29 ივლისი, 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

“2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც ის იმსახურებდა, და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა სამართლიანი სისტემის შექმნას. ჩვენ ხალხისგან მივიღეთ მანდატი, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს. ქართველ ხალხს სურს, რომ საბოლოოდ დაესვას წერტილი დაუსჯელობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაბატონებული ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოითხოვს ისეთ სისტემას, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხს აგებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და სადაც თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მაქსიმალურად შეუწყო ხელი ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას. სასამართლო აღარ განიცდის ხელისუფლების გავლენას, მთავარი პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, პოლიტიკა განდევნილია სასამართლო სისტემიდან, სამართალდამცავი ორგანოები და ჯარი სრულად დეპოლიტიზირებულია, დაცულია ბიზნესი და კერძო საკუთრება, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება, მოქალაქეთა ყველა ძირითადი უფლება სრულად დაცულია, დასრულდა ადამიანთა წამება ციხეებში, გაიზარდა მსჯავრდებულთა უფლებები. დღეს, ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, მთავარმა პროკურორმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და პასუხისგებაში მისცა ისინი, ვინც, სავარაუდოდ, დაარღვია კანონი. პროცესი აბსოლუტურად ღიაა - ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს, ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააანალიზოს ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საქართველოს მთავრობა მიესალმება ობიექტურ გამოძიებას, რადგან სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენ, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა გახდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენი საბოლოო მიზანია ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის წინაშე ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი და კანონზე მაღლა არავინ იდგება“.

26 ივლისი, 2014

დავით ნარმანიამ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ, საკრებულოს წევრებთან - ჯაბა ჯიშკარიანთან და ნუგზარ მალაღურაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე საარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდის აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქცია კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და ახაგაზრდული ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. აქცია, რომელიც დედაქალაქის სააგიტაციო მასალისგან გაწმენდას ისახავს მიზნად, დღეს დაიწყო და თბილისის ყველა უბანში მიმდინარეობს. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი გვავალდებულებს, არჩევნების შემდეგ ჩამოვხსნათ სააგიტაციო მასალა. ამასთან, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქის წინაშე უფრო მეტ ვალდებულებას გვაკისრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს მოვლილი და სუფთა ქალაქი, ამიტომაც, დღეს მოვაწყეთ დასუფთავების აქცია და თბილისის ყველა უბანს სააგიტაციო მასალისგან გავწმენდთ“, - განაცხადა აქციაზე დავით ნარმანიამ.  თბილისის არჩეული მერი, ასევე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, დაემორჩილონ კანონს, გამოიჩინონ კეთილი ნება და შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას.

26 ივლისი, 2014

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

89 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ნდობა გამოუცხადა.  მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე, შს მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე, იუსტიციის ინისტრი - თეა წულუკიანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური ;განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე;სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი_ლევან ყიფიანი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ელგუჯა ხოკრიშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი;საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე;სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში - გელა დუმბაძე;შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე.

23 ივლისი, 2014

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეჯამება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. დღეს გამართულ სხდომაზე  თამარ ჟვანიამ და კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმს მოაწერეს ხელი. თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია აირჩა, რომელმაც 12 ივლისის არჩევნებში ხმების 72,47 % (222 066 ხმა) მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკანორ მელიამ  - 27,53% (84 350). დღესვე სხდომის ოქმში ჩანაწერი შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ  შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით 13 მუნიციპალიტეტის გამგებლად და 7 თვითმმართველი ქალაქის მერად არჩეულ პირთა შესახებ.

23 ივლისი, 2014

განცხადება თბილისის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით

განცხადება თბილისის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში ვრცელდება თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ვაცხადებთ, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, გამოცხადდება ღია კონკურსი, რის შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მისი განხორციელება. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიტერესებულ საზოგადოებას მერის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მიეწოდება.

22 ივლისი, 2014

დავით ნარმანია მერიის სამსახურებს მოუწოდებს, საქმიანობის პარალიზებას ნუ მოახდენენ

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის მერიის გარკვეული სამსახურები და მათი ხელმძღვანელები მოქალაქეებს და დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართონ თბილისის არჩეულ მერს, დავით ნარმანიას და მის ადმინისტრაციას. აღნიშნული ქმედება, სავარაუდოდ, განპირობებულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით. მერიის სამსახურების ხელოვნური პარალიზებით, პირველ რიგში, ზარალდებიან თბილისელები, რომლებიც დედაქალაქის თვითმმართველობის სტრუქტურებს კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის თხოვნით მიმართავენ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქალაქ თბილისის ახლად არჩეულ მერს თავისი მოვალეობების შესრულების უფლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უჩნდება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალი მერის უფლებამოსილების ცნობამდე, არსებული ვიცე-მერები, თბილისის მთავრობა და მთავრობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები ვალდებული არიან, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა და კეთილსინდისიერად შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული მოვალეობები. მოვუწოდებთ მერიის ყველა სამსახურს, არ დაარღვიონ კანონი, ნუ მოახდენენ საქმიანობის პარალიზებას, იმუშაონ ჩვეულ რეჟიმში და ემსახურონ დედაქალაქისა და მისი მცხოვრებლების ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ამგვარი ქმედება შეფასდება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და საბოტაჟის მცდელობად.

12 ივლისი, 2014

პრემიერ–მინისტრმა არჩევანი გააკეთა

საქართველოში პირველად არჩევნების მეორე ტური იმართება; მეორე ტურის გამართვით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ მოწოდებული, რეალური დემოკრატია ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოში. „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოწოდებული ვართ ქვეყანაში რეალური დემოკრატიის აშენებისკენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველგან ვლიდერობთ და ყველგან გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ხმა მივეცი ჩემი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ხალხის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას და იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა. საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში წარიმართება. მან ასევე კომენტარი გააკეთა ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების გადამზადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროცესი კარგად ორგანიზებული იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პროცესი ხელს შეუწყობს საჯარო მოხეელეების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და ქვეყნის გაძლიერებას. მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ბიზნესკომპანიების ინიციატივას, არჩევნების დღეს ფასდაკლების დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ კერძო კომპანიების აქტივობას მიესალმება, თუმცა საარჩევნო ფასდაკლების გამოყენებას არ აპირებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მე–11 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

12 ივლისი, 2014

დავით ნარმანია საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

12 ივლისი, 2014

განცხადება

ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ საარჩვენო პროცესში არეულობის შეტანას, რაც მათი გარდაუვალი მარცხის გადაფარვას ისახავს მიზნად. ამ მიზნით მათ წარმომადგენლებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დავალებული აქვთ პროვოკაციების მოწყობა, მათ შორის ისეთ საარჩევნო ოლქებში, სადაც მათი კანდიდატი მეორე ტურში საერთოდ არ მონაწილეობს. გვინდა ამ პროცესში ჩართული პირები გავაფრთხილოთ - ნუ შეასრულებენ  ხელმძღვანელების დანაშაულებრივ  მოწოდებებს და ნუ ჩაიდენენ საარჩევნო პროცესის ხელისშემშლელ რაიმე ტიპის კანონდარღვევას. თითოეული ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას ჩვენ სათანადო ორგანოების მხრიდან მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას და ყველა დამნაშავეს მკაცრად მოეთხოვება პასუხი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს აქტიურობისა და  სიმშვიდისკენ. გთხოვთ, მობრძანდეთ საარჩევნო უბნებზე და გააკეთოთ თქვენი არჩევანი.   გარწმუნებთ, ვერანაირი პროვოკაციული მცდელობა ვერ დაჩრდილავს ჩვენს დღევანდელ საბოლოო გამარჯვებას.

12 ივლისი, 2014

განცხადება

როგორც სხვდასახვა საარჩევნო უბნიდან გვატყობინებენ, საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიიღეს დავალება, დააფიქსირონ დარღვევების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტებს ადგილი. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს,  არარსებულ დარღვევებზე დაყრდნობით,  რაც შეიძლება მეტი საჩივარი შეიტანოს საარჩევნო ადმინისტრაციაში, ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს და მოახდინოს მიმდინარე არჩევნების დისკრედიტაცია. ვთხოვთ არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გააქტიურდნენ, ზუსტად აღრიცხონ უბნებზე მომხდარი  ნებისმიერი სახის დარღვევა და მაქსიმალურად გამორიცხონ სიყალბის ტირაჟირების მცდელობა.   „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოვუწოდებთ, შეეგუოს ბედს, რადგან დამარცხება გარდაუვალია და ნუ შეეცდება, მისთვის  ჩვეული პროვოკაციებითა და სიცრუით  მოიპოვოს პოლიტიკური დივიდენდები. 

12 ივლისი, 2014

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მან არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სადაც ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას, კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს და შტაბის წარმომადგენლებს სტაბილური და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია. “რამდენიმე საათში უკვე გვექნება არჩევნების წინასწარი შედეგები. მე დარწმუნებული ვარ ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. ამ არჩევნებში ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა, ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს ყველა კუთხე განვითარდეს, ფეხზე დადგეს და წელში გაიმართოს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

12 ივლისი, 2014

ბრიფინგი

უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას ვუხდით  ყველას, ვინც უკვე მოიხადა  მოქალაქეობრივი ვალი და გააკეთა თავისი არჩევანი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდა არჩევნების მეორე ტურს და ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს მისცა. მადლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო საარჩევნო პროცესის  მაღალ დონეზე წარმართვა. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები მთელი ქვეყნის მასტაბით მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში. მეორე ტურმა ამომრჩეველს მისცა დამატებითი დრო, უფრო კარგად გასცნობოდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატების  სამომავლო გეგმებს და მიეღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, კიდევ უფრო გააქტიურდნენ და  მოვიდნენ არჩევნებზე. მეგობრებო, თითოეული თქვენგანის არჩევანს  დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. გვჯერა, ერთობითა და საერთო ძალისხმევით  ჩვენ ძალიან მალე ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას! მიბრძანდით საარჩევნო ყუთებთან    და  გახსოვდეთ, რომ თქვენი ხმა იგებს!   მიეცით  ხმა საკუთარ მომავალს!

11 ივლისი, 2014

გამოფენა „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისათვის“

დავით ნარმანიამ გამოფენა „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისათვის“ დაათვალიერა. საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ 3-დღიან გამოფენაზე წარმოდგენილია 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება სხვადასხვა ინდუსტრიისათვის. გამოფენის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს, გამომგონებლებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესის წარმომადგენლებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ საზოგადოებას საკუთარი გამოგონებები გააცნონ.  დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიაში შეიქმნება ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც ინოვაციურ პროექტებზე იმუშავებს. ამით კი აქტიურად დაიწყება მოძველებული ტექნოლოგიების ახალი გამოგონებებით ჩანაცვლება.

11 ივლისი, 2014

სოლიდარობის ფონდში პირველი შენატანები მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განახორციელეს

მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სოლიდარობის ფონდში ხელფასიდან ყოველთვიური შენატანის განხორციელების სურვილი გამოთქვეს. ინიციატივას თანამშრომელთა უმრავლესობა შეუერთდა. თანხის ყოველთვიურად გადარიცხვას ასევე განახორციელებენ ეკონომიკური საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრები. სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ფინანსური რესურსების მობილიზებასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას ისახავს მიზნად. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების, ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. პაციენტები საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას ხშირად სათანადო სახსრების არქონის გამო ვერ ახერხებენ. თუ სოლიდარობის ფონდში ყოველთვიური შენატანი 170 000 ლარს მიაღწევს, 18 წლამდე ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობის პრობლემა გადაიჭრება. ყოველთვიური 1 400 000 ლარიანი შემოსავლის პირობებში კი ონკოლოგიური სერვისების მიწოდება ზრდასრულ მოსახლეობაშიც სრულად იქნება უზრუნველყოფილი. საწყის ეტაპზე ფონდი ბენეფიციარებს სამკურნალოდ გამგზავრებაში დაეხმარება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მკურნალობის ანალოგიური სერვისების საქართველოში უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სოციალური პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, IFFIm, UNITAID, Product (Red) და სხვა, ბოლო წლებში აქტიურად იყენებენ დაფინანსების ინოვაციურ, არასაბიუჯეტო მექანიზმებს. სოლიდარობის ფონდის პროექტი საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა. პროექტის ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს. ფინანსური გამჭვირვალობისა და თანხების მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად კი სპეციალური კომისია იმუშავებს.