×

27 აგვისტო, 2021

აბაშის მერობის კანდიდატის გიგა გაბელაიას წარდგენა

წელს იქნება თხილის რეკორდული მოსავალი. ვიცი, რომ აბაშაში მიდის ინტენსიური მუშაობა და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამის კონტროლს და მონიტორინგს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აბაშა, გამორჩეულია თავისი ხალხით, თავისი ლეგენდარული პიროვნებებით. მე მინდა აღვნიშნო დიდი კონსტანტინე გამსახურდია, რომლის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ახლა მიმდინარეობს, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო კაცი, მისი სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით და ძალიან მალე დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის აღდგენითი სამუშაოები და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავაფასოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელოვანი ადამიანები, ჩვენთვის საამაყო ქართველები. - ირაკლი ღარიბაშვილი


აბაშას უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხრივ. აქ არის ულამაზესი ისტორიული ადგილები, სახლ-მუზეუმები, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ მოინახულოს, ნახონ სკოლის მოსწავლეებმა.
კონსტანტინე გამსახურდია, დიდი ქართველი, რომელმაც უდიდესი საგანძური დაგვიტოვა თავის შემოქმედების სახით, ამ კუთხიდანაა და მისი სახლ-მუზეუმი ძველ აბაშაშია. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა და სხვა დამატებით შესაძლებლობებიც უნდა შევქმნათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე, უცხოელი სტუმრებისთვის. - კახა კუჭავა


აბაშის მუნიციპალიტეტში გვაქვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომელიც უნდა ავითვისოთ და უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ თითოეულ ჰექტარზე. შესაბამისად, სახელმწიფომ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ თქვენს ინიციატივებს მხარი დაუჭიროს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. 2012 წლიდან სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოვაცხადეთ და ეს არ ყოფილა ფუჭი სიტყვები. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ სოფლის მეურნეობის დაფინანსება, მაგრამ არა სახელმწიფო საწარმოების შექმნის დაფინანსება და თქვენი ინიციატივებისთვის კონკურენციის გაწევა, არამედ, თითოეული ფერმერის კონკრეტული, კერძო ინიციატივის მხარდაჭერა. 50 მლნ-იანი საბანკო პორტფელი, რაც სოფლის მეურნეობის დაფინანსების მთელი ოდენობა იყო 2012 წლისთვის, გავზარდეთ და დღეს ის 2 მლრდ ლარს გადააჭარბებს. სახელმწიფომ ასეულობით მლნ ლარი თანადაფინანსება მოახდინა საპროცენტო განაკვეთის იმისათვის, რომ ეს საკრედიტო რესურსი ყოფილიყო შეღავათიანი, ფაქტობრივად უფასო. - ლევან დავითაშვილი


აბაშა დიდი კულტურის, დიდი ისტორიის, დიდი წარმატების ადგილია და მას სჭირდება საქმის ძლიერი გამგრძელებელი, ისეთი როგორიც არის გიგა გაბელაია. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკურად აბაშას. სოფლის მეურნეობის ის პროგრამები, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა, აუცილებლად გაგრძელდება და ყველა ოჯახში შევა ეკონომიკური სიკეთე იმ წლების განმავლობაში, რაც გიგა იქნება ჩვენი რაიონის ხელმძღვანელი. მადლობას გეტყვით ყველას და დავუჭიროთ მხარი ღირსეულ კანდიდატს. - მიხეილ დუნდუა


მიუხედავად იმისა, თუ სად ვსაქმიანობდი, ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები იყო. გამარჯვების შემთხვევაში, ოქტომბრიდან, ჩემს გუნდთან ერთად, გაათმაგებული ენერგიით განვაგრძობ საქმიანობას ჩვენი აბაშისა და აბაშელების საკეთილდღეოდ!
ჩვენ კარგად გვაქვს გაანალიზებული და გვაქვს რეალისტური გეგმა, რომ აბაშა კიდევ უფრო გალამაზდეს და გამწვანდეს, გაუმჯობესდეს საერთო სოციალური ფონი, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა სახის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას, რაც, პირველ რიგში, სწორედ აქ მცხოვრები ადამიანების ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება. - გიგა გაბელაია