06 ივლისი, 2014
კოალიცია „ქართული ოცნების“თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ აღმაშენებლის #36-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის მქონე სახლი მონახულა.
სამწუხაროდ, ას წელზე მეტი ხნის ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე უცვლელად მოიტანა მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურის ტენდენციები, დღეს უყურადღებოდაა მიტოვებული, დაზიანებულია სახურავი და წვიმიან ამინდებში წყლით ირეცხება სადარბაზოს ულამაზესი მხატვრობა, საძირკველში დგება წყალი, რაც საფრთხეს უქმნის მთელ შენობას. ამ სახლში დღემდე ცხოვრობს ერასტი ჭავჭანიძის შვილიშვილი ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე, რომელმაც მასთან სტუმრად მისულ დავით ნარმანიას დეტალურად აღუწერა ისტორიული სახლის პრობლემები და გულისტკივილით აღნიშნა, რომ დღემდე ხელისუფლების მხრიდან სახლის პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. დავით ნარმანია, რომლის პროგრამის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაში „თბილისი - ჯანსაღი ქალაქი“ მნიშვნელოვანი ადგილი თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენა-განახლებას უჭირავს, ქალბატონ თამარს დაპირდა, რომ თბილისის მმართველობაში მისი მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი განსახორციელებელი პროექტი, სწორედ ამ სახლის გადარჩენა იქნება.
მისივე თქმით, პროგრამის პირველ ეტაპზე აღიწერება თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა, მოხდება ისტორიული და კულტურული ძეგლების პასპორტიზაცია, შემდეგ კი შედგება ამ ძეგლების რესტავრაციის გეგმა და დაიწყება აქტიური სამუშაოები. როგორც ნარმანია აცხადებს, ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად და თბილისისთვის რეგიონის ცენტრის ფუნქციის დასაბრუნებლად, არამედ დასაქმების მხრივაც, რადგან სარესტავრაციო და სამშენებლო სამუშაოებში, მერიასთან ერთად, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმით კერძო ბიზნესიც ჩაერთვება და ამ პროექტებში ბევრი ადამიანი დასაქმდება.