კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას მხარდაჭერისკენ დედაქალაქის მოსახლეობას კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მოუწოდებს. კახა კალაძე და დავით ნარმანია მთაწმინდისა და სამგორის მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად შეხვდნენ. დავით ნარმანიამ მთაწმინდის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი წარუდგინა. სამგორის რაიონში კი თბილისის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ია მაკასარაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დავით ნარმანიამ ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. კახა კალაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კახა კალაძე ამომრჩეველს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.