09 ოქტომბერი, 2016
მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ სიძულვილის დასასრული და სიყვარულზე, ნათელ მომავალზე, აგუგუნებული საქართველოს ნათელ მომავალზე, გაფერადებულ, სიყვარულზე აგებულ ქვეყანაზე დაფუძნებული გამარჯვება, რომელიც ჩვენი ყველა მოქალაქის გამარჯვებაა,-ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას წარმატებით ჩატარებული არჩევნები მიულოცა, რაც ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის დიდ გამარჯვებად შეაფასა.
„ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ჩვენი სახელმწიფოს ეს უდიდესი გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება! ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული, გილოცავთ და გიხდით დიდ მადლობას! დღეს საქართველომ კიდევ ერთხელ გასცა ძალიან მნიშვნელოვან კითხვას პასუხი: არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება? რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დიდი მხარდაჭერა გამოხატა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია,“-აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაური „ქართული ოცნების“ დღვანდელ გამარჯვებას 2012 წლის 1 ოქტომბრის გამოძახილად მიიჩნევს და თითოეული მხარდამჭერის სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის. „დღევანდელი გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯვების, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი როლისთვის საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მინდა ყველა მხარდამჭერს ვთხოვო, მოთმინებით დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლითაც საბოლოოდ გამყარდება „ქართული ოცნების“ ძალიან დიდი უპირატესობით მოგება. საქართველოს მოსახლეობას ვპირდებით , რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აღმშენებლობის მომავალი ოთხი წელი და გაგრძელდება ის დიდი საქმეები, რომლებიც დავიწყეთ,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი შეფასებით, დღევანდელი გამარჯვება აბსოლუტურად ეხმიანება 2012 წლის გამარჯვებას. „გავიხსენოთ, როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში 5 წლის წინ. პატრიარქის სიტყვებით თუ ვიტყვით, უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით. დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია. ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება და გარწმუნებთ, რომ დღეს საუკეთესო გარემოა, რომ ის სწრაფი ტემპებით განვითარდეს. საქართველოს დღეს, იმ გაუგებარი ხელისუფლების ნაცვლად ჰყავს ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება. თქვენ გყავთ კვირიკაშვილი, ნაცვლად იმ დაბნეული, არეული ხალხისა; თქვენ დღეს გყავთ ჭეშმარიტად თქვენი საყვარელი ხელისუფლება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობას ჰყავს გენიალური ლიდერი, რომელიც პატიოსნებისა და ზნეობის განსახიერებაა. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ისინი არ შემცდარან.
„თქვენ ნამდვილად სწორი მიმართულებით მიგყავთ ქვეყანა და დღეს ძალიან ღირსეული არჩევანი გააკეთეთ. თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით და გარწმუნებთ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად სწორი მიმართულებით განვითარდება“, - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და მისი თანამოაზრეების გამარჯვება, არამედ ეს არის იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამოაზრეებო, თანამებრძოლება. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება, ეს არის იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ. მინდა თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რადგან მათ დღეს დააფიქსირეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი, მიიღეს მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან არჩევნებში და შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი აგური დადეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ გვესმის თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და გაძლევთ პირობას, სანამ ჩვენი ცხოვრების ბოლო სანთელი ჩაქრება, ვიქნებით მუდამ ხალხის გვერდით. ვიქნებით მუდამ ჩვენი სამშობლოს გვერდით და ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. როგორც ჩვენ - „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს გვჩვევია - ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! ბიძინა ივანიშვილს გაუმარჯოს! გიორგი კვირიკაშვილს გაუმარჯოს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.