მე ვიცი, რომ ლანჩხუთი გააკეთებს სწორ არჩევანს, გურულებს გამოარჩევს სიბრძნე და მახვილგონიერება. ვინ, თუ არა თქვენ, ძალიან კარგად იცით, განასხვავოთ სიკეთე ბოროტებისგან. მე ვიცი, რომ ლანჩხუთი და გურია მხარს დაუჭერს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.
რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ბატონი ალექსანდრე სარიშვილი წარმატებით და გულით ემსახურება მშობლიურ ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს. ყველა მერი უნდა იყოს ხალხის სამსახურში, უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენ ვართ ხალხის მსახურნი, შესაბამისად, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვაჩვენოთ თავდადების მაგალითი. მხოლოდ ასე, სიყვარულით, ერთგულებით იქნება შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომა. - ირაკლი ღარიბაშვილი
დარწმუნებული ვარ, ის გეგმები, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას გააჩნია, რომელმაც როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში თქვენ უნდა მოგიტანოთ სარგებელი, აუცილებლად საჭიროებს ძლიერ, ადგილობრივ თვითმმართველობის გუნდს-მერს და საკრებულოს, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ისე, როგორც დაგეგმილია, თქვენს სასარგებლოდ და თქვენი კეთილდღეობისთვის.
გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებთ, მხარს დაუჭერთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენ, წლების განმავლობაში გვქონდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ლანჩხუთი განსაკუთრებით გამორჩეულია. ადრე, ასეთი მასშტაბით არ განხორციელებულა არც ერთი პროექტი, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა და ვისურვებდი, კიდევ უფრო გაათმაგდეს ტემპი. - კახა კუჭავა
როდესაც ვიმყოფებით ლანჩხუთში, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გურია გამოირჩევა ნიჭიერი ადამიანებით და საქართველოს ყველაზე ბევრი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერი გურიიდან მოდის. ისინი საერთაშორისო მასშტაბით გურიას უთქვამდნენ სახელს. მაგრამ გურია ასევე გამორჩეულია არა მარტო ადამიანური რესურსით, არამედ ბუნებრივი და ისტორიული ღირებულებებით. ბუნებას როცა ვეხებით იცით, რომ ივლისში განსაკუთრებული ფაქტი მოხდა. ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ადგილი სამეგრელოს, აჭარის ტერიტორიებთან ერთად მსოფლიო რუკაზე აღინიშნება. ეს არის მსოფლიოსთვის საინტერესო ადგილი. კოლხეთის ეროვნული პარკი ამ მუნიციპალიტეტის ნაწილია, ვესაზღვრებით პალიასტომის ტბას და ეს არის ადგილები, რომელიც რუკაზე ისევე გაჩნდება, როგორც ამაზონის ტყე, ბაიკალის ტბა და ბევრი სხვა, რომელიც მსოფლიოს ყველა მოქალაქისთივს, ბუნების მოყვარულისთვის არის ცნობილი. შესაბამისად გურიაც და ლანჩხუთიც მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად იქცა. - ლევან დავითაშვილი
თქვენთან ერთად ჩვენ შევძელით აგვეშენებინა უფრო მეტი სკოლა, სოფლებში გაგვეკეთებინა გაზიფიცირება, გაგვეყვანა წყალი, გაგვეყვანა გზები. მომავალი თაობისთვის აგვეშენებინა ლანჩხუთის ფეხბურთის აკადემია და პროფესიული სასწავლებელი. დავხმარებოდით სოციალურად დაუცველს და ეკომიგრანტს. ჩვენ შევძელით ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, იმაზე ათჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინა ათწლეულების მანძილზე გაკეთდა. ეს საკმარისია ჩვენი განვითარებისთვის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ის მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რასაც გავაკეთებთ. თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები, როდესაც თქვენ ირჩევთ თქვენს წარმომადგენელს. კანდიდატებს, რომლებსაც ჩვენ წარმოგიდგენთ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს პრობლემებზე მომავალშიც აუცილებლად იზრუნებენ. - ნინო წილოსანი
ჩემთვის, გამორჩეულად დიდი პატივია, დღეს აქ ყოფნა, იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქალაქის შვილი, ვსწავლობდი ლანჩხუთის, პირველ საშუალო სკოლაში. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ამ ქალაქმა, ამ ადამიანებმა მომცეს ის შესაძლებლობები, რომლითაც მე დღეს ვამაყობ და ჩვენი ქვეყნისთვის ვცდილობ, გავაკეთო ძალიან ბევრი კარგი რამ. „ქართული ოცნება“ გამორჩეული გუნდია იმ ადამიანების, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, ვინც მუდმივად ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე. ყველასათვის ცნობილია, რომ გურიის განვითარებისთვის ყველაზე მეტი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უნიკალური პარკი შეკვეთილში, უნიკალური შესაძლებლობები მისცა ამ რეგიონს განვითარებისთვის. ვითარდება კურორტი ბახმარო, გომის მთა, ბევრი მიმართულებით იდგმება აქტიური ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრება გახდეს უკეთესი, გაიზარდოს შემოსავლები, გვქონდეს შესაძლებლობა უკეთესი განათლების მიღების, განვითარების ახალი პერსპექტივები გაჩნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ვინც მუდმივად ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე, ძალიან სწორ, ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ, მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთო დიდი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატს და ჩვენ ყველა ერთად, 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, ვიქნებით მომსწრე ძალიან დიდი გამარჯვების. - ხატია წილოსანი
ამ ულამაზეს, ისტორიისა და კულტურის მატარებელ მხარეში გამორჩეული იუმორის მქონე ხალხი ცხოვრობს, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა თავისი შრომისუნარიანობით, თავისი სილაღით, თავისი სიყვარულით თითოეული ადამიანის მიმართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ 4 წლის განმავლობაში გაწეული გვერდში დგომისათვის.
მე აქ დავიბადე და გავიზარდე, ჩემი განვლილი ცხოვრება აქაურობას უკავშირდება. ვინც კი ახლოს მიცნობს ყველამ იცის, რომ ჩემი თვითმიზანი მერობა ან რომელიმე თანამდებობა არასდროს არ ყოფილა. ჩემი მიზანია ვემსახურო ხალხს, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს და მე ამ სიტუაციაში არასდროს არ დავიღლები. აქ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამორჩეული სიყვარულის მქონე ხალხი ცხოვრობს და ეს ხალხი იმსახურებს ძალიან ლამაზ მომავალს და უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას. - ალექსანდრე სარიშვილი