03 ივლისი, 2017

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა

„კახი კალაძის გამარჯვება იქნება თითოეული თბილისელის იმედების ასრულება- ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე!“-ამ სიტყვებით წარუდგინა თბილისელ ამომრჩეველს პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატი- კახა კალაძე. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კახა კალაძე გაამართლებს თბილისელის იმედს და ის იქნება საქართველოს დედაქალაქის გამორჩეული მერი.   „კახი არის არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, არამედ ის ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრია. სადაც იყო კახი კალაძე, იქ ყოველთვის იყო გამარჯვება, იქ ყოველთვის იყო წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც. კახი ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ბოლომდე ერთგულებით. ის არის ენერგიული, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, არის ძალიან კარგი მეოჯახე. მას არასოდეს უღალატია პიროვნული თავისუფლების პრინციპისთვის.კახის ყოველთვის ჰქონდა გამორჩეულად აქტიური სამოქალაქო პოზიცია და ყოველთვის იყო იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე ძალიან სჭირდებოდა. და ყველაზე მთავარი, კახის ყველაზე კარგად ესმის რთულად, შრომით მოპოვებული გამარჯვების ფასი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისი თანამედროვე, საინტერესო მიდგომებით, კახი კალაძე ძალიან მნიშვნელოვნად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას. მინდა, წარმატება ვუსურვო კახის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენს პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს  საფუძვლიანი იმედი ძალიან მყარი გამარჯვების,”-აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.   “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მმართველ პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. კახა კალაძის განმარტებით, სულ მალე თბილისელებს იმ პროექტებს და მიზნებს გააცნობს, რის განხორციელებასაც მომავალში გეგმავს.   “ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით-თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას შევძლებთ!  თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი! ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა!”-განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.   ღონისძიების დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ სიმბოლურ კედელზე სამახსოვრო წარწერები დატოვეს.

01 ივლისი, 2017

პოლიტსაბჭოს სხდომა

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს - გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე  ერთხმად მიიღეს.   „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე პარტიული საკითხები განიხილეს.  საუბარი შეეხო თბილისის განვითარების გეგმას და დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.   პრემიერ-მინისტრმა პოლიტსაბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე, რაც  საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ დასტურად და ოფიციალური თეთრი სახლის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ დიდ მხარდაჭერად შეაფასა.                      

23 ივნისი, 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება   მსურს, გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესს - საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი და მნიშვნელობა.  პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის მიერ ცვლილებების ინიცირება, აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახლდათ შეტანილი. და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ამიტომ, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი პოზიციისა და არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო, მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი, ხმათა უმრავლესობით წყდებოდა.  ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, რომლის მხრიდანაც წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით, ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი. აღნიშნული ცვლილებებით, კონსტიტუციით რეგულირდება შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხები: მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით მიწის გაცემა განსაკუთრებულ შემთხვევებში; იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა; იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი; მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები; კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი; საბოლოო ჯამში, ამ ეტაპისთვის, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში.  საბოლოოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყანა 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.  ამასთან, ჩვენმა გუნდა გამოავლინა პოლიტიკური ნება და მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის, საარჩევნო ბარიერის 5-დან, 3%-მდე დაწევასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში. მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა, აქედან დავიწყო - მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა. დღევანდელი კონსტიტუციით, პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ასე, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი აღდგა პარლამენტის სასარგებლოდ.  მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება, ანუ პირდაპირი წესიდან არაპირდაპირზე გადასვლა იყო რაიმე კუთხით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით იქნება არჩეული.  ამას გარდა, ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, თუ რამხელა ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას იმისთვის, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება, რომელიც მოხდა. მე პირადად, როგორც საზოგადოების წევრი არაერთხელ ვმონაწილეობდი საერთო სახალხო პროტესტებში ჩვენს თანამებრძოლებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რათა მოხერხებულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, ვინაიდან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა ეს ყოველთვის ასე რა თქმა უნდა არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ეს ვერ ხერხდება, მაგრამ, მოგეხსენებათ, პოლიტიკა გახლავთ თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა. ამიტომ, ამ კომპრომისით, რომ არა 2020-ში, არამედ - 2024-ში, ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, გაიზრდება პოლიტიკური პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესში და გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი იქნება პარლამენტი ამ ცვლილებების შედეგად. როგორც კომპენსატორი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2020 წლისთვის 5%-დან 3%-მდე დაგვეწია ბარიერი, რათა მეტი პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს ნაბიჯიც, რა თქმა უნდა, კონსენსუსის მიღწევისთვის იქნა გადადგმული.  ამას გარდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით> ყველა ეს ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ და სახელისუფლო გუნდმა გადადგა რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარების მიზნით და ამას გარდა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მიზნით.  ასე, რომ რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ - პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული და უფრო მეტიც, ჩემი აზრით - უსამართლო.  ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო, კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ, თუ რამხელა მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი და კარგად შეხედონ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით.  მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები გახლავთ უდიდესი ნაბიჯი, გადადგმული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

30 ოქტომბერი, 2016

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება

მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები, რაზეც დღეს უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გვინდა გამოვეხმაუროთ კიდევ ერთხელ გუშინდელ ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა ნაც.მოძრაობის მხრიდან. ამ ინფორმაციაზე დღეს გაამახვილეს კიდევ ერთხელ ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საქმე ეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ადგილობრივი ხელისუფლების თუ „ქართული ოცნების“ დავალებით, საჯარო მოხელეებს ევალებათ, ასე ვთქვათ, ოთხკუთხედი ფორმით ბიულეტენების შემოხაზვა. ეს არის დეზინფორმაცია, ამაზე ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ჩვენ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ამასთან დაკავშირებით, ეს არის, ბუნებრივია, კანონის დარღვევა, ამგვარი ფაქტი არის კანონის დარღვევა, ასეთი რამ ჩვენის მხრიდან არ მომხდარა. ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. ერთი კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაც. მოძრაობას აქვს განზრახული მარნეულის 50-ე უბნის ხელოვნურად ჩაშლა, ამისათვის მათ დაგეგმილი აქვთ შესაბამისი ზომების მიღება. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ, დაუშვებელია ასეთი ფორმებით მოქმედება საარჩევნო პროცესში და მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს წარმომადგენლებს უბანზე, რომ არ დაუშვან ასეთი რამ მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე. აღვნიშნავთ, რომ აქტივობა არის საკმაოდ დაბალი არსებული მონაცემებით, ათი საათის მონაცემებით. ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდოს აქტივობა. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ გავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გაეცეს ჩვენს ქვეყანაში ძალადობას. ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამყარდეს ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 8 ოქტომბრის არჩევნებში.

30 ოქტომბერი, 2016

შეხვედრა ჭიათურის მოსახლეობასთან

ჭიათურა არის 50 ოლქიდან ერთ -ერთი, სადაც ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ჭიათურას, ეს სჭირდება თითოეულ თქვენგანს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რა პრობლემები აწუხებთ რეგიონში, კერძოდ ჭიათურაში მცხოვრებ ადამიანებს. „ჩვენ 4 წელია, ხელისუფლებაში ვართ და შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა ამ 4 წლის განმავლობაში. შეგვიძლია, გითხრათ დარგების მიხედვით, თუ რა გაკეთდა. მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით - ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მომსახურება არის უფასო. რა თქმა უნდა, მომავალი წლების განმავლობაში ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად დაიწყო განხორციელება. დღეს საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებული ამ მძიმე სენით, ამის მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი მედიკამენტის ფასი 65 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს, ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა, არანაირი რესურსი არ ქონდათ, რომ მედიკამენტები შეიძინონ. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, იმკურნალონ. მკურნალობა მათ უჯდებათ ნული თეთრი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები. დღეს უკვე დაახლოებით 8 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ,-აღნიშნა კახი კალაძემ. მისივე თქმით, 4 წლის თავზე, 2020 წლისთვის პირდება საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს, რომ საქართველოში არ გვეყოლება არც ერთი ადამიანი, ვისაც C ჰეპატიტის პრობლემა ექნება. „ისინი სრულიად ჯანმრთელი, სრულიად ჯანსაღი დაუბრუნდებიან თავიან ოჯახებს და საზოგადოებას“,-აღნიშნა კალაძემ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა განათლების საკითხებზეც. „ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლება. მე მახსოვს, 2012 წელს თქვენთან, ერთად როდესაც ვატარებდი წინასაარჩევნო კამპანიას, თუ რა მდგომარეობა იყო სოფლებში სწორედ განათლების მიმართულებით - ახალგაზრდა ქალბატონები, ახალგაზრდა დედები თვალცრემლიანი მხვდებოდნენ, ახლოვდებოდა სექტემბერი, უნდა დაწყებულიყო სასწავლო წელი და ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ შვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ, რადგან ამისთვის საჭირო იყო ორასი, სამასი ლარი. თუ ოჯახში ორი, სამი შვილი იყო, ეს კიდევ დამატებითი პრობლემები იყო მათთვის. ვიყოთ გულწრფელები, ოჯახებს უწევდათ საქონლის, პირუტყვის გაყიდვა, რათა თავიანთი შვილებისთვის, თავიანთი პატარებისთვის ეყიდათ სახელმძღვანელოები. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ეს პრობლემა საერთოდ მოვხსენით. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები სრულიად უფასოდ ხვდებათ მერხებზე. ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენთის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება ყოველგვარი პრობლემების გარეშე“,-განაცხადა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ დაიწყო სკოლების და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე ყველა სოფელში, ყველა რაიონში ქალაქში, მთიან რეგიონებში არ იქნება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სკოლები და ბაგა-ბაღები. „ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება. შემთხვევითი არ არის, რომ რაოდენობა პატარებისა ბაგა-ბაღებში ორჯერ, სამჯერ გაიზარდა. რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი, რადგან მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ყოველთვიურად 10-15 ლარი გადაეხადათ და თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ. არ ჰქონდათ შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გახდა უფასო. ზუსტად ამიტომ გაიზარდა რაოდენობა პატარებისა ბაღებში და, რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სოფლებში, სადაც დასახლებული პუნქტებიდან სკოლები დიდი მანძილით არის დაშორებული ბავშვების მიყვანა სკოლებამდე ხდება ტრანსპორტით. ჩვენ გვახსოვს, როდესაც წვიმაში, ქარში, თოვლში პატარებს, პედაგოგებს უწევდათ ფეხით სიარული. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილია. ესეც გაგრძელდება მომავალში“,-აღნიშნა კალაძემ. ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, პედაგოგობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რაც, შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. „სხვა პროფესიებს არ ვაკნინებ, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პედაგოგობა არის განსაკუთრებული პროფესია. პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენს შვილებთან, ჩვენს მომავალ თაოებებთან. ამ ადამიანების შრომა და ჯაფა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა. ჩვენ, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტი გახდა უფასო სტუდენტებისთვის, რათა ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და შემდგომში ის გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ“,-განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, როგორც კალაძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმებისა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, თქვენს რაიონში, თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ და გვახარებს მხოლოდ ის, რაც გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ასე არ არის. ჩვენ გვესმის და ვიცით ყველა პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არის მოგვარებადი. არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბარიერები, რომლებიც დღეს გვაქვს, გადავლახოთ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ, აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად“,- განაცხადა კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი შეეხო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მოწოდებებს მეორე ტურთან დაკავშირებით. „ ჩვენ ვისმენთ სატელევიზიო სივრცეში მოწოდებებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვება მეორე ტურში იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის და ამას გვეუბნებიან „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მხარდამჭერები. არ მიყვარს გასულ წლებზე საუბარი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, მაგრამ ამას ვერ ავუვლით გვერდს. უნდა შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თითოეულ თქვენგანს ახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ადამიანები ჩურჩულის საუბრობდნენ, ოჯახებში მეუღლე მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა ღიად, რადგან იყო შიში, იყო ტერორი, ზეწოლა, სამსახურიდან გამოყრა. ჩვენ ყველაფერი ეს ჩავაბარეთ წარსულს. გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც იძალადებს საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს, დაჩაგრავს საკუთარ მოქალაქეს. შეიძლება შეცდომები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი, ჩვენს გადადგმული ყველა ნაბიჯი განპირობებული იყო ქვეყნის, ხალხის სიყვარულით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და მამოძრავებელი არის ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ და ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თავისუფლებას ვერავინ ვერასდროს ვერ შეეხოს“,-აღნიშნა კახი კალაძემ. მისივე თქმით, დღეს მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. „უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში და მათ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ზუსტად ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, არის გარანტია იმისა, რომ პარტია „ქართულ ოცნება“ ამბიციურ გეგმებს აუცილებლად განახორციელებს. ამისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, რადგან ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთად დგომით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ქვეყანაში, რაიონში“,-განაცხადა კალაძემ. პარტიის გენერალურმა მდივანმა მიმართა ჭიათურელ ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მაჟორიტარობის კანდიდატს სულხან მახათაძეს. „ამ ადამიანთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ თქვენი რაიონისთვის. დღეს ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ, რაიონში საკეთილდღეო საქმეები აკეთონ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთი ადამიანისგან ამის მოსმენა და გაკეთებაც არის შეუძლებელი, თუ არ გიდგას გვერდით გუნდი, რომელსაც „ ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ჭიათურის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს სწორ არჩევანს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული გუნდი, დაახლოებით 49 % მიიღო პროპორციულ არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ , 23 მაჟორიტარულ ოლქში პირველ ტურში მივაღწიეთ გამარჯვებას, დარჩენილ 50- ში 49 არის ჩვენი კანდიდატი. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ 49-ე ოლქშივე პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების , ჩვენი თანამოაზრეების , თანამებრძოლების გამარჯვება , ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება . დღეს რატომ არის ამხელა იმედი და მხარდაჭერა პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ არასდროს ვიკადრებთ , არასდროს გავაკეთებთ იმას, რომ დავჩაგროთ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე . ჩვენ არასდროს ვიკადრებთ, ვინმეს ბიზნესი წავართვათ. არასდროს ვიკადრებთ, განსხვავებული აზრის გამო ვიღაცა სამსახურიდან გავაგდოთ, არასდროს ვიკადრებთ, ოჯახები დავაშანტაჟოთ, დავაშინოთ. ეს ჩვენ ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს დავაბრუნებთ ქვეყანაში. მე მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ , თითოეულ თქვენგანს მადლობა მოგახსენოთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, ლაღი და წარმატებული. მადლობთ და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ვიზეიმებთ 30 ოქტომბერს გამარჯვებას“,-მიმართა კალაძემ ჭიათურელ ამომრჩევლებს. ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრისას პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად „ქართული ოცნების“ ახალი სახე, გიორგი გახარიაც იმყოფებოდა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ჭიათურას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა. გიორგი გახარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატს, სულხან მახათაძეს და იმედი გამოთქვა, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. „ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ჭიათურის წარმომადგენელი პარლამენტში. სულხანის ამოცანა აქ იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკის განვითარება. ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს სამთო მოპოვებას ჭიათურისთვის, დიდი, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ბიზნესს მისდევენ. სულხანმა ეს კარგად იცის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიმართულება გარკვეულწილად წესრიგში მოგვეყვანა, მასში დიდი წვლილი მიუძღვის სულხანს. ახლა კი დგება მომენტი, როდესაც ამ მიმართულების სწრაფი განვითარება უნდა მოხდეს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სულხან მახათაძემ „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა კვლავ წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო რეჟიმში. წინ კიდევ ერთი ბარიერი გვაქვს გადასალახი, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ და ეს უნდა დასრულდეს ჩვენი გამარჯვებით, ჩვენი ქალაქის გამარჯვებით. ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ოთხ წელში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განვახორციელეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში არამარტო ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება, არამედ მთელი რიგი საკითხების მოგვარება“,-აღნიშნა სულხან მახათაძემ.

09 ოქტომბერი, 2016

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება:

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, რის საფუძველზეც ჩვენი ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მართვას.  არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, რასაც ცხადყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მისიების შესაბამისი ანგარიშები და შეფასებები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამომრჩეველს გამოხატული ნდობისთვის. აღვნიშნავთ, რომ ოცდასამმა კანდიდატმა, ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა ხმების მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ მოეპოვებინა პირველივე ტურში გამარჯვება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს, ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონტიტუციო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით. უშედეგოდ დასრულდა ნაც.მოძრაობის უსუსური მცდელობა, რომ გამოეწვია ხელოვნურად დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოში, მშვიდობიან გარემოში და სწორედ ასეთ ვითარებაში გამოხატა ჩვენმა ამომრჩეველმა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ამისათვის მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს.

09 ოქტომბერი, 2016

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან. სულ მალე წინასწარი შედეგები იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მანამდე ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა პარტია „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს. ასევე მნიშვნელოვანია მაჟორიტარი ოლქები. ჩვენი მონაცემებით და წინასწარი მონაცემებით, რომელიც ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე, დაახლოებით ოცი მაჟორიტარული ოლქი პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო პირველივე ტურში. შესაძლოა მეტიც, ამის ზუსტი ციფრის თქმის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულადდააჯამებს შედეგებს. რაც შეეხება იმ ოლქებს, სადაც გაიმართება მეორე ტური, ჩვენი კანდიდატები სერიოზულად ლიდერობენ. მათ აქვთ ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა მოქალაქეების, ვიდრე სიაში შემდგომ მომავალ კანდიდატებს, ვისთანაც მათ მოუწევთ კონკურენცია მეორე ტურის განმავლობაში.  აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მეორე ტურების სიმრავლე უპირველეს ყოვლისა განპირობებულია იმ ძალიან მაღალი ბარიერით, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა წინა, ასევ თქვათ, მოქმედი პარლამენტის პირობებში და ეს ბარიერი, ძალიან მაღალი ბარიერი ემსახურებოდა მაღალი ლეგიტიმაციის მიცემას მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე პირებისთვის და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით ზოგადად დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ და მივესალმებით მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით, არჩევნები ჩატარდა უბნების სრულ უმრავლესობაზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. არჩევნები ჩატარდა მშვიდ, სამართლიან გარემოში. იყო მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი დაახლოებით ოთხ, ხუთ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, გაუქმებულია ან გაბათილებულია მხოლოდ ორი საარჩევნო უბნის შედეგები. ასევე, რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს და ფიზიკურ დაპირისპირებას. გვინდა განსაკუთრებულად გამოვეხმაუროთ მარნეულში მომხდარ სრულიად მიუღებელ ფაქტს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა მიიტანეს საარჩევნო უბანზე, საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფ ადამიანებს, ჯანმრთლობის დაზიანება მიაყენეს პოლიციიის წარმომადგენლებს და მათი ქცევა შეიცავდა ძალიან სერიოზულ კრიმინალურ ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ხელმძღვანელობდა და ეს პირდაპირ ეთერში კარგად ჩანდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ეს ინციდენტი გადაიცემოდა თითქმის უწყვეტად 3 საათის განმავლობაში და ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩენილიყო განცდა იმისა, რომ არჩევნები არის ძალადობრივი და არჩევნები არ არის მშვიდი და სამართლიანი, რაც, რა თქმა უნდა, არის არა პარტია „ქართული ოცნების“, არამედ ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული და გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ ქმედებას ვაფასებთ, ყოვლად მიუღებელი იყო ეს ინციდენტი, რომელიც მოხდა.  სამართალდამცავი ორგანოები გუშინ ეფექტურად მოქმედებდნენ და მათ შეძლეს იმ დაპირისპირების აღკვეთა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მარნეულში და დარწმუნებული ვართ, რომ მათ ქმედებას მოჰყვება გაგრძელება და დადგება შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა, ვინც გუშინდელი ინციდენტის ორგანიზებაში ან წარმართვაში იყო რაიმე ფორმით ჩართული. ასევე იყო რამდენიმე ინციდენტი სხვა საარჩევნო უბნებზე, .მათ შორის სამეგრელოში, არის ჯიხაშკარის ინციდენტი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ გუშინ დაუყონებლივ მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩარეულიყვნენ და ასეც მოხდა. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია უბანზე მყოფი პირების მიმართ გარკვეული ძალადობრივი ქმედების განხორციელებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელიც რაიმე ფორმით ხელს უშლიდა გუშინდელ დღეს არჩევნების რამდენიმე უბანზე სამართლიანად წარმართვას და ჩატარებას. დღეს, დღის განმავლობაში საერთაშორისო დამკვირვებლები გააკეთებენ თავიანთ განცხადებებს და შეფასებებს გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების წარმართვასთან დაკავშირებით.  უკვე გამოქვეყნდა პარარელული დათვლის შედეგები და ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ოპოზიციის მიერ გუშინ განცხადებული და მთელი ღამის განმავლობაში ეს ცხადდებოდა და რამდენჯერმე იქნა გამეორებული, რომ გარკვეული ბოიკოტირება თუ დაუმორჩილებაცხადდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიმართ , ჩვენ მიგვაჩნია რომ ასეთი მიდგომა მაშინ როდესაც ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ დღეს მოვისმენთ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საქართველოში არჩევნები ჩატარდა უმეტესწილად მშვიდად და სამართლიანად და იმ რამდენიმე ინციდენტმა რომელიც წარიმართა ოთხ ხუთ უბანზე , ვერ იქონია გავლენა მთლიანად არჩევნების შედეგებზე ქვეყანაში, მიუხედავად ამისა გარკვეული ინსუაციები იმის გარშემო რომ არჩევნები გაყალბდა ან იმის თაობაზე რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს ვინმე არ დაემორჩილება არის გარკვეული ლეგიტიმური ჩარჩოდან გასვლის მცდელობა ამიტომ ჩვენ ეს სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია განსაკუთრებით მაშინ როცა პარარელური დათვლის შედეგები საკმაოდ ახლოსაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებთან.

09 ოქტომბერი, 2016

ეს არის ჩვენი ყველა მოქალაქის გამარჯვება

მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სიძულვილის დასასრული და სიყვარულზე, ნათელ მომავალზე, აგუგუნებული საქართველოს ნათელ მომავალზე, გაფერადებულ, სიყვარულზე აგებულ ქვეყანაზე დაფუძნებული გამარჯვება, რომელიც ჩვენი ყველა მოქალაქის გამარჯვებაა,-ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას წარმატებით ჩატარებული არჩევნები მიულოცა, რაც ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის დიდ გამარჯვებად შეაფასა.  „ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ჩვენი სახელმწიფოს ეს უდიდესი გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება! ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული, გილოცავთ და გიხდით დიდ მადლობას! დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას პასუხი: არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება? რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დიდი მხარდაჭერა გამოხატა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია,“-აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაური „ქართული ოცნების“ დღვანდელ გამარჯვებას 2012 წლის 1 ოქტომბრის გამოძახილად მიიჩნევს და თითოეული მხარდამჭერის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის. „დღევანდელი გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯვების, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი როლისთვის საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მინდა ყველა მხარდამჭერს ვთხოვო, მოთმინებით დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლითაც საბოლოოდ გამყარდება „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი უპირატესობით მოგება. საქართველოს მოსახლეობას ვპირდებით , რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აღმშენებლობის მომავალი ოთხი წელი და გაგრძელდება ის დიდი საქმეები, რომლებიც დავიწყეთ,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი შეფასებით, დღევანდელი გამარჯვება აბსოლუტურად ეხმიანება 2012 წლის გამარჯვებას. „გავიხსენოთ, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში 5 წლის წინ. პატრიარქის სიტყვებით თუ ვიტყვით, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია. ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება და გარწმუნებთ, რომ დღეს საუკეთესო გარემოა, რომ ის სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს, იმ გაუგებარი ხელისუფლების ნაცვლად ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. თქვენ გყავთ კვირიკაშვილი, ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა; თქვენ დღეს გყავთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობას ჰყავს გენიალური ლიდერი, რომელიც პატიოსნებისა და ზნეობის განსახიერებაა. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ისინი არ შემცდარან.  „თქვენ ნამდვილად სწორი მიმართულებით მიგყავთ ქვეყანა და დღეს ძალიან ღირსეული არჩევანი გააკეთეთ. თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით და გარწმუნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად სწორი მიმართულებით განვითარდება“, - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და მისი თანამოაზრეების გამარჯვება, არამედ ეს არის იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამოაზრეებო, თანამებრძოლება. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება, ეს არის იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ. მინდა თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რადგან მათ დღეს დააფიქსირეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, მიიღეს მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან არჩევნებში და შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი აგური დადეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ გვესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და გაძლევთ პირობას, სანამ ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, ვიქნებით მუდამ ხალხის გვერდით. ვიქნებით მუდამ ჩვენი სამშობლოს გვერდით და ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. როგორც ჩვენ - „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს გვჩვევია - ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! ბიძინა ივანიშვილს გაუმარჯოს! გიორგი კვირიკაშვილს გაუმარჯოს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

09 ოქტომბერი, 2016

პრემიერ-მინისტრის განცხადება

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისთვის და ეს მიზანი მიღწეულია, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და ამომრჩეველს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.  „მინდა, მოვულოცო ყველას - საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა. ყველა შეფასებით ეს იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არჩევნების მონიტორინგისა და აქტიური ჩართულობისთვის. მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დადებითად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. აღსანიშნავია ეუთოს შეფასება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე მიულოცეს საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უზრუნველვყავით დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო და ჩავატარეთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები,“-აღნიშნა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა ეფექტურმა და მიუკერძოებელმა მუშაობამ, მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი. გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების პროცესში მომხდარ შემთხვევებსაც გამოეხმაურა. „მოხდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა ასეთი ფაქტების მასშტაბი და რაოდენობა იყო იმდენად მცირე, რომ გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე; ყველა ამ ინციდენტზე ხდება რეაგირება და მიმდინარეობს შემდგომი სამართლებრივი პროცედურები, არიან დაკავებულებიც,“-განაცხადა პრემიერმა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ნდობის გამოცხადებისთვის. მისი თქმით, მართალია, ჯერ არ არის გამოქვეყნებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგი, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა დიდია. „ეს არის უდიდესი მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ქვეყნის მართვას სწორედ ჩვენ გვანდობს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ამავე დროს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი გუნდი, თითოეული ჩვენგანი გაათმაგებული შრომით უპასუხებს. წინასწარი მონაცემებით, ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ სრულიად შეგნებულად ავწიეთ ბარიერი 50 პროცენტამდე, რათა დემოკარტიულობის და ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც იქნება ამომრჩევლების მაღალი აქტივობა და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ,“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.  პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, რაც არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან. გიორგი კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის მაღალპროფესიული გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს. „მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და არჩევნების მიმდინარეობისას მაღალპროფესიულად აშუქებდნენ პროცესებს და აწვდიდნენ ამომრჩეველს ობიექტურ ინფორმაციას, აღარაფერს ვამბობ გუშინდელ დღეზე, როდესაც მათ 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს,“-განაცხადა პრემიერმა.

08 ოქტომბერი, 2016

კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

06 ოქტომბერი, 2016

შეხვედრა ვაკის მოსახლეობასთან

ჩვენ გვინდა ბედნიერი ქვეყანა, ჩვენ გვინდა სიყვარულზე დაფუძნებული ქვეყანა, რომლის აშენებაც, დამერწმუნეთ, ყველა თქვენგანის ჩართულობით, აბსოლუტურად შესაძლებელია,– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ვაკის ამომრჩეველს დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – ზაზა ხუციშვილი და ბიძინა გეგიძე წარუდგინა და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრემიერ–მინისტრის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობაა. „ეჭვი არავის შეაქვს ჩვენს გამარჯვებაში , მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც . ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური, შეუქცევადი განვითარება უზრუნველვყოთ და აღარ უნდა ვისაუბროთ წარსულზე. ჩვენ სწორი ფასეულობების ირგვლივ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, დავასრულოთ ღვარძლი, სიძულვილი და სიყვარულის კარი გავხსნათ მომავალი თაობებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ქვეყანა, დავასრულოთ თავქარიანი პოლიტიკოსების ეპოქა და დავიწყოთ სულ ახალი, მომავლის პოლიტიკოსების ეპოქა. აუცილებლად უნდა ვთქვა– გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა საღამოს დებატები და მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამედროვე, სრულიად ახალი ტიპის ლიდერებისგან შემდგარი გუნდი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე საუბრობდნენ . ჩვენ შეგვიძლია პირნათლად ვთქვათ , რომ მთავარი ამოცანა არის ძალიან სწრაფი პროგრესი ქვეყანაში,“–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოში გაიხსნა ქარის პირველი ელექტროსადგური, რომელიც არის ახალი სიტყვა ქართულ ენერგეტიკაში. მან ასევე ისაუბრა ამბროლაურის ახალ აეროდრომზე და მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე. „დღეს დილით ჩვენ გავხსენით ქარის ახალი ელექტროსადგური, პირველი ელექტროსადგური საქართველოში, რომელიც გახლავთ სრულიად ახალი სიტყვა ქართული მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკის განვითარებაში. ასევე დღეს შუადღეს მე პირველად დავჯექი ამბროლაურის ახალ აეროდრომზე. თქვენ ხედავთ თუ რა ტემპში მუშაობს წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა და გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით იმუშავებს არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩვენი მთავარი პირობა, რომ მომავალი ოთხი წლის მანძილზე იქნება არნახული დინამიკა ქვეყანაში. ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალტექნოლოგიური განათლების სისტემა, რომლის მთავარი ღერძი იქნება ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთება გაღვიება და მომავალ თაობებში გადაცემა. ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ შესაძლებელია იყო ყველაზე თანამედროვე და ამავე დროს ყველაზე მეტად უფრთხილდებოდე ტრადიციებს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენს ქვეყანას შეუქმნათ სრულიად ახალი, მოდერნიზებული, ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც იქნება არნახული ბიძგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვლით მმართველობის სისტემას. ოთხ წელიწადში ჩვენ გავატარებთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს, შევქმნით სრულიად ახალი ტიპის საპენსიო სისტემას. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის,“– განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კვლავაც ნაკარნახევი იქნება ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით. „მეგობრებო, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო, ის საქართველო, რომელიც ყველა ჩვენგანს გულში ენატრება; ის სამშობლო, რომლის თაობაზეც ბავშვობაში მშობლები და ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ ოდესმე თურმე დიდი ყოფილა საქართველო. ამ დიდ საქართველოს გაუმარჯოს!“– აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, ქვეყანაში მოძალადეები აღარ უნდა დაბრუნდნენ. კახა კალაძე დაწრმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ხმას მისცემს ქვეყნის სწრაფ განვითარებას. „მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლენო, თანამოაზრეებო. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს დღეს აქ მობრძანებისთვის. ფაქტობრივად, მოვიდა 8 ოქტომბერი და მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენთაგანს, მინდა მივმართო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ყველა ერთადდავირაზმოთ, მოვკიდოთ ხელი ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება ერთი, ეს არის თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად თქვენი ჩართულობით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობით მოვიპოვეთ ბრძოლით და რაც მთავარია, მშვიდობიანი გზით. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ ძალადობა, ქვეყანაში დაბრუნდნენ მოძალადეები. ეს დრო წარსულს ჩავაბარეთ ყველამ ერთად“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძის თქმითვე, დღეს, რაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე, ძალიან სწრაფად შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა ქვეყანაში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება არის პარტია „ქართული ოცნების” მხარდაჭერა, ჩვენი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერა, იმ გუნდის მხარდაჭერა, რომელიც აქ არის დღეს წარმოდგენილი“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანონ. „ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ქვეყანაში შევცვალოთ არსებული პოლიტიკური რეალობა, მოვახდინოთ გარდატეხა პოლიტიკურ რეალობაში. თქვენ ალბათ ყველა უყურებთ ტელევიზორს და იმას, რა ხდება, როდესაც მიმდინარეობს დებატები, პოლიტიკური პარტიების შეხვედრები, როგორი შეურაცხყოფა, ჭიქების სროლა, ბოთლების სროლა, ეს ყველაფერი არის კატასტროფა. ეს ყველაფერი არის გუშინდელი დღე მეგობრებო. ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე. საჭიროა უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა და ჩვენ ამას მოვახერხებთ.ამას აუცილებლად შევძლებთ. მე მინდა დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ. მე მინდა მადლობა გითხრათ იმ მუხტისთვის, იმემოციისთვის, რომელიც თქვენგან მოდის და მე ეს მაძლევს შინაგან რწმენას იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მინდა გისურვოთ ყველას, რომ ხვალინდელი დღე, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, იყოს წარმატებული და იყოს ლაღი თითოეული თქვენთაგანისთვის“,-დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.  

06 ოქტომბერი, 2016

შეხვედრა კრწანისის მოსახლეობასთან

  8 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს - 8 ოქტომბერს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ მოქალაქეობრივი პოზიცია, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ყუთებთან და არჩევნების გზით მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კრწანისში გამართული შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეხვედრის მონაწილეებს.    როგორც კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად გააკეთებენ სწორ არჩევანს, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ბრძოლით, მშვიდობიანი გზით მოვიპოვეთ. ეს არჩევანი იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, პენსია იყოს ისეთი, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს კეთილდღეობა და ეს ყველაფერი შეუძლია მხოლოდ ერთადერთ ძალას, ეს არის „პარტია ქართული ოცნება“, რომლის უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი“,-აღნიშნა კახა კალაძემ. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“, სრულიად საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც 2012 წელს დაიწყო. „ჩვენ, ყველამ ერთად ძალიან ბევრი რთული ბარიერები გადავლახეთ, თუმცა ღირსეულად გამოვიარეთ სირთულეები. ჩვენ კარგად გვესმის ყველა პრობლემა, ტკივილი, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ერთადერთი გუნდი, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის პარტია „ქართული ოცნება“. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ამ პრობლემების მოგვარება“,-განცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძემ კრწანისის რაიონის მცხოვრებლებს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი კიდევ ერთხელ წარუდგინა. „დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი თანაგუნდელები, ადამიანები, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით, მერწმუნეთ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში გემსახურონ თქვენ, ხალხს. ყველა ტკივილი, ყველა წუხილი, პრობლემა, რომელიც აქვს თითოეულ თქვენგანს, მიიტანოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მთავრობაში და შესაბამისად, ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული. მე დღეს მინდა წარმოგიდინოთ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ადამიანები, ბექა ოდიშარია და ქეთი მამულაშვილი“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქონდათ ბევრი შეხვედრა, თითოეულ ოჯახში მივიდნენ, ესაუბრნენ, აუხსნეს, თუ რას პირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხალხს, როგორი იქნება მომავალი ოთხი წელი. „ეს ადამიანები, თქვენთვის ცნობილი ადამიანები არიან.    მინდა, წარმოგიდგინოთ ბექა ოდიშარია, რომელიც იქნება ღირსეული წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო კონკრეტული რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ბექა ნაცვლიშვილი ღირსეულად გაართმევს პასუხისმგებლობას თავს და ჩვენს გუნდთან, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მოგვარდეს. ასევე, მინდა, წარმოგიდგინოთ ქეთი მამულაშვილის კანდიდატურა თბილისის საკრებულოში. გულწრფელად მინდა, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თანადგომით, თქვენი დახმარებით აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

05 ოქტომბერი, 2016

ადაპტირებული საარჩევნო პროგრამა

პირველად, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, დამზადდა ადაპტირებული მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს დეტალურად გაეცნოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს,-ადაპტირებული პროგრამის პრეზენტაცია დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მარიამ ჯაშმა და რატი იონათამიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართეს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გამოიცა ბრაილის შრიფტით, ჩაიწერა აუდიო ვერსია. სმენათაქვეითებულებისთვის კი, ჟესტურ ენაზე პროგრამის ვიდეო ვერსია მომზადდა. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროდუქტების შემუშავებასა და დამზადებაში. ასევე, მინდა დავადასტურო, რომ პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მეამაყება, რომ ვიქნები ადვოკატთა ძალიან ძლიერი ლობისტური ჯგუფის წევრი, რომელიც იზრუნებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავისუფალი უფლებებისა და თავისუფალი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს როგორც ფაკულტატურული ოქმის მიღებასა და იმპლემენტაციის ხელშეწყობას, ასევე დღემდე დარჩენილი საკითხების მოგვარებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოებისთვის და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის პროდუქტული“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. „როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქიდანვე არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ გაგვეთვალისწინებინა კონვენციის მე-9-ე მუხლი და პროგრამა ყოფილიყო ადაპტირებული, რათა ეს არის ერთგვარი ნაბიჯი და სიგნალი იმისი, რომ ეს პრინციპი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ადაპტირებული პროგრამა ჩვენს ამომჩეველს, მოქალაქეებს მისცემს საშუალებას 8 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“,-დასძინა მან.

02 ოქტომბერი, 2016

შეხვედრა საბურთალოს მოსახლეობასთან

მე ნამდვილად არ მივტირი წარსულს,მაგრამ მენატრება ის საქართველო, სადაც ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთის სიყვარული, სადაც ადამიანები გვერდში ედგნენ ერთმანეთს, ჰაერში იგრძნობოდა ეს სურნელი, სიყვარულის და ერის ერთიანობის და დამერწმუნეთ, ეს შესაძლებელია დღესაც, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მოსახლეობას, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები მამუკა მდინარაძე, ნინო გოგუაძე და ლევან გოგიჩაიშვილი წარუდგინა. პრემიერმა ერთად დგომის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. "ამ დაპირისპირებით, ამ სიძულვილით სავსე ეპოქაში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ ამის ძალა და უნარი შეგვწევს და, მხოლოდ და მხოლოდ ამით შევძლებთ ჩვენ, რომ ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და ის დიდება დავიბრუნოთ, რომელსაც ყოველთვის ჩაგვძახოდნენ ბავშვობაში - ოდესღაც თურმე დიდი ყოფილა საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რამდენიმე დღე დარჩა იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე, როცა კიდევ ერთხელ უნდა გაეცეს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვას - არის თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ცალკეული ადამიანი და მისი ღირსება, არის თუ არა ეს უზენაესი ფასეულობა. "კიდევ ერთხელ გავცეთ ამ შეკითხვას პასუხი, როგორც ეს გავაკეთეთ 2012 წელს. დიდი მადლობა ამ დიდი გმირობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაგარი ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არც ერთ დღეში შენდება და არც ოთხ წელიწადში აშენდება; არც 2012-ში დაწყებულა შენება, არც 2004-ში და არც მანამდე. სახელმწიფოს შენება არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ერთი რამ შეგიძლია ვთქვათ - 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც მანამდე ძალიან ხანგრძლივი, პრინციპული, გმირული შრომის შედეგად, დაიღალა ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის გმირულმა გადაწყვეტილებამ შეცვალა ამინდი ქვეყანაში და მოიტანა ყველაზე მთავარი - აღადგინა თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადავდგით გასული ოთხი წლის განმავლობაში, იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის, ცალკე ერთი ადამიანის სიყვარულიდან გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ფასეულობა და ასე ვაპირებთ ვიაროთ მომავალშიც", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა და მას საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, აღმშენებლობისა და ეკონომიკური აღორძინების გეგმა უწოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან რეალისტური , ნაბიჯ -ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომელიც 4 წლის თავზე, თვისობრივად, ხარისხობრივად, ვიზუალურად სხვა საქართველოს მოიტანს.  "ამისთვის გვინდა ყველა თქვენგანის კიდევ ერთხელ გამოხატული ნება, იმისთვის, რომ საქართველომ იაროს სწორი მიმართულებით და მჯერა, რომ ეს ნება იქნება გამოხატული",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა გასული წლების განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ დღეს მოგვარებულია ჯანდაცვის პრობლემა; სახელმწიფო ყველაზე მეტ რესურსს ხარჯავს სოფლის მეურნეობაში, რაც მოქალაქეების დასაქმების ყველაზე მოკლევადიანი გზაა. მისი თქმით, მთავრობას საინტერესო გეგმები აქვს ადგილობრივი წარმოების და ადგილობრივი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებითაც.  პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოში ნომერ პირველ პრიორიტეტად ცხადდება.  "ჩვენ ზუსტად ვიცით, ის ნაბიჯები რომელსაც გადავდგამთ, რომელიც უკვე გადავდგით , ვერ მოიტანს შედეგს 4 წლის პერსპექტივაში, მაგრამ ეს იქნება ჩვენი ერის მომავალი აღზევების და განვითარებისთვის ჩაყრილი საფუძველი. ეს აუცილებლად ახლა, დღეს უნდა გავაკეთოთ. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა აქ. იმ უბანში, სადაც მეც გავიზარდე, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ მესამოცეში და კომაროვში, სულ აქ გაიარა ჩემმა ბავშობამ და მიხარია რომ ამდენ ადამიანს ვხედავ. მიხარია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ახალი ენერგია, ახალი ძალა, რომელიც გვაქვს, მაგრამ გვჭირდება თქვენგან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთი რამ და უმთავრესი - ჩვენი საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ, უნდა გავაერთიანოთ სიყვარულით, ყველაფერ იმით, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა", - განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრემიერის შეფასებით, არ არსებობს პოლიტიკური გუნდი.  "თქვენ ყველანი, ჩვენ ყველანი ერთი გუნდის, ერთი საზოგადოების, ერთი ოჯახის, ერთი ფასეულობების ერთგული ადამიანები ვართ და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი კიდევ გაიზრდება. კიდევ მეტი ადამიანი გადმოვა ამ ფასეულობებზე და ჩვენ ყველანი ერთად, ამ სამ ძალიან თავგამოდებულ, თავდადებულ, გულისხმიერ, ძალიან აქტიურ ახალგაზრდასთან ერთად, ავაშენებთ კიდევ უფრო ძლიერ, გაჩირაღდნებულ და აგუგუნებულ საქართველოს. მე მართლა ამაყი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ერთად მომიწევს ბრძოლა, შრომა, იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად გაამართლებენ ყველა თქვენგანის ნდობას", - მიმართა პრემიერმა საბურთალოს მოსახლეობას. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში მოძალადე ხელისუფლებები ვერასდროს დაბრუნდებიან. „ძალიან მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს როცა ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. მე მინდა პირველ რიგში თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა მოგახსენოთ, უღრმესი მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წელს დავიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში,როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ,როგორი ზეწოლა იყო ჩვენს მხარდამჭერებზე, თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი ერთიანობით,ბრძოლით მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით წარსულში ჩაგვებარებინა ეს ყველაფერი. ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი მხარდამჭერებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება, ვერასდროს ვერ დაბრუნდება ის ხელისუფლებები, რომლებიც ძალადობდნენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის დღეს მთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. რეალურად ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი გახლავთ პარტია „ქართული ოცნება“, ვისაც აქვს რეალურად შესაძლებლობები იმისა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა”,-აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. კახა კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საბურთალოს ამომრჩეველს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. „ მე მინდა ვთხოვო თითოეულ თქვენთაგანს, რომ 8 ოქტომბერს მოვკიდოთ ხელი ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს ,ნათესავებს და საარჩევნო ყუთებთან მისვლით, ჩვენი აზრის დაფიქსირებით მივიღოთ გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს ხვალ ქვეყნის ხელისუფლებაში , ვის უნდა ვანდოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი შვილების მომავალი და მე დარწმუნებული ვარ ეს გადაწყვეტილება იქნება თავისუფლება, თავისუფლების განმტკიცება, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს და დაგარწმუნოთ იმაში, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თქვენი სიმტკიცე , ის ემოციები, რომელიც თითოეულ თქვენთაგანშია , ის ემოციები რომლებიც თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეშია და ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ 8 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვებას , ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვებას, ეს არის სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება რომელიც ჩვენ 2012 წელს დავიწყეთ ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას მოძალადეებს, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რადგან ყველას კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს, და მინდა, რომ ხვალინდელი დღე რომელიც გვითენდება იყოს ყოველთვის ბედნიერი, იყოს ყოველთვის ბედნიერი თითოეული თქვენთაგანისთვის“,-დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა

02 ოქტომბერი, 2016

შეხვედრა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან

ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანებს ისევ ისე ეყვარებათ ერთმანეთი, როგორც ოდესღაც უყვარდათ, და ისე, როგორც ოდესღაც საქართველო ყოფილა დიადი, ამ სიდიადეს ჩვენ დავუბრუნებთ ქვეყანას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, სოფო კილაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ზაზა გაბუნია წარადგინა.  პრემიერმა არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მათ მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "მინდა, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად მოგმართოთ, როგორც თქვენმა მეგობარმა და არა როგორც ტრიბუნაზე მდგომმა ადამიანმა, ყველა ჩვენგანის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განსაზღვროს საქართველოს მომავალი. ჩვენ ვიმარჯვებთ არჩევნებში, მაგრამ გვინდა, მაგრად გავიმარჯვოთ. ამიტომ, ყველანი მივიდეთ აუცილებლად და უარი ვუთხრათ იმ წარსულს, რომელიც გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადავხაზოთ და ვუთხრათ თანხმობა და მხარი დავუჭიროთ მომავალს - განათებულ, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს, ერთიან საზოგადოებას, სიყვარულით შეკრულს და გაერთიანებულ საქართველოს; მხარი დავუჭიროთ იმ საქართველოს, რომელსაც ყველა ჩვენგანი სიზმარში ხედავს და ენატრება - სადაც მეტი სიყვარული იყო, მეტი სითბო იყო, ადამიანები ერთმანეთს გვერდში ედგნენ. ეს ყველაფერი ჩვენ გვინახავს. ამიტომ, ვიდრე პირში სული გვიდგას, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ისევ მოვიტანოთ ქვეყანა, სადაც იქნება კიდევ უფრო ნათელი ახალგაზრდობა , მომავლის პერსპექტივა, განვითარება, წინსვლა. ჩვენ არ მივტირით წარსულს, ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ადამიანებს ისევ ისე ეყვარებათ ერთმანეთი როგორც ოდესღაც უყვარდათ და ისე, როგორც ოდესღაც საქართველო ყოფილა დიადი, ამ სიდიადეს ჩვენ დავუბრუნებთ ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა გასული ოთხი წლის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებსა და მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა. "მე არ ვიცი, ვინ რა გვირაბს აშენებს. ჩვენ ვაპირებთ, ავაშენოთ მლეთა -კობის გვირაბი, რიკოთის გვირაბი, ლენტეხის გვირაბი და ოთხ წელიწადში საქართველოს ინფრასტრუქტურა ვაქციოთ ევროპულ ინფრასტრუქტურად, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე, განვითარებული და სატრანზიტო, ტურისტული ინფრასტრუქტურის ქვეყნად. ეს არის რეალობა. ჩვენი შვილების, მომავალი თაობის განათლება არის ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი. პედაგოგის დაფასება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი - ადამიანებისა, რომლებმაც, შიმშილის ზღვარზე მყოფებმა, გამოატარეს ჩვენი შვილების თაობა, 90-იანი წლები, რომლებმაც უზრუნველყვეს განათლების უწყვეტობა და ჩვენ აბსოლუტურად სწორად ვამაყობთ დღეს ჩვენი ახალგაზრდა თაობით. ამ ადამიანებს ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ და ქედი მოვიხაროთ მათ წინაშე. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა - ქვეყნის მმართველობის სისტემის ძირეული გარდაქმნა ისე, რომ ის იყოს თითოეული ადამიანის პრობლემებზე ორიენტირებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

01 ოქტომბერი, 2016

შეხვედრა დიდუბის მოსახლეობასთან

საქართველო არ დაწყებულა დღეს და არც ოთხ წელიწადში დამთავრდება, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს! საქართველო არის ყველაზე დიდი და უზენაესი და ქართველი ადამიანი – საქართველოს მკვიდრი არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა. სწორედ ამ ფასეულობას გავუფრთხილდებით თვალისჩინივით და ამას გპირდებით უპირველეს ყოვლისა,– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დიდუბის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც დიდუბელ ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – ზაზა პაპუაშვილი და ილია წულაია წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს 1 ოქტომბრის თარიღი მიულოცა. მისი თქმით, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული გმირული ნაბიჯი გახდა საფუძველი გამარჯვებისა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის ბედი. „ერთი კვირა გვაშორებს ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე: არის თუ არა ჩვენთვის ადამიანის ღირსება უზენაესი? არის თუ არა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ სიყვარულით ვიცხოვროთ და დავასრულოთ სიძულვილი, დაპირისპირება? ეს ყველაფერი 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა მოიტანა და მე გილოცავთ იმ დიდი გამარჯვებიდან 4 წლის იუბილეს! ზუსტად 5 წლის წინ, შემოდგომაზე, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული, მართლაც, გმირული ნაბიჯი გახდა საფუძველი იმ გამარჯვებისა, რომელმაც საქართველოში სრულიად შეცვალა პოლიტიკური ამინდი. დღეს ხედავთ თქვენ როგორია წინასაარჩევნო კამპანია, არავის ვერჩით. აღარ არის ქუჩებში ადამიანების სიკვდილამდე მიყვანა ცემით, აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა და ადამიანებს არ აქვთ შიში, როდესაც დილით სახლიდან გამოდიან. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გადავწყვიტეთ ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ჯანდაცვა. როგორიც არის სოფლის მეურნეობის განვითარება. დღეს ბევრი ახალგაზრდა უბრუნდება სოფელს და იწყებს საკუთარ საქმეს. სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად დღეს უზრუნველყოფილია მეტი სტაბილურობა ქვეყანაში,“ – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ–მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. „მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, როგორც პირველ რიგში თქვენმა მეგობარმა, რომ 8 ოქტომბერს ყველა ჩვენგანი მივიდეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება. 8 ოქტომბერს წყდება, თუ რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა. 8 ოქტომბერს წყდება, თუ რა ფასეულობები არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარია თითოეული ადამიანის ღირსება და ის რომ, საქართველოში აღარ იყოს უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანი; ის რომ, საქართველოში არცერთი ბავშვის ცრემლი არ დაიღვაროს; ის რომ , საქართველო კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ქვეყნის დიდი აღმშენებლობის ამბიციური გეგმები გვაქვს, ამიტომ, გვჭირდება თქვენი მანდატი. ჩვენ არ გვჭირდება გაყალბებული არჩევნები, ჩვენ გვჭირდება გულით მოცემული ხმები, ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტი ნდობა იმისათვის, რომ მერე ეს ნდობა მივიტანოთ ღირსეულად 2020 წლამდე და გავამართლოთ,“– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არჩევნების, დემოკრატიული გზით მოვიდა. კახა კალაძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება პირველ ოქტომბერს დაწყებული დემოკრატიული გზის გაგრძელებას ნიშნავს. „ძალიან მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. პირველი, რაც მინდა გთხოვოთ ყველას, ეს არის ის, რომ 8 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ. ყველაფერი უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენთაგანმა იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, ყველას მოვკიდოთ ხელი და მივიყვანოთ საარჩევნო ყუთებთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატება, ჩვენი გამარჯვება. ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“, მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება 8 ოქტომბრის არჩევნებში ნიშნავს იმ დემოკრატიული გზის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს დავიწყეთ. დღეს სიმბოლურია, რომ ჩვენ ყველა აქ შევიკრიბეთ. დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნების გზით, დემოკრატიული გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვედით ხელისუფლებაში“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანოს. „დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც გარკვეული რევოლუციების მოწყობა უნდათ გარკვეულ ჯგუფებს. მე მინდა დაგამშვიდოთ ყველა, რომ არავის არაფერი არ გამოუვა. ეს დრო ჩაბარდა წარსულს. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანონ. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ მოძალადეები, ქვეყანაში დააბრუნონ ის ადამიანები,ვინც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში ის დრო, ის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებზე იძალადებენ. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. „ზუსტად პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არის ის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქვეყანაში , ვისაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას თქვენთან ერთად. მთავარია ვიყოთ ერთად, როგორც დღემდე. ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი სიმტკიცით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას . მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული ჩვენთაგანისთვის“,-დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა. 

30 სექტემბერი, 2016

შეხვედრა ზესტაფონის მოსახლეობასთან

მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობას, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები შალვა კიკნაველიძე და კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.  პრემიერის თქმით, მთავრობა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ხალხთან, როგორც დღეს არის. "დღეს ჩვენ თქვენთან არაფერი გვაშორებს, არ არის ნაპრალი მთავრობასა და საზოგადოებას შორის, ჩვენ არ გვიცავს ათეულები, ოცეულები და ასეულები, როცა თქვენთან მოვდივართ და ჩვენ ეს გვეამაყება, რადგან არაფერი გვჭირს ჩვენი ხალხისგან დასაცავი. დღეს ჩვენ ჩვენი საზოგადოება უკეთესი მომავლის ხედვით უნდა გავაერთიანოთ, აღარ შეიძლება ამდენი სიძულვილის, ამდენი ბოღმის ნთხევა. ტელევიზორის ჩართვა აღარ მოგინდება ადამიანს, იმიტომ რომ მოდის ნიაღვარი, რომელმაც წალეკა ჩვენი საზოგადოება და გადაჯიშების პირას მიგვიყვანა. ამას ჩვენ ვეღარ მოვითმენთ. მე არ მივტირი წარსულს, მაგრამ, მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს, როცა მოხუცებისადმი მეტი სიყვარული და სითბო იყო გამოხატული. მე ეს უბრალოდ არ მენატრება, ზუსტად ვიცი, რომ ეს დრო დადგება საქართველოში და თქვენთან ერთად, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ უარი ვთქვით თბილისში მრავალრიცხოვანი აქციის ჩატარებაზე, რადგან ათასნაირი ხმა ისმის პროვოკაციებზე და ა.შ ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატაროთ. თქვენ ხედავთ, რამდენად განსხვავებულია დღევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი ნებისმიერი წინა არჩევნებისგან და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების" და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ჩვენ ამ დამსახურებას გავუფრთხილდებით და ციმციმ მივიტანთ 8 ოქტომბრამდე, როდესაც დილით, ყველა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი და ხმა მისცეს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოს, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას თითოეული თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა შალვა კიკნაველიძესთან ერთად, მოსახლეობას წარუდგინახარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, ვინაიდან, საარჩევნო ოლქების ცვლილების გამო, ზესტაფონის რაიონის გარკვეული სოფლები ხარაგაულის და ბაღდათის საარჩევნო ოლქებს უჭერენ მხარს. პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, მოქალაქეობრივად, პასუხისმგებლობის გრძნობით მივიდნენ 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ უკეთეს, გაჩირაღდნებულ, აგუგუნებულ საქართველოს. "სიყვარულით, სიმტკიცით, გადამჭრელი ხმა მივცეთ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს, კიდევ ერთხელ უარი ვუთხრათ იმას, რაც ყველამ ერთად გავიარეთ; კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ქართველი ხალხის ნება, იცხოვროს უკეთეს ქვეყანაში, სადაც ადამიანი არის უზენაესი კატეგორია და არც ერთი ადამიანის დაჩაგვრად არ ღირს არც ერთი ესტაკადა, არც ერთი ხიდი არც ერთი გვირაბი, არც ერთი დაჩაგრული ადამიანის ცრემლად არ ღირს არც ერთი დამატებით მოტანილი ინვესტიცია, სწორედ ეს არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი. ჩვენ კიდევ უფრო ჩქარა ვივლით წინ, კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევქმნით, კიდევ უფრო მეტად გავაჩირაღდნებთ, ავაგუგუნებთ, გავაფერადებთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ისე, რომ არც ერთ ბავშვს ცრემლი არ ჩამოუვარდება. ვიაროთ მხოლოდ წინ, სიყვარულით, სიმტკიცით. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, სიყვარულით, სითბოთი გაჩირაღდნებულ, გაფერადებულაგუგუნებულ ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  მთავრობის მეთაურმა გასული წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, გაგრძელდება.  პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფი განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ოთხ წელიწადში დასრულდება სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა პროექტი, რომელიც ზესტაფონს სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას დაუბრუნებს. ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ. კახა კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. „მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, ამდენ მხარდამჭერს. მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველ რიგში მობრძანებისთვის. მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ ყველას, რომ ასე ერთსულოვნად, ასე დარაზმულები მივიდეთ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა. აქ არის წარმოდგენილი გუნდი, ჩვენი ლიდერის, პრემიერ- მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და ეს არის ზუსტად ის გუნდი, რომლის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ბრძოლით მოპოვებული, ძალიან ღირებული თავისუფლება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი შიში იყო, როგორი ტერორი, როგორი ზეწოლა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და ეს არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ეს არის სრულიად საქართველოს დამსახურება“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძის თქმითვე, ქვეყანაში ძალადობა აღარასდროს დაბრუნდება, ხოლო ვინც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას გაბედავს, მათი ადგილი იქნება ციხეში. „ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ ძალადობა, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყანაში დავაბრუნოთ მოძალადეები. ადამიანები, რომლებიც კადაფიზაციასჰპირდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ადამიანები, რომლებიც ისევ ძალადობაზე საუბრობენ. ჩვენ კარგად გვესმის მათი მიზნები, მათი ბნელი ზრახვების, მაგრამ მინდა დავარწმუნო სრულიად საქართველო, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი არ გამოუვათ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და შესაბამისად, ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში. ჩვენ კარგად გვახსოვს 90 წლებიდან მოყოლებული, თუ რამდენად მძიმეა ძმათა დაპირისპირება. ეს ჭრილობები ჯერაც ვერ მოუშუშებია ჩვენს სამშობლოს. არსებობს უფრო თანამედროვე და უფრო ცივილიზებული გზა, ეს არის არჩევნები, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებით არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ უთხრა არა, იმიტომ, რომ ისინი ჩარჩენილები არიან წარსულში და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობა აღადგინონ, ძალადობა დააბრუნონ ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, 8 ოქტომბერს, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი,პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად განვითარდეს. „გუნდი, რომელიც დღეს თქვენთან არის წარმოდგენილი ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ბატონი პრემიერი, რომელიც ორიენტირებულია სიკეთეზე, სიყვარულზე, კეთილდღეობაზე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად. შესაძლებელი იყოს უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემცირება რაოდენობრივად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. მინდა წარმატებები გისურვოთ”,-აღნიშნა კახა კალაძემ.