×

08 ივლისი, 2014

განცხადება

მისასალმებელია, რომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისოდ აპრობირებული ფორმატით გამართულ დებატებში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხმობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩვეული უცნაური ფორმით იყო გაცხადებული და  ამჯერადაც, „ნაციონალური მოძრაობას“ ინიციატივის საკუთარ თავზე მიწერის მცდელობა ჰქონდა, ჩვენთვის მთავარია, რომ დებატები შედგება  და რაც შეიძლება მეტ თბილისელს მიეცემა  საშუალება,  უკეთ გაეცნოს თბილისის მერობის კანდიდატების სამომავლო გეგმებს. ჩვენი მიზანია, ამომრჩეველმა მეორე ტურში კანდიდატების პროგრამის მაქსიმალურ ცოდნაზე დაფუძნებული  არჩევანი გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ დებატებს ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას.

დებატები გაიმართება ყველა ძირითადი ტელეკომპანიის მონაწილეობით. თითოეულ ტელევიზიას მიეცემა შეკითხვების დასმისა და დებატების პირდაპირ  ეთერში  გადაცემის  საშუალება.

ჩვენთვის ცნობილია  პრაქტიკულად ყველა სატელევიზიო არხის პოზიცია დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით - მათ გააკეთეს განცხადებები და გამოთქვეს მზადყოფნა,  ჩაერთონ  პროცესში და დებატებს ღია ეთერი დაუთმონ.

იმედი გვაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, რაიმე მიზეზით, უკან არ წაიღებს თავის თანხმობას და ორივე კანდიდატი მალე წარდგება თბილისელი ამომრჩევლის წინაშე.