×

12 ივლისი, 2014

პრემიერ–მინისტრმა არჩევანი გააკეთა

საქართველოში პირველად არჩევნების მეორე ტური იმართება; მეორე ტურის გამართვით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ მოწოდებული, რეალური დემოკრატია ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოში.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოწოდებული ვართ ქვეყანაში რეალური დემოკრატიის აშენებისკენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველგან ვლიდერობთ და ყველგან გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ხმა მივეცი ჩემი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ხალხის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას და იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში წარიმართება. მან ასევე კომენტარი გააკეთა ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების გადამზადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროცესი კარგად ორგანიზებული იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პროცესი ხელს შეუწყობს საჯარო მოხეელეების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას და ქვეყნის გაძლიერებას.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ბიზნესკომპანიების ინიციატივას, არჩევნების დღეს ფასდაკლების დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ კერძო კომპანიების აქტივობას მიესალმება, თუმცა საარჩევნო ფასდაკლების გამოყენებას არ აპირებს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი მე–11 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.