×
×

26 ივლისი, 2014

დავით ნარმანიამ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ, საკრებულოს წევრებთან - ჯაბა ჯიშკარიანთან და ნუგზარ მალაღურაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე საარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდის აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქცია კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და ახაგაზრდული ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.

აქცია, რომელიც დედაქალაქის სააგიტაციო მასალისგან გაწმენდას ისახავს მიზნად, დღეს დაიწყო და თბილისის ყველა უბანში მიმდინარეობს.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი გვავალდებულებს, არჩევნების შემდეგ ჩამოვხსნათ სააგიტაციო მასალა. ამასთან, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქის წინაშე უფრო მეტ ვალდებულებას გვაკისრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს მოვლილი და სუფთა ქალაქი, ამიტომაც, დღეს მოვაწყეთ დასუფთავების აქცია და თბილისის ყველა უბანს სააგიტაციო მასალისგან გავწმენდთ“, - განაცხადა აქციაზე დავით ნარმანიამ. 

თბილისის არჩეული მერი, ასევე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, დაემორჩილონ კანონს, გამოიჩინონ კეთილი ნება და შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას.