×

09 ოქტომბერი, 2016

პრემიერ-მინისტრის განცხადება

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისთვის და ეს მიზანი მიღწეულია, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და ამომრჩეველს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მინდა, მოვულოცო ყველას - საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა. ყველა შეფასებით ეს იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არჩევნების მონიტორინგისა და აქტიური ჩართულობისთვის. მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დადებითად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. აღსანიშნავია ეუთოს შეფასება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე მიულოცეს საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უზრუნველვყავით დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო და ჩავატარეთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები,“-აღნიშნა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა ეფექტურმა და მიუკერძოებელმა მუშაობამ, მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი. გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების პროცესში მომხდარ შემთხვევებსაც გამოეხმაურა. „მოხდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, თუმცა ასეთი ფაქტების მასშტაბი და რაოდენობა იყო იმდენად მცირე, რომ გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე; ყველა ამ ინციდენტზე ხდება რეაგირება და მიმდინარეობს შემდგომი სამართლებრივი პროცედურები, არიან დაკავებულებიც,“-განაცხადა პრემიერმა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ნდობის გამოცხადებისთვის. მისი თქმით, მართალია, ჯერ არ არის გამოქვეყნებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგი, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა დიდია. „ეს არის უდიდესი მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ქვეყნის მართვას სწორედ ჩვენ გვანდობს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ამავე დროს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი გუნდი, თითოეული ჩვენგანი გაათმაგებული შრომით უპასუხებს. წინასწარი მონაცემებით, ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ სრულიად შეგნებულად ავწიეთ ბარიერი 50 პროცენტამდე, რათა დემოკარტიულობის და ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც იქნება ამომრჩევლების მაღალი აქტივობა და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ,“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, რაც არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან. გიორგი კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის მაღალპროფესიული გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს. „მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და არჩევნების მიმდინარეობისას მაღალპროფესიულად აშუქებდნენ პროცესებს და აწვდიდნენ ამომრჩეველს ობიექტურ ინფორმაციას, აღარაფერს ვამბობ გუშინდელ დღეზე, როდესაც მათ 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს,“-განაცხადა პრემიერმა.