05 ივლისი, 2014
„სამედიცინო სფერო იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც თბილისს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ცენტრად აქცევს“ - განაცხადა დღეს ექიმებთან შეხვედრისას კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, თბილისში უკვე ფუნქციონირებს არაერთი კლინიკა, სადაც მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალები და უცხოელებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ.
დავით ნარმანიას პროგრამის სოციალური მიმართულება ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში, თბილისელების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებს სამკურნალოდ უცხოეთში წასვლა აღარ დასჭირდეთ და ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება თბილისში მიიღონ. “პირიქით, მალე უცხოეთიდან ჩამოვა ხალხი თბილისში სამკურნალოდ. ჩვენ ვიზრუნებთ სამედიცინო დაწესებულებების უახლესი აპარატურით აღჭურვასა და ექიმების უცხოეთში გადამზადებაზე. ჩვენი ქალაქი გახდება ლიდერი რეგიონში, სადაც სამედიცინო მომსახურება ყველაზე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იქნება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ჩვენ დავაფინანსებთ იმ ტიპის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული საყოველთაო დაზღვევის პროგრამით. ჯანმრთელობის პრევენციის, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, ინფექციური და სხვა დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირების მიზნით, დავაფინასებთ ჯანდაცვის შესაბამის პროგრამებს, ხელს შევუწყობთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდების დანერგვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი სრულად ან ნაწილობრივ დავაფინანსებთ მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობას“ - აცხადებს დავით ნარმანია.