×

10 ივლისი, 2014

განცხადება

მადლობას ვუხდით გუშინდელ დებატებში მონაწილე ყველა ტელევიზიას დებატების პირდაპირ ეთერში გადაცემისთვის, მადლობა მონაწილე ჟურნალისტებს საინტერესო შეკითხვებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდა გუშინდელ დებატებში მონაწილეობის საშუალება და შეკითხვების დასმისთვის საეთერო დრო პარიტეტულ საწყისებზე თანაბრად იყო განაწილებული, რამაც უზრუნველყო დებატების მიუკერძოებლობა და ობიექტურობა.

გუშინდელმა დებატებმა საზოგადოებას მისცა საშუალება,  შეეფასებინა თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამა თუ დაპირებები და გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნები. ვფიქრობთ, ეს დიდად დაეხმარება ჩვენს ამომრჩეველს 12 ივლისს საბოლოო, სწორი არჩევანის გაკეთებაში.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა სხვა თვითმმართველ ქალქებშიც  მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ ტელევიზიებში გამართულ დებატებში, თუმცა, დასანანია, რომ რიგ შემთხვევებში,  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამოუცხადებლობის გამო დებატები არ შედგა.

რაც შეეხება სხვა დაანონსებულ დებატებს, რომელშიც თითქოსდა თბილისის მერობის კანდიდატები მიიღებენ მონაწიელობას, არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საზოგადოებისთვის თავიდანვე  ცნობილი იყო  „ქართული ოცნების“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.  ჩვენ არ გვსურდა რომელიმე  ტელევიზიისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა და სწორედ ამიტომ ვითხოვდით შესაბამის ფორმატს, რომლის ფარგლებშც ყველა ტელევიზიას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნებოდა.

 გარდა ამისა,  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბატონმა დავით ნარმანიამ,  გუშინდელი დებატების წინ, ტელევიზიებისთვის გაკეთებულ კომენტარში,   ოფიციალურად უარყო მისი  რაიმე დამატებით დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

ასე რომ, ნებისმიერი ანონსი დამატებითი დებატების გამართვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, მოვუწოდებთ ტელემაყურებლებს არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას და   არ შევიდნენ შეცდომაში.