×

02 ივნისი, 2014

ერთობლივი პრესკონფერენცია

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რათა გავაცნოთ საქართველო მსოფლიოს, როგორც კარგი ადგილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ადასტურებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც 27 ივნისს უნდა შედგეს.
“საქართველომ ასევე ბევრი ენერგია დახარჯა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები. უნდა გავამხნევოთ გერმანელი მწარმოებლები, რათა მათ გაზარდონ ინვესტირება საქართველოში,”-აღნიშნა ანგელა მერკელმა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის მეთაურმა უმნიშვნელოვანესი უწოდა გერმანიაში ვიზიტს ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით.
“განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ძალზე ვაფასებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ კანცლერ მერკელის მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, მან გერმანელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, რომლებიც აქტუალურია ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში და მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისკენ, ასევე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ.