×

19 აგვისტო, 2021

ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენა

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ამ ულამაზეს ადგილას, ერისთავების სასახლის ტერიტორიაზე, რომელიც, ფონდი „ქართუს“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აღდგა და ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამ მართლაც უნიკალურ ადგილას, გვახსენდება კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას და ამ შემთხვევაში, ჩოხატაურს. ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი. ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი. - ირაკლი ღარიბაშვილი

 
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გვეყოლება ძლიერი გუნდი, ძლიერი საკრებულო. მოლოდინი გვაქვს, რომ თითოეულ ჩოხატაურელს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან ამბიციური, ნიჭიერი ადამიანები არიან. მათ ესმით პოლიტიკა, მმართველობა და ვიცი, რომ ეს შესაძლებლობა მიეცემათ იმ ახალგაზრდა გუნდის მეთაურობით, რომელიც წარმოდგენილია თვითმმართველობის არჩევნებზე. - კახა კუჭავა


ჩვენ გვესმის, რომ ეკოტურიზმიდან დიდი ნაწილი იქნება აქ ტურიზმის და აგროტურიზმი. ამ კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ გურიის უნიკალურ ბუნებას გავუფრთხილდეთ და თქვენი ინიციატივით გვაქვს დაწყებული გურიის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება. კონკრეტულად შესწავლა უკვე დასრულების ფაზაშია. რამდენიმე შეხვედრა რეგიონში გაიმართა და ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაწილი შევა გურიის დაცულ ტერიტორიებში, რომელიც ამ უნიკალურ ბუნებას მეტად შეუნარჩუნებს მომავალ თაობას - ერთი და მეორე - შეძლებს გააჩინოს განვითარების ახალი პოტენციალი. სადაც ჩვენ გვაქვს დაცული ტერიტორიები და ჩვენ ვსაუბრობდით წინა გამოსვლისას, ლანჩხუთში, უკვე იქ შეგვიძლია შევქმნათ მიზიდულობის ახალი წერტილები, განვავითაროთ ეკობილიკები, ინფრასტრუქტურა. ამაში ჩვენ მზად ვართ, რომ განვახორციელოთ ინვესტირება, შევქმნათ ადმინისტრაცია, მეტი ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი იმისთვის, რომ მეტი იყოს შემოსავალი ამ მხარეში. - ლევან დავითაშვილი


მე მიწევს რეგიონში სიარული და ვნახულობ გაკეთებულ საქმეებს, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და სოფლის მეურნეობას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაწყებული იმ პროექტების კეთება ახალ მერთან ერთად ჩოხატაურის მომავლისთვის - ვასილ ჩიგოგიძე


მადლობა ჩემი ობოლი მამისთვის, რომელიც თქვენ გაზარდეთ. ხუთი წელი იცხოვრა გურიაში და მთელი ცხოვრება გურიაზე წერდა. თქვენი დამსახურებაა ნოდარ დუმბაძე. ჰოდა, ამიტომ, ძალიან მიჭირს ხოლმე თქვენთან საუბარი და ახლაც, მამას სიტყვებით გავბედავ საუბრის დაწყებას - ადამიანმა, შეიძლება ყველაფერს გაუძლოს, უპურობას, უფულობას, უტანსაცმელობას, უფეხსაცმელობას, მაგრამ ღირსების შელახვას ვერასდროს გაუძლებსო და მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ზღვარზე ვიყავით და ჩვენს ღირსებას ძალიან მწარედ შეეხნენ, სწორედ მაშინ გაჩნდა „ქართული ოცნება“. იმიტომ აღმოვჩნდი მე ამ გუნდში, იმიტომ, რომ ღირსებაშელახულ ცხოვრებას სჯობს საერთოდ არ იყო, ან უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოასწორო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არცერთი ადამიანის ღირსებას უდიერად არ მოეპყრო. - ქეთი დუმბაძე


ჩემი ოჯახი ყოველთვის იდგა ჩოხატაურისა და ჩოხატაურლების სამსახურში, ეს მათი ცხოვრების ყოველდღიურობა იყო. მეც, ჩემი მხრივ, მინდა, ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობად ვაქციო, რა თქმა უნდა თქვენი თანადგომით.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, სწორედ ამ არჩევნებშია გასაღები ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის. „ქართულ ოცნებას“ დიდი რეიტინგი და ნდობა აქვს საზოგადოებაში, ხალხი მას ენდობა იმის გამო, რომ ამ პარტიის უმთავრესი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ღირსება. მე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მივალ თითოეულ სოფელში და თითოეულ ოჯახში, ადგილზე შევისწავლი პრობლემებს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ მთავრობასთან ერთად შევძლებთ, რომ უმოკლეს ვადაში გადავჭრათ ეს პრობლემები. - დავით შარაშიძე