×
×

03 ივლისი, 2017

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა

„კახი კალაძის გამარჯვება იქნება თითოეული თბილისელის იმედების ასრულება- ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე!“-ამ სიტყვებით წარუდგინა თბილისელ ამომრჩეველს პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატი- კახა კალაძე. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კახა კალაძე გაამართლებს თბილისელის იმედს და ის იქნება საქართველოს დედაქალაქის გამორჩეული მერი.

 

„კახი არის არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, არამედ ის ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრია. სადაც იყო კახი კალაძე, იქ ყოველთვის იყო გამარჯვება, იქ ყოველთვის იყო წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც. კახი ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ბოლომდე ერთგულებით. ის არის ენერგიული, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, არის ძალიან კარგი მეოჯახე. მას არასოდეს უღალატია პიროვნული თავისუფლების პრინციპისთვის.კახის ყოველთვის ჰქონდა გამორჩეულად აქტიური სამოქალაქო პოზიცია და ყოველთვის იყო იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე ძალიან სჭირდებოდა. და ყველაზე მთავარი, კახის ყველაზე კარგად ესმის რთულად, შრომით მოპოვებული გამარჯვების ფასი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისი თანამედროვე, საინტერესო მიდგომებით, კახი კალაძე ძალიან მნიშვნელოვნად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას. მინდა, წარმატება ვუსურვო კახის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენს პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს  საფუძვლიანი იმედი ძალიან მყარი გამარჯვების,”-აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

 

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მმართველ პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. კახა კალაძის განმარტებით, სულ მალე თბილისელებს იმ პროექტებს და მიზნებს გააცნობს, რის განხორციელებასაც მომავალში გეგმავს.

 

“ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით-თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას შევძლებთ!  თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი! ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა!”-განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

ღონისძიების დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ სიმბოლურ კედელზე სამახსოვრო წარწერები დატოვეს.