28 ივნისი, 2014
ჩვენ გუშინ ხელი მოვაწერეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და ეს განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელია ყველა ქართველისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, საზეიმო მიღებაზე შეკრებილ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხელშეკრულების ხელმოწერის ისტორიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართველ ხალხს ხელისუფლების მიმართ გამოხატული ნდობისა და სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არის საბოლოო დეკლარირება იმისა, რომ საქართველოსთვის ძვირფასია და ყველაზე ახლოს არის ევროპული ღირებულებები. ჩვენი ხალხისთვის ევროპასთან ინტეგრაცია ნიშნავს სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე. დღეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდა და მას კიდევ უფრო განამტკიცებს ასოცირების ხელშეკრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით ეკისრება.
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება და ქართველი ხალხი, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, ღირსეულად გაართმევენ თავს ამ გამოწვევას.
„მჯერა, ერთად ჩვენ გავაღრმავებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, რაც სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს და ჩვენს რეგიონს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ხალხს ამ დიდ გამარჯვებას! მე მჯერა ჩემი სამშობლოს ევროპული მომავლის!“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.