პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა. მერობის კანდიდატი დღეიდან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. შტაბის გახსნას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც თანაგუნდელს გამარჯვება უსურვა.
„კახა ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც ლიდერის გამორჩეული თვისებები გააჩნია. მისი გახსნილობა ყველაზე მთავარი დამახასიათებელი თვისებაა. ის სიახლეზე ორიენტირებული ადამიანია, მას თანამედროვე მიდგომები გააჩნია და თავი დაიმკვიდრა პოლიტიკოსად, რომლისთვისაც მთავარია ზნეობა და წესიერება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე სუფთა ხელებით, არჩევნებს აუცილებლად პირველივე ტურში მოიგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თბილისისთვის ახალი გადაშლილი ფურცელი იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევანი თბილისისთვის ბევრი სიახლის მომტანი იქნება და ქალაქი დაიმკვიდრებს თავს, როგორც უძველესი ტრადიციებისა და ბევრი სიახლის მქონე ქალაქი.
საარჩევნო შტაბი თავად მერობის კანდიდატმა გახსნა, რომელიც თავდაპირველად, ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, ყველა ჯარისკაცს, პოლიციელს, ყველა მოქალაქეს, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირველივე წუთებიდან ჩართული იყო ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებაში და საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობდა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ასევე, თბილისელებსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა. „თბილისის მერობის კანდიდატად ჩემი დასახელება ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გაცნობიერებული თუ რას ნიშნავს - იყო თბილისის მერი. სახელისუფლო გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერით, თბილისის გამოწვევებთან გამკლავებას შევძლებთ. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, თბილისელებს მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ეს გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას - გადავლახო ნებისმიერი გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.
კალაძის თქმით, მის გუნდს კარგად ესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილისსა და თბილისელებს აწუხებს. ასევე, კარგად იცის, როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და დღესაც კეთდება, თუმცა საზოგადოება, თბილისი ვითარდება და საჭიროა, ბევრად უფრო მეტი გაკეთდეს.
„ვიშრომებ თითოეული თბილისელისთვის, თითოეული თქვენგანისთვის. არ დავიღლები მუშაობით, არ დავიღლები ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ თბილისი ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა კალაძემ.
მერობის კანდიდატი ასევე დარწმუნებულია, რომ თბილისელები მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აუცილებლად მივლენ.
„თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ სიცოცხლით სავსე ქალაქის წინსვლაში. დღეიდან, ჩვენი საარჩევნო შტაბი გახსნილია, იმუშავებს მუდმივ რეჟიმში და მისი კარი ღია იქნება თითოეული თქვენგანისთვის“, - აღნიშნა მან. კალაძის განცხადებით, საარჩევნო შტაბები, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე ყველა რაიონში ფუნქციონირებს, დანიშნული არიან შტაბის ხელმძღვანელები და გუნდი მზადაა, საარჩევნო კამპანია დაიწყოს.
რაც შეეხება მერობის კანდიდატის სამოქმედო გეგმებს, კალაძის თქმით, ის უახლოეს მომავალში, საზოგადოებას ხედვებსა და კონკრეტულ მიმართულებებს წარუდგენს, რაზეც ოთხი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს.
საუბრის დასასრულს, თბილისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგინა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, არჩილ თალაკვაძე შტაბის საიმედო ხელმძღვანელი იქნება. „არჩილ თალაკვაძე კარგი მეგობარი და თანაგუნდელია, კარგი მენეჯერული თვისებებით. ამ არჩევნებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც არამარტო პოლიტიკური ხედვები და მომავლის გეგმები მაერთიანებდა, არამედ პასუხისმგებლობა, ქვეყნის სიყვარული და დაგეგმილის განხორციელების სურვილი. ჩემი შტაბი საიმედო ადამიანის ხელშია. ჩვენი მიზანი საერთოა - თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გამოცხადებული ნდობისთვის კახა კალაძესა და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა.
„მზად ვარ მივიღო და შევასრულო ეს მნიშვნელოვანი ამოცანა. საარჩევნო შტაბი საუკეთესო ფორმაშია. ჩვენს კამპანიაში ყველა სფეროდან საუკეთესო პროფესიონალები არიან ჩართული. თბილისში კიდევ ათი შტაბი უკვე სამუშაო რეჟიმშია. ამ ოფისის კარი კი, თითოეული ადამიანისთვის, მათი პრობლემებისა და იდეებისთვის ღია იქნება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, კახა კალაძე უახლოეს დღეებში, თბილისის განვითარების სამომავლო ხედვასა და პროგრამებს თემატურად წარადგენს.
„ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ 21 ოქტომბერს, არამედ ყოველდღე არჩევნების შემდეგ, როდესაც ქალაქის ეკონომიკა, სიმწვანე, ურბანული განვითარება და სოციალური პოლიტიკა ახალი ენერგიით შეივსება. თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი, სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის გახსნას კახა კალაძის თანაგუნდელები, მხარდამჭერები, ასევე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.