10 ივლისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი მხარდამჭერთა დარბაზში ინეტლიგენციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ჯავახიშვილის ქუჩაზე, დევნილთა, თამარის, ბაგრატიონისა და ე.წ. ჭაობის დასახლებებში. კახა კალაძე მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება თავისუფლად დააფიქსიროს თავისი აზრი. ჩვენ ერთად დავასრულეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ. ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ მაშინვე არ დავიწყეთ ნაციონალური მოძრაობის ჩამოშორება მმართველობიდან, როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, მაგრამ ამის კანონიერი უფლება არ გვქონდა. ჩვენ ვერ მოვიქცეოდით ისე, როგორც 2003 წელს მოიქცა ნაციონალური მოძრაობა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა. ყველაფერს აქვს თავისი დრო და დღეს მთავარი ბერკეტი იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოვაშოროთ მმართველობას, თქვენს ხელში, ხალხის ხელშია. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებული, არჩევნების გზით, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.