×

02 ივნისი, 2014

პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციულ 
რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის პირადი მიწვევით ჩავიდა. 

2 ივნისს ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ჯერ პირადად, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და კანცლერი ანგელა მერკელი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. 
კანცლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან. 
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება “კიორბერის ფონდის” წარმომადგენლებს, დაესწრება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას სახელწოდებით “საქართველოს ევროპული გზა”.
საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს გააცნობს გერმანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე. ბიზნესფორუმი საინვესტიციო სააგენტოს მიერაა ორგანიზებული და მას გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება. 
ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანია-საქართველოს კულტურის სფეროში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრება. საღამოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვა. 
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი,ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას უკვე ეწვივნენ.