02 ივლისი, 2014
„ჩვენ მუშაობას სამი სტრატეგიული მიმართულებით განვახორციელებთ: 1. თბილისი რეგიონის ცენტრი 2. ჯანსაღი ქალაქი 3. სოლიდარული ქალაქი.
ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა „სოლიდარული ქალაქის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტებიდან უმნიშვნელოვანესი იქნება. ამ მიზნით, მოხდება სკოლების რეაბილიტაცია, მოვაწესრიგებთ სკოლების კომუნიკაციებს და უზრუნველვყოფთ მათ ხარისხიან მიწოდებას, მოვაწესრიგებთ სკოლებამდე მისასვლელ გზებს. სკოლებთან ავტობუსის გაჩერების ადგილებზე კი დავამონტაჟებთ გადახურულ ჯიხურებს, რათა ბავშვებმა შემოდგომა-ზამთარში თავი დაცულად იგრძნონ. ცხოვრების ჯანსაღი წესის ბავშვებსა და ახალგაზრდებში დანერგვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიზრუნებთ სკოლებში ღია სპორტული მოედნების გახსნასა და კეთილმოწყობაზე. ჩვენ მზად ვართ, მუდმივად მოვისმინოთ თქვენი აზრი და რეკომენდაციები და თქვენთან ერთად გადავჭრათ ყველა პრობლემა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ პედაგოგებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რათა მოსწავლეებმა და პედადოგებმა მერიისგან უფრო მეტი სერვისი მიიღონ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სკოლა, ოჯახი, საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესწრებოდა.