×
×

30 ოქტომბერი, 2016

შეხვედრა ჭიათურის მოსახლეობასთან

ჭიათურა არის 50 ოლქიდან ერთ -ერთი, სადაც ჩვენ გვექნება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან პირველ რიგში ეს სჭირდება ჭიათურას, ეს სჭირდება თითოეულ თქვენგანს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რა პრობლემები აწუხებთ რეგიონში, კერძოდ ჭიათურაში მცხოვრებ ადამიანებს. „ჩვენ 4 წელია, ხელისუფლებაში ვართ და შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა ამ 4 წლის განმავლობაში. შეგვიძლია, გითხრათ დარგების მიხედვით, თუ რა გაკეთდა. მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით - ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მომსახურება არის უფასო. რა თქმა უნდა, მომავალი წლების განმავლობაში ეს პროექტი გაგრძელდება, კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად დაიწყო განხორციელება. დღეს საქართველოში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაავადებული ამ მძიმე სენით, ამის მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი მედიკამენტის ფასი 65 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს, ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა, არანაირი რესურსი არ ქონდათ, რომ მედიკამენტები შეიძინონ. ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, იმკურნალონ. მკურნალობა მათ უჯდებათ ნული თეთრი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებენ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები. დღეს უკვე დაახლოებით 8 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ,-აღნიშნა კახი კალაძემ. მისივე თქმით, 4 წლის თავზე, 2020 წლისთვის პირდება საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს, რომ საქართველოში არ გვეყოლება არც ერთი ადამიანი, ვისაც C ჰეპატიტის პრობლემა ექნება. „ისინი სრულიად ჯანმრთელი, სრულიად ჯანსაღი დაუბრუნდებიან თავიან ოჯახებს და საზოგადოებას“,-აღნიშნა კალაძემ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა განათლების საკითხებზეც. „ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლება. მე მახსოვს, 2012 წელს თქვენთან, ერთად როდესაც ვატარებდი წინასაარჩევნო კამპანიას, თუ რა მდგომარეობა იყო სოფლებში სწორედ განათლების მიმართულებით - ახალგაზრდა ქალბატონები, ახალგაზრდა დედები თვალცრემლიანი მხვდებოდნენ, ახლოვდებოდა სექტემბერი, უნდა დაწყებულიყო სასწავლო წელი და ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ შვილებისთვის სახელმძღვანელოები ეყიდათ, რადგან ამისთვის საჭირო იყო ორასი, სამასი ლარი. თუ ოჯახში ორი, სამი შვილი იყო, ეს კიდევ დამატებითი პრობლემები იყო მათთვის. ვიყოთ გულწრფელები, ოჯახებს უწევდათ საქონლის, პირუტყვის გაყიდვა, რათა თავიანთი შვილებისთვის, თავიანთი პატარებისთვის ეყიდათ სახელმძღვანელოები. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ეს პრობლემა საერთოდ მოვხსენით. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები სრულიად უფასოდ ხვდებათ მერხებზე. ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენთის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს პატარებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება ყოველგვარი პრობლემების გარეშე“,-განაცხადა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ დაიწყო სკოლების და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე ყველა სოფელში, ყველა რაიონში ქალაქში, მთიან რეგიონებში არ იქნება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სკოლები და ბაგა-ბაღები. „ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება. შემთხვევითი არ არის, რომ რაოდენობა პატარებისა ბაგა-ბაღებში ორჯერ, სამჯერ გაიზარდა. რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი, რადგან მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ყოველთვიურად 10-15 ლარი გადაეხადათ და თავიანთი შვილები ბაღებში ეტარებინათ. არ ჰქონდათ შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გახდა უფასო. ზუსტად ამიტომ გაიზარდა რაოდენობა პატარებისა ბაღებში და, რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მოვახერხეთ, რომ სოფლებში, სადაც დასახლებული პუნქტებიდან სკოლები დიდი მანძილით არის დაშორებული ბავშვების მიყვანა სკოლებამდე ხდება ტრანსპორტით. ჩვენ გვახსოვს, როდესაც წვიმაში, ქარში, თოვლში პატარებს, პედაგოგებს უწევდათ ფეხით სიარული. დღეს უკვე ეს პრობლემა მოხსნილია. ესეც გაგრძელდება მომავალში“,-აღნიშნა კალაძემ. ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, პედაგოგობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რაც, შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. „სხვა პროფესიებს არ ვაკნინებ, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პედაგოგობა არის განსაკუთრებული პროფესია. პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ შეხება ჩვენს შვილებთან, ჩვენს მომავალ თაოებებთან. ამ ადამიანების შრომა და ჯაფა შესაბამისად უნდა იყოს დაფასებული. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა. ჩვენ, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტი გახდა უფასო სტუდენტებისთვის, რათა ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და შემდგომში ის გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ“,-განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, როგორც კალაძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში სერიოზული რეფორმები განხორციელდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. მიუხედავად ამ 4 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმებისა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, თქვენს რაიონში, თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვართ და გვახარებს მხოლოდ ის, რაც გავაკეთეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ეს ასე არ არის. ჩვენ გვესმის და ვიცით ყველა პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები, ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მოგვარდეს, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს რეგიონებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არის მოგვარებადი. არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბარიერები, რომლებიც დღეს გვაქვს, გადავლახოთ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ, აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად“,- განაცხადა კახი კალაძემ ჭიათურაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი შეეხო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მხარდამჭერების მოწოდებებს მეორე ტურთან დაკავშირებით. „ ჩვენ ვისმენთ სატელევიზიო სივრცეში მოწოდებებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვება მეორე ტურში იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის და ამას გვეუბნებიან „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მხარდამჭერები. არ მიყვარს გასულ წლებზე საუბარი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ქვეყნის ხელისუფლებაში, მაგრამ ამას ვერ ავუვლით გვერდს. უნდა შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თითოეულ თქვენგანს ახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ადამიანები ჩურჩულის საუბრობდნენ, ოჯახებში მეუღლე მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა ღიად, რადგან იყო შიში, იყო ტერორი, ზეწოლა, სამსახურიდან გამოყრა. ჩვენ ყველაფერი ეს ჩავაბარეთ წარსულს. გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც იძალადებს საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს, დაჩაგრავს საკუთარ მოქალაქეს. შეიძლება შეცდომები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი, ჩვენს გადადგმული ყველა ნაბიჯი განპირობებული იყო ქვეყნის, ხალხის სიყვარულით. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და მამოძრავებელი არის ადამიანი, ადამიანის კეთილდღეობა. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ და ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თავისუფლებას ვერავინ ვერასდროს ვერ შეეხოს“,-აღნიშნა კახი კალაძემ. მისივე თქმით, დღეს მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. „უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა, რომ ჩვენი ქვეყნიდან წასული მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში და მათ შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. ზუსტად ჩვენს მიერ წარმოდგენილი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, არის გარანტია იმისა, რომ პარტია „ქართულ ოცნება“ ამბიციურ გეგმებს აუცილებლად განახორციელებს. ამისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, რადგან ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთად დგომით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ქვეყანაში, რაიონში“,-განაცხადა კალაძემ. პარტიის გენერალურმა მდივანმა მიმართა ჭიათურელ ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ მაჟორიტარობის კანდიდატს სულხან მახათაძეს. „ამ ადამიანთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ თქვენი რაიონისთვის. დღეს ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ, რაიონში საკეთილდღეო საქმეები აკეთონ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთი ადამიანისგან ამის მოსმენა და გაკეთებაც არის შეუძლებელი, თუ არ გიდგას გვერდით გუნდი, რომელსაც „ ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ჭიათურის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, გააკეთებს სწორ არჩევანს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული გუნდი, დაახლოებით 49 % მიიღო პროპორციულ არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ , 23 მაჟორიტარულ ოლქში პირველ ტურში მივაღწიეთ გამარჯვებას, დარჩენილ 50- ში 49 არის ჩვენი კანდიდატი. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ 49-ე ოლქშივე პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების , ჩვენი თანამოაზრეების , თანამებრძოლების გამარჯვება , ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება . დღეს რატომ არის ამხელა იმედი და მხარდაჭერა პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ არასდროს ვიკადრებთ , არასდროს გავაკეთებთ იმას, რომ დავჩაგროთ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქე . ჩვენ არასდროს ვიკადრებთ, ვინმეს ბიზნესი წავართვათ. არასდროს ვიკადრებთ, განსხვავებული აზრის გამო ვიღაცა სამსახურიდან გავაგდოთ, არასდროს ვიკადრებთ, ოჯახები დავაშანტაჟოთ, დავაშინოთ. ეს ჩვენ ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და არასდროს დავაბრუნებთ ქვეყანაში. მე მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ , თითოეულ თქვენგანს მადლობა მოგახსენოთ. მინდა, წარმატებები გისურვოთ, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, ლაღი და წარმატებული. მადლობთ და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ვიზეიმებთ 30 ოქტომბერს გამარჯვებას“,-მიმართა კალაძემ ჭიათურელ ამომრჩევლებს. ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრისას პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად „ქართული ოცნების“ ახალი სახე, გიორგი გახარიაც იმყოფებოდა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში ჭიათურას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა. გიორგი გახარიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატს, სულხან მახათაძეს და იმედი გამოთქვა, რომ ის იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. „ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ჭიათურის წარმომადგენელი პარლამენტში. სულხანის ამოცანა აქ იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკის განვითარება. ყველამ კარგად ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს სამთო მოპოვებას ჭიათურისთვის, დიდი, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ბიზნესს მისდევენ. სულხანმა ეს კარგად იცის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს მიმართულება გარკვეულწილად წესრიგში მოგვეყვანა, მასში დიდი წვლილი მიუძღვის სულხანს. ახლა კი დგება მომენტი, როდესაც ამ მიმართულების სწრაფი განვითარება უნდა მოხდეს“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სულხან მახათაძემ „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა კვლავ წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო რეჟიმში. წინ კიდევ ერთი ბარიერი გვაქვს გადასალახი, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ და ეს უნდა დასრულდეს ჩვენი გამარჯვებით, ჩვენი ქალაქის გამარჯვებით. ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ოთხ წელში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განვახორციელეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მომავალში არამარტო ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზება, არამედ მთელი რიგი საკითხების მოგვარება“,-აღნიშნა სულხან მახათაძემ.