×
×

04 ივლისი, 2014

შეხვედრა ფონიჭალის მოსახლეობასთან

„თბილისი გახდება რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრი, აქედან გამომდინარე ფონიჭალაში და მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება ბევრი საინტერესო პროექტი, აშენდება ახალი საწარმოები, დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები, რომლებიც დაასაქმებენ თბილისელებს. პარალელურ რეჟიმში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები მკვეთრად შეამცირებს უმუშევრობის მაჩვენებელს.“ - განაცხადა ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით ნარმანიამ. მან აღნიშნა, რომ მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქვემო ფონიჭალაში კომპაქტურად დასახლებული უსინათლოების გადამზადებას, შემდგომ კი მათ მუნიციპალიტეტებსა და მერიაში არსებულ ცხელ ხაზზე დასაქმებას. ასევე ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები უსინათლოებისთვის დაყენდება სპეციალური ხმოვანი შუქნიშნები. ზემო და ქვემო ფონიჭალა კი ერთმანეთს ესტაკადით დაუკავშირდება. აშენდება საბავშვო ბაღები და სკვერები. მისივე თქმით, სოციალური დაცვის პროგრამები, რომლებსაც მერია მომავალში განახორციელებს, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას პარლამენტისა და საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატებთან, შოთა ხაბარელთან და ბექა ნაცვლიშვილთან ერთად შეხვდა.