01 ოქტომბერი, 2016
საქართველო არ დაწყებულა დღეს და არც ოთხ წელიწადში დამთავრდება, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს! საქართველო არის ყველაზე დიდი და უზენაესი და ქართველი ადამიანი – საქართველოს მკვიდრი არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა. სწორედ ამ ფასეულობას გავუფრთხილდებით თვალისჩინივით და ამას გპირდებით უპირველეს ყოვლისა,– განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დიდუბის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც დიდუბელ ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები – ზაზა პაპუაშვილი და ილია წულაია წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს 1 ოქტომბრის თარიღი მიულოცა. მისი თქმით, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული გმირული ნაბიჯი გახდა საფუძველი გამარჯვებისა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის ბედი. „ერთი კვირა გვაშორებს ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე: არის თუ არა ჩვენთვის ადამიანის ღირსება უზენაესი? არის თუ არა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ სიყვარულით ვიცხოვროთ და დავასრულოთ სიძულვილი, დაპირისპირება? ეს ყველაფერი 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა მოიტანა და მე გილოცავთ იმ დიდი გამარჯვებიდან 4 წლის იუბილეს! ზუსტად 5 წლის წინ, შემოდგომაზე, ქართველ ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული, მართლაც, გმირული ნაბიჯი გახდა საფუძველი იმ გამარჯვებისა, რომელმაც საქართველოში სრულიად შეცვალა პოლიტიკური ამინდი. დღეს ხედავთ თქვენ როგორია წინასაარჩევნო კამპანია, არავის ვერჩით. აღარ არის ქუჩებში ადამიანების სიკვდილამდე მიყვანა ცემით, აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა და ადამიანებს არ აქვთ შიში, როდესაც დილით სახლიდან გამოდიან. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გადავწყვიტეთ ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიც არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ჯანდაცვა. როგორიც არის სოფლის მეურნეობის განვითარება. დღეს ბევრი ახალგაზრდა უბრუნდება სოფელს და იწყებს საკუთარ საქმეს. სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგად დღეს უზრუნველყოფილია მეტი სტაბილურობა ქვეყანაში,“ – აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ–მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისკენ. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, თითოეული ამომრჩევლის ხმა არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.
„მინდა, კიდევ ერთხელ გთხოვოთ, როგორც პირველ რიგში თქვენმა მეგობარმა, რომ 8 ოქტომბერს ყველა ჩვენგანი მივიდეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება. 8 ოქტომბერს წყდება, თუ რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა. 8 ოქტომბერს წყდება, თუ რა ფასეულობები არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარია თითოეული ადამიანის ღირსება და ის რომ, საქართველოში აღარ იყოს უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანი; ის რომ, საქართველოში არცერთი ბავშვის ცრემლი არ დაიღვაროს; ის რომ , საქართველო კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ქვეყნის დიდი აღმშენებლობის ამბიციური გეგმები გვაქვს, ამიტომ, გვჭირდება თქვენი მანდატი. ჩვენ არ გვჭირდება გაყალბებული არჩევნები, ჩვენ გვჭირდება გულით მოცემული ხმები, ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტი ნდობა იმისათვის, რომ მერე ეს ნდობა მივიტანოთ ღირსეულად 2020 წლამდე და გავამართლოთ,“– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არჩევნების, დემოკრატიული გზით მოვიდა.
კახა კალაძის თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება პირველ ოქტომბერს დაწყებული დემოკრატიული გზის გაგრძელებას ნიშნავს.
„ძალიან მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. პირველი, რაც მინდა გთხოვოთ ყველას, ეს არის ის, რომ 8 ოქტომბერს უნდა გავერთიანდეთ. ყველაფერი უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენთაგანმა იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, ყველას მოვკიდოთ ხელი და მივიყვანოთ საარჩევნო ყუთებთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატება, ჩვენი გამარჯვება. ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“, მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება. პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება 8 ოქტომბრის არჩევნებში ნიშნავს იმ დემოკრატიული გზის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს დავიწყეთ. დღეს სიმბოლურია, რომ ჩვენ ყველა აქ შევიკრიბეთ. დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნების გზით, დემოკრატიული გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვედით ხელისუფლებაში“,-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანოს.
„დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც გარკვეული რევოლუციების მოწყობა უნდათ გარკვეულ ჯგუფებს. მე მინდა დაგამშვიდოთ ყველა, რომ არავის არაფერი არ გამოუვა. ეს დრო ჩაბარდა წარსულს. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება ისევ ძალადობის რეჟიმში გადაიყვანონ. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში დააბრუნონ მოძალადეები, ქვეყანაში დააბრუნონ ის ადამიანები,ვინც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. არასდროს არ დაბრუნდება საქართველოში ის დრო, ის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებზე იძალადებენ. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა.
„ზუსტად პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი ლიდერის, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არის ის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქვეყანაში , ვისაც შეუძლია ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი ერთსულოვნებით, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას თქვენთან ერთად. მთავარია ვიყოთ ერთად, როგორც დღემდე. ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი სიმტკიცით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას . მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ, რომ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, იყოს ბედნიერი თითოეული ჩვენთაგანისთვის“,-დასძინა პარტიის გენერალურმა მდივანმა.