02 ივნისი, 2014
ბოლო პერიოდში ტელევიზიით ვრცელდება ხმები ასარჩევი პირების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ამ ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მედიაში ეს თემა ინიცირებული იყო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ. ეს განცხადებები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამყარებული არათუ ფაქტებით, არამედ თავად იმ ასარჩევი კანდიდატების კომენტარებითაც კი, ვისზეც მედიაში გასული ინფორმაციით ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რაოდენობა ბევრად აღემატება ოპონენტთა საერთო ელექტორატს. ამასთან, ის წარმოადგენს მმართველ ძალას და გააზრებული აქვს, რომ მისი მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი ისევ მას დააზარალებს. კოალიციის ამოცანა და პასუხისმგებლობა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი სათანადო აღიარებაა.
სწორედ ამის გამო, „ქართული ოცნება“ მიმართავს ცესკოს, გამოვიდნენ იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს.
ეს ჩვენ მიერ გამოჩენილი კეთილი ნებაა, რათა ხელი შევუწყოთ სხვა პარტიებს, თვითმმართველობის არჩევნებზე თავი შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად წარმოაჩინონ.
გვჯერა, მედიაში გასული ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და შეაფასებენ სათანადო უწყებები და ამ ინიციატივასთან ერთად საბოლოოდ დასრულდება საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ყოვლად უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა.
საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ, სამართლიან გარემოში და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.