×
×

08 ივლისი, 2014

კახა კალაძე ხონის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვენელი კახა კალაძე ხონის რაიონის სოფლების დიდი კუხის, საწულუკიძეოს, დედალაურისა და ივანდიდის მოსახლეობას რაიონის გამგებლობის კანდიდატთან ჯემალ მებუკესთან ერთად შეხვდა. კახა კალაძემ ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მათ შორის, საყოველთაო დაზღვევის, სახელმწიფოს მიერ უმაღლეს სასწავლებლებში 14 ფაკულტეტის დაფინანსებისა და უფასო წიგნების პროგრამებზე. მანვე მოსახლეობას გააცნო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და განაცხადა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროში პროექტი წარადგინოს. „სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნესმა, სახელმწიფომ კი მას ამაში ხელი უნდა შეუწყოს“ - აცხადებს კახა კალაძე. კახა კალაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და ისეთი გამგებლის არჩევისკენ მოუწოდებს, რომელიც მათთან ერთად იქნება ჩართული რაიონის განვითარების პროცესში. მისივე თქმით, ხელისუფლება დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და ყველა დანაპირებს შეასრულებს.