15 ივნისი, 2014
მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თავისუფალი, გამჭვირვალე, ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული ტიპის არჩევნების ჩატარება საქართველოში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მოქალაქეებს .
ირაკლი ღარიბაშვილი მხარდამჭერებს კოალიციის ლიდერებთან და თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასთან ერთად მიესალმა და განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ კოალიცია „ქართული ოცნების“, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვება.
როგორც კოალიციის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პირველად, საქართველოს ისტორიაში, დღევანდელი არჩევნების შედეგად მოქალაქეებმა 12 ქალაქსა და 59 რაიონში აირჩიეს 12 მერი და 59 გამგებელი, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში.
„პირველად, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ჩვენ მივიღეთ მრავალპარტიული საკრებულოები. ეს არის ჩვენი რეალური დემოკრატიის გამარჯვება და კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ეგზიტპოლის მონაცემებით, კოალიცია “ქართული ოცნება” ამ დროისთვის ყველა რეგიონში ლიდერობს. ახლა საჭიროა, დაველოდოთ საბოლოო შედეგებს“, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან კარგად იმუშავა.
კოალიციის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა თითოეულ მხარდამჭერს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.