×
×

12 ივლისი, 2014

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი

დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სადაც ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას, კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს კახა კალაძეს და შტაბის წარმომადგენლებს სტაბილური და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია.
“რამდენიმე საათში უკვე გვექნება არჩევნების წინასწარი შედეგები. მე დარწმუნებული ვარ ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. ამ არჩევნებში ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა, ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს ყველა კუთხე განვითარდეს, ფეხზე დადგეს და წელში გაიმართოს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.