×

03 ივნისი, 2014

პრემიერ-მინისტრი ბოდე-მუზეუმში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანელი ხალხისთვის დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების გამო. ამის შესახებ ბერლინის ბოდე-მუზეუმში გამართულ საზეიმო მიღებაზე აღინიშნა. 
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბერლინის ბოდე-მუზეუმში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. მუზეუმის შესასვლელში ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი დახვდა.
ბოდე-მუზეუმში გამართული კულტურული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მე-18 საუკუნის ორი გერმანული წიგნი გადასცა.
გერმანიის ფედერალურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ გერმანული წარმოშობის წიგნების დაბრუნება პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.
“ორივე წიგნი, რომლებიც გადმომეცით, არა მხოლოდ მთელს ბიბლიოთეკას წარმოადგენენ, არამედ ამაღელვებელ ისტორიას ატარებენ თან. შეიძლებოდა ეს ისტორია დაგვეკარგა, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდა, თქვენი დამსახურებაა, თქვენ გიმადლით და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. საბოლოოდ თქვენ გაუხსენით ამ წიგნებს გზა გერმანიისკენ. ეს არის იმ დიდი ნდობისა და მეგობრობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. ეს არის დღეს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში ახალ გვერდს გადაშლის. დღე, რომელიც არ მოგვითხრობს ომზე, არამედ მოგვითხრობს ნდობაზე, მეგობრობასა და მხარდაჭერაზე,”-აღნიშნა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა.
დამსწრე საზოგადოება სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან მუზეუმში შეკრებილ თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და პარლამენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის. 
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ-გერმანულ ურთიერთობას საგანმანათლებლო, კულტურულ, სამუზეუმო სფეროებსა და არქეოლოგიის დარგში დიდი ტრადიცია გააჩია და გამოვიდა ინიციატივით, რომ 2017 წელს სათანადოდ აღინიშნოს საქართველოში გერმანული დასახლების 200 წლის იუბილე. მისივე განცხადებით, საქართველოში გერმანული ენის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობა თბილისში გერმანულ საერთაშორისო სკოლას სიმბოლურ ფასად გადასცემს მიწის ნაკვეთს.