02 ოქტომბერი, 2016
მე ნამდვილად არ მივტირი წარსულს,მაგრამ მენატრება ის საქართველო, სადაც ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთის სიყვარული, სადაც ადამიანები გვერდში ედგნენ ერთმანეთს, ჰაერში იგრძნობოდა ეს სურნელი, სიყვარულის და ერის ერთიანობის და დამერწმუნეთ, ეს შესაძლებელია დღესაც, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მოსახლეობას, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები მამუკა მდინარაძე, ნინო გოგუაძე და ლევან გოგიჩაიშვილი წარუდგინა.
პრემიერმა ერთად დგომის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ამ დაპირისპირებით, ამ სიძულვილით სავსე ეპოქაში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ ამის ძალა და უნარი შეგვწევს და, მხოლოდ და მხოლოდ ამით შევძლებთ ჩვენ, რომ ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და ის დიდება დავიბრუნოთ, რომელსაც ყოველთვის ჩაგვძახოდნენ ბავშვობაში - ოდესღაც თურმე დიდი ყოფილა საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რამდენიმე დღე დარჩა იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე, როცა კიდევ ერთხელ უნდა გაეცეს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვას - არის თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ცალკეული ადამიანი და მისი ღირსება, არის თუ არა ეს უზენაესი ფასეულობა.
"კიდევ ერთხელ გავცეთ ამ შეკითხვას პასუხი, როგორც ეს გავაკეთეთ 2012 წელს. დიდი მადლობა ამ დიდი გმირობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაგარი ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არც ერთ დღეში შენდება და არც ოთხ წელიწადში აშენდება; არც 2012-ში დაწყებულა შენება, არც 2004-ში და არც მანამდე. სახელმწიფოს შენება არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ერთი რამ შეგიძლია ვთქვათ - 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც მანამდე ძალიან ხანგრძლივი, პრინციპული, გმირული შრომის შედეგად, დაიღალა ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის გმირულმა გადაწყვეტილებამ შეცვალა ამინდი ქვეყანაში და მოიტანა ყველაზე მთავარი - აღადგინა თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადავდგით გასული ოთხი წლის განმავლობაში, იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის, ცალკე ერთი ადამიანის სიყვარულიდან გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ფასეულობა და ასე ვაპირებთ ვიაროთ მომავალშიც", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა და მას საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, აღმშენებლობისა და ეკონომიკური აღორძინების გეგმა უწოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან რეალისტური , ნაბიჯ -ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომელიც 4 წლის თავზე, თვისობრივად, ხარისხობრივად, ვიზუალურად სხვა საქართველოს მოიტანს.
"ამისთვის გვინდა ყველა თქვენგანის კიდევ ერთხელ გამოხატული ნება, იმისთვის, რომ საქართველომ იაროს სწორი მიმართულებით და მჯერა, რომ ეს ნება იქნება გამოხატული",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა გასული წლების განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ დღეს მოგვარებულია ჯანდაცვის პრობლემა; სახელმწიფო ყველაზე მეტ რესურსს ხარჯავს სოფლის მეურნეობაში, რაც მოქალაქეების დასაქმების ყველაზე მოკლევადიანი გზაა. მისი თქმით, მთავრობას საინტერესო გეგმები აქვს ადგილობრივი წარმოების და ადგილობრივი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებითაც.
პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოში ნომერ პირველ პრიორიტეტად ცხადდება.
"ჩვენ ზუსტად ვიცით, ის ნაბიჯები რომელსაც გადავდგამთ, რომელიც უკვე გადავდგით , ვერ მოიტანს შედეგს 4 წლის პერსპექტივაში, მაგრამ ეს იქნება ჩვენი ერის მომავალი აღზევების და განვითარებისთვის ჩაყრილი საფუძველი. ეს აუცილებლად ახლა, დღეს უნდა გავაკეთოთ. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა აქ. იმ უბანში, სადაც მეც გავიზარდე, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ მესამოცეში და კომაროვში, სულ აქ გაიარა ჩემმა ბავშობამ და მიხარია რომ ამდენ ადამიანს ვხედავ. მიხარია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ახალი ენერგია, ახალი ძალა, რომელიც გვაქვს, მაგრამ გვჭირდება თქვენგან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთი რამ და უმთავრესი - ჩვენი საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ, უნდა გავაერთიანოთ სიყვარულით, ყველაფერ იმით, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა", - განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პრემიერის შეფასებით, არ არსებობს პოლიტიკური გუნდი.
"თქვენ ყველანი, ჩვენ ყველანი ერთი გუნდის, ერთი საზოგადოების, ერთი ოჯახის, ერთი ფასეულობების ერთგული ადამიანები ვართ და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი კიდევ გაიზრდება. კიდევ მეტი ადამიანი გადმოვა ამ ფასეულობებზე და ჩვენ ყველანი ერთად, ამ სამ ძალიან თავგამოდებულ, თავდადებულ, გულისხმიერ, ძალიან აქტიურ ახალგაზრდასთან ერთად, ავაშენებთ კიდევ უფრო ძლიერ, გაჩირაღდნებულ და აგუგუნებულ საქართველოს. მე მართლა ამაყი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ერთად მომიწევს ბრძოლა, შრომა, იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად გაამართლებენ ყველა თქვენგანის ნდობას", - მიმართა პრემიერმა საბურთალოს მოსახლეობას.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში მოძალადე ხელისუფლებები ვერასდროს დაბრუნდებიან. „ძალიან მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს როცა ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. მე მინდა პირველ რიგში თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა მოგახსენოთ, უღრმესი მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წელს დავიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში,როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ,როგორი ზეწოლა იყო ჩვენს მხარდამჭერებზე, თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი ერთიანობით,ბრძოლით მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით წარსულში ჩაგვებარებინა ეს ყველაფერი. ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი მხარდამჭერებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვიძლევით პირობას, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება, ვერასდროს ვერ დაბრუნდება ის ხელისუფლებები, რომლებიც ძალადობდნენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის დღეს მთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. რეალურად ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი გახლავთ პარტია „ქართული ოცნება“, ვისაც აქვს რეალურად შესაძლებლობები იმისა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა”,-აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა. კახა კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საბურთალოს ამომრჩეველს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. „ მე მინდა ვთხოვო თითოეულ თქვენთაგანს, რომ 8 ოქტომბერს მოვკიდოთ ხელი ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს ,ნათესავებს და საარჩევნო ყუთებთან მისვლით, ჩვენი აზრის დაფიქსირებით მივიღოთ გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს ხვალ ქვეყნის ხელისუფლებაში , ვის უნდა ვანდოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი შვილების მომავალი და მე დარწმუნებული ვარ ეს გადაწყვეტილება იქნება თავისუფლება, თავისუფლების განმტკიცება, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს და დაგარწმუნოთ იმაში, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თქვენი სიმტკიცე , ის ემოციები, რომელიც თითოეულ თქვენთაგანშია , ის ემოციები რომლებიც თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეშია და ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ 8 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვებას , ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვებას, ეს არის სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება რომელიც ჩვენ 2012 წელს დავიწყეთ ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას მოძალადეებს, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რადგან ყველას კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს, და მინდა, რომ ხვალინდელი დღე რომელიც გვითენდება იყოს ყოველთვის ბედნიერი, იყოს ყოველთვის ბედნიერი თითოეული თქვენთაგანისთვის“,-დასძინა