×

05 ივლისი, 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი

"ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია და ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასჯადი ქმედებაა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და სამართალდამცავებს უკანონო ქმედებების დროულად აღკვეთისკენ მოუწოდა.
"არც ერთი მოქალაქე არ დგას კანონზე მაღლა და არ იდგება. ქართული დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია და სტანდარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, -აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებაც და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენ ვიხილეთ მართლმსაჯულების ზეიმი. ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ სასამართლო გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი. ჩვენ გვახსოვს, სააკაშვილის ხელისუფლება როგორ ექცეოდა მოსამართლეებს და როგორ იქცეოდნენ პროკურორები", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.