვენ გაუხსენით ამ წიგნებს გზა გერმანიისკენ. ეს არის იმ დიდი ნდობისა და მეგობრობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. ეს არის დღეს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში ახალ გვერდს გადაშლის. დღე, რომელიც არ მოგვითხრობს ომზე, არამედ მოგვითხრობს ნდობაზე, მეგობრობასა და მხარდაჭერაზე,”-აღნიშნა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა. დამსწრე საზოგადოება სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან მუზეუმში შეკრებილ თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და პარლამენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის.  მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ-გერმანულ ურთიერთობას საგანმანათლებლო, კულტურულ, სამუზეუმო სფეროებსა და არქეოლოგიის დარგში დიდი ტრადიცია გააჩია და გამოვიდა ინიციატივით, რომ 2017 წელს სათანადოდ აღინიშნოს საქართველოში გერმანული დასახლების 200 წლის იუბილე. მისივე განცხადებით, საქართველოში გერმანული ენის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობა თბილისში გერმანულ საერთაშორისო სკოლას სიმბოლურ ფასად გადასცემს მიწის ნაკვეთს.

02 ივნისი, 2014

შეხვედრა კიორბერის ფონდის წარმომადგენლებთან

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კიორბერის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებების, რეგიონული თანამშრომლობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.  კიორბერის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები- პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლადო ჭანტურია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

02 ივნისი, 2014

ერთობლივი პრესკონფერენცია

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რათა გავაცნოთ საქართველო მსოფლიოს, როგორც კარგი ადგილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ადასტურებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც 27 ივნისს უნდა შედგეს. “საქართველომ ასევე ბევრი ენერგია დახარჯა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები. უნდა გავამხნევოთ გერმანელი მწარმოებლები, რათა მათ გაზარდონ ინვესტირება საქართველოში,”-აღნიშნა ანგელა მერკელმა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. თავის მხრივ საქართველოს მთავრობის მეთაურმა უმნიშვნელოვანესი უწოდა გერმანიაში ვიზიტს ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით. “განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ძალზე ვაფასებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ კანცლერ მერკელის მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, მან გერმანელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, რომლებიც აქტუალურია ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში და მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისკენ, ასევე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ.

02 ივნისი, 2014

საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნების“ განცხადება

ბოლო პერიოდში ტელევიზიით ვრცელდება ხმები ასარჩევი პირების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ამ ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მედიაში ეს თემა ინიცირებული იყო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ.  ეს განცხადებები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამყარებული არათუ ფაქტებით, არამედ თავად იმ  ასარჩევი კანდიდატების კომენტარებითაც კი, ვისზეც მედიაში გასული ინფორმაციით ზეწოლას ჰქონდა ადგილი. აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რაოდენობა ბევრად აღე­მა­ტება ოპონენტთა საერთო ელექ­ტო­რატს. ამასთან, ის წარმოადგენს მმართველ ძალას და გააზრებული აქვს, რომ მისი მხრიდან ოპო­ნენტებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი ისევ მას დააზარალებს. კოალიციის ამოცანა და პა­სუ­ხის­მგებლობა არჩევნების მაღალ დონეზე  ჩატარება და საერთაშორისო საზო­გა­დოების მიერ მისი სათანადო აღიარებაა. სწორედ ამის გამო, „ქართული ოცნება“ მიმართავს ცესკოს, გამოვიდნენ იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ  არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხ­ვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის  მოხსნას ითვა­ლისწინებს. ეს ჩვენ მიერ გამოჩენილი კეთილი ნებაა, რათა ხელი შევუწყოთ სხვა პარტიებს, თვით­მმართველობის არჩევნებზე თავი შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად წარ­მოა­ჩინონ.   გვჯერა, მედიაში გასული ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და შეაფასებენ  სათანადო უწყებები და   ამ ინიციატივასთან ერთად საბოლოოდ დასრულდება საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ   ყოვლად უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა.   საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ, სამართლიან გარემოში და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დამა­ჯე­რებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

02 ივნისი, 2014

შეხვედრები დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დიღმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შორენა ბუხრაშვილთან ერთად დიდ დიღომში, ყოფილი ტურბაზის შენობაში მცხოვრებ დევნილებსა და სოფელი დიღმის მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანია პირადად გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს, საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. სოფელ დიღმის მოსახლეობა შიდა გზების, სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგებას, ქუჩების ნუმერაციას, მიწებისა და ქონების ლეგალიზაციას, ასევე, საბავშვო ბაღებში ჯგუფების დამატებასა და ახალი ბაღების მშენებლობას ითხოვს.

02 ივნისი, 2014

საქართველოში ანგელა მერკელის ინიციატივით საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

საქართველოში ანგელა მერკელის ინიციატივით საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება - აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს მიიღო.შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა გამოხატა მზადყოფნა ეწვიოს საქართველოს არაუგვიანეს 2015 წლის გაზაფხულისა. საქართველოში ვიზიტის მიწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.   "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა პირველივე წუთს გამოთქვა მზადყოფნა განსაკუთრებული დახმარება გაუწიოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით მისი ინიციატივით და ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდება საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ.

02 ივნისი, 2014

პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციულ  რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის პირადი მიწვევით ჩავიდა.  2 ივნისს ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ჯერ პირადად, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და კანცლერი ანგელა მერკელი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.  კანცლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან.  გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება “კიორბერის ფონდის” წარმომადგენლებს, დაესწრება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სახელწოდებით “საქართველოს ევროპული გზა”. საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს გააცნობს გერმანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე. ბიზნესფორუმი საინვესტიციო სააგენტოს მიერაა ორგანიზებული და მას გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება.  ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანია-საქართველოს კულტურის სფეროში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრება. საღამოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვა.  საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი,ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას უკვე ეწვივნენ.