×
×

06 ოქტომბერი, 2016

შეხვედრა ვაკის მოსახლეობასთან

ჩვენ გვინდა ბედნიერი ქვეყანა, ჩვენ გვინდა სიყვარულზე დაფუძნებული ქვეყანა, რომლის აშენებაც, დამერწმუნეთ, ყველა თქვენგანის ჩართულობით, აბსოლუტურად შესაძლებელია,– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ვაკის ამომრჩეველს დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – ზაზა ხუციშვილი და ბიძინა გეგიძე წარუდგინა და მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პრემიერ–მინისტრის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობაა. „ეჭვი არავის შეაქვს ჩვენს გამარჯვებაში , მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც . ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური, შეუქცევადი განვითარება უზრუნველვყოთ და აღარ უნდა ვისაუბროთ წარსულზე. ჩვენ სწორი ფასეულობების ირგვლივ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, დავასრულოთ ღვარძლი, სიძულვილი და სიყვარულის კარი გავხსნათ მომავალი თაობებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ქვეყანა, დავასრულოთ თავქარიანი პოლიტიკოსების ეპოქა და დავიწყოთ სულ ახალი, მომავლის პოლიტიკოსების ეპოქა. აუცილებლად უნდა ვთქვა– გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა საღამოს დებატები და მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამედროვე, სრულიად ახალი ტიპის ლიდერებისგან შემდგარი გუნდი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე საუბრობდნენ . ჩვენ შეგვიძლია პირნათლად ვთქვათ , რომ მთავარი ამოცანა არის ძალიან სწრაფი პროგრესი ქვეყანაში,“–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოში გაიხსნა ქარის პირველი ელექტროსადგური, რომელიც არის ახალი სიტყვა ქართულ ენერგეტიკაში. მან ასევე ისაუბრა ამბროლაურის ახალ აეროდრომზე და მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე. „დღეს დილით ჩვენ გავხსენით ქარის ახალი ელექტროსადგური, პირველი ელექტროსადგური საქართველოში, რომელიც გახლავთ სრულიად ახალი სიტყვა ქართული მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკის განვითარებაში. ასევე დღეს შუადღეს მე პირველად დავჯექი ამბროლაურის ახალ აეროდრომზე. თქვენ ხედავთ თუ რა ტემპში მუშაობს წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა და გპირდებით, რომ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით იმუშავებს არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩვენი მთავარი პირობა, რომ მომავალი ოთხი წლის მანძილზე იქნება არნახული დინამიკა ქვეყანაში. ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალტექნოლოგიური განათლების სისტემა, რომლის მთავარი ღერძი იქნება ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთება გაღვიება და მომავალ თაობებში გადაცემა. ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ შესაძლებელია იყო ყველაზე თანამედროვე და ამავე დროს ყველაზე მეტად უფრთხილდებოდე ტრადიციებს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენს ქვეყანას შეუქმნათ სრულიად ახალი, მოდერნიზებული, ევროპული ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც იქნება არნახული ბიძგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვლით მმართველობის სისტემას. ოთხ წელიწადში ჩვენ გავატარებთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს, შევქმნით სრულიად ახალი ტიპის საპენსიო სისტემას. ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმებს ჩვენი ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის,“– განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კვლავაც ნაკარნახევი იქნება ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით. „მეგობრებო, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო, ის საქართველო, რომელიც ყველა ჩვენგანს გულში ენატრება; ის სამშობლო, რომლის თაობაზეც ბავშვობაში მშობლები და ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ ოდესმე თურმე დიდი ყოფილა საქართველო. ამ დიდ საქართველოს გაუმარჯოს!“– აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, ქვეყანაში მოძალადეები აღარ უნდა დაბრუნდნენ.

კახა კალაძე დაწრმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ხმას მისცემს ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

„მოგესალმებით ჩვენო თანამებრძოლენო, თანამოაზრეებო. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს დღეს აქ მობრძანებისთვის. ფაქტობრივად, მოვიდა 8 ოქტომბერი და მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენთაგანს, მინდა მივმართო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ყველა ერთადდავირაზმოთ, მოვკიდოთ ხელი ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ვანდოთ ხვალ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნება ერთი, ეს არის თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად თქვენი ჩართულობით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობით მოვიპოვეთ ბრძოლით და რაც მთავარია, მშვიდობიანი გზით. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ ძალადობა, ქვეყანაში დაბრუნდნენ მოძალადეები. ეს დრო წარსულს ჩავაბარეთ ყველამ ერთად“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძის თქმითვე, დღეს, რაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე, ძალიან სწრაფად შევამციროთ სოციალურად დაუცველების რაოდენობა ქვეყანაში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისე, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება არის პარტია „ქართული ოცნების” მხარდაჭერა, ჩვენი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერა, იმ გუნდის მხარდაჭერა, რომელიც აქ არის დღეს წარმოდგენილი“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანონ.

„ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ქვეყანაში შევცვალოთ არსებული პოლიტიკური რეალობა, მოვახდინოთ გარდატეხა პოლიტიკურ რეალობაში. თქვენ ალბათ ყველა უყურებთ ტელევიზორს და იმას, რა ხდება, როდესაც მიმდინარეობს დებატები, პოლიტიკური პარტიების შეხვედრები, როგორი შეურაცხყოფა, ჭიქების სროლა, ბოთლების სროლა, ეს ყველაფერი არის კატასტროფა. ეს ყველაფერი არის გუშინდელი დღე მეგობრებო. ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე. საჭიროა უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა და ჩვენ ამას მოვახერხებთ.ამას აუცილებლად შევძლებთ. მე მინდა დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს არის იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის პირველ ოქტომბერს დავიწყეთ. მე მინდა მადლობა გითხრათ იმ მუხტისთვის, იმემოციისთვის, რომელიც თქვენგან მოდის და მე ეს მაძლევს შინაგან რწმენას იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მინდა გისურვოთ ყველას, რომ ხვალინდელი დღე, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი, იყოს წარმატებული და იყოს ლაღი თითოეული თქვენთაგანისთვის“,-დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.